"მეგობრების გადასარჩენად გადახტა და თვითონ დაიხრჩო..." - დავით ლომიძის ტრაგიკული ისტორია
"რა დიდი გულის ბიჭი ყოფილა, სხვების სიცოცხლეს თავისი ანაცვალა...." - ეს ვაჟკაცობაა!
"ზღვას ვევედრებით, დაგვიბრუნოს ჩვენი კეთილი გულის დათო..."
"ქურცუა და ორმოცაძე კი გამოსულან სამშვიდობოს, მაგრამ დათოს ეტყობა, ტალღამ დაარტყა და ჩაითრია."
"მეუღლე და ორი პატარა ბიჭი დარჩა დათოს... თბილი წესიერი, უსიტყვო, ყველასთვის საიმედო და საყვარელი ადამიანი იყო. მხოლოდ მის ოჯახს კი არა, მთლიანად სოფელს დააკლდა..." - ამბობს ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომის რწმუნებული 27 წლის დავით ლომაძეზე, რომელსაც მესამე დღეა მაშველები ურეკის სანაპიროს მიმდებარე ადგილებში ზღვაში ეძებენ.
მაყვალა დარჩია, გამგებელი:
- ოჯახში ვიყავით მისული, არავის ვუსურვებ იმის საცოდაობის ნახვას, რაც იქ ტრიალებს. ჩემს სოფელში გაიზარდა და ვიცოდი, რომ ძალიან კეთილშობილი ბიჭი იყო, მაგრამ ასეთი დიდსულოვანი და გაბედული თუ იქნებოდა, არ მეგონა.
- დედ-მამა ჰყავს?..
- დიახ, ძმაც ჰყავს... დათო და მისი მეგობრები ურეკში, მშენებლობაზე მუშაობდნენ. კეთილსინდისიერი ბიჭი იყო, შრომაში თავს არ ზოგავდა. ობლობაში გაზრდილი გოგონა ჰყავს ცოლად, ცდილობდა, არაფერი მოეკლო და თავს ევლებოდა ცოლ-შვილს. ყველასთვის საყვარელი ოჯახი იყო... იმ დღეს დათო და მისი ორი მეგობარი, ორმოცაძე და ქურცუა ერთად ყოფილან, - შუადღისას როდესაც შეუსვენიათ, ქურცუას და ორმოცაძეს უთქვამთ, წყალს გადავივლებთო და ზღვაში ჩასულა. სანაპირო ზოლში ძალიან ბევრი "ჭაა" და იქ ბანაობდნენ თურმე, ქურცუას რომ დაუყვირია, მიშველეთ, ვიხრჩობიო, - ჯერ თოკი გადაუგდია დათოს ამოსაყვანად, მერე კი პირდაპირ ტანსაცმლით გადამხტარა... შემდეგ რა მოხდა, არავინ იცის... ქურცუა და ორმოცაძე კი გამოსულან სამშვიდობოს, მაგრამ დათოს ეტყობა, ტალღამ დაარტყა და ჩაითრია.
- ცურვა არ იცოდა?..
- არცერთმა არ იცოდა, მაგრამ სანაპიროზე წყალი დაბალია და ამ იმედით შევიდნენ...
თენგო მუმლაძე, დავით ლომიძის ნათესავი:
- მეგობრები გადაარჩინა და თავად ვერ გადარჩა. მესამე დღეა, მაშველებს შევყურებთ ხელებში და ზღვას ვევედრებით, - დაგვიბრუნოს ჩვენი კეთილი გულის დათო... მისი მშობლების საცოდობის ყურებას, აქ ყოფნა და მისი ძებნა გვირჩევნია. მეუღლის, სალომეს საცოდაობით აღარ ვართ. შეჰხაროდნენ თავიანთ პატარა ოთარიკოს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჩემს თვალწინ არის გაზრდილი, მაგრამ მაინც გაოცებული ვარ, - რა დიდი გულის ბიჭი ყოფილა, სხვების სიცოცხლეს თავისი ანაცვალა. ვაჟკაცობა ჰქვია ამას, შვილო, ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, ტანზეც არ გაუხდია, ისე გადაეშვა მეგობრების გადასარჩენად. მით უმეტეს, რომ ღელავდა ზღვა და ამინდს ცუდი პირი უჩანდა თურმე...
- ის ბიჭები თავს როგორ გრძნობენ?..
- კი გადარჩნენ, მაგრამ ვიცი, რომ ცუდად არიან. მე იმათ არ ვიცნობ, მაგრამ ბიჭებმა მითხრეს, არავის ეკონტაქტებიანო.
ჩვენ გადარჩენილ ბიჭებთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მათი მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, მათთან საუბარი შეუძლებელი აღმოჩნდა...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)