"მივუტრიალდი მიშველაძეს და ვუთხარი, ნაძირალა ხარ-მეთქი.." – გივი VS რეზო მიშველაძე, არენა: მწერალთა კავშირი
"გივი არის განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფი კაცი, რომელსაც ხელი მოეცარა ცეკვაში, შემდეგ მსახიობობაში და დაიწყო მწერლობა..."
"ცხვირი უნდა ამომენაყა, ამ მართლა ნაძირალასთვის"
"რაღაცას რომ მასხარაობენ, იქ ჩასვამენ ხოლმე შუაში და იძახიან აი, "თბილისის კოლორიტი" გვეწვიაო"
"გივი სიხარულიძე შემთხვევითი კაცია, განდიდებიის მანიით შეპყრობილი და ყველაფერ ამას დამატებული, საშინლად უზრდელი... გამოვიდა მწერალთა კავშირში და თქვა, რეზო მიშველაძემ დაიმონა საქართველოს მწერალთა კავშირი, დააბეჩავა, ყველა მას ემორჩილება და მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად ნაძირალა არისო... მე მას გავუღიმე და ტაში დავუკარი, არადა ეკუთვნოდა, რომ იქვე ცხვირი ამომენაყა, ამ მართლა ნაძირალასთვის"... ამბობს – რეზო მიშველაძე...
ცნობილი გახდა რომ მათ მწერალთა კავშირში მათ კონფლიქტი ჰქოდათ და მწვავედ დაპირისპირებულ მწერლებს თავად გავესაუბრეთ...
გივი სიხარულიძე:
- აშკარაა, რომ მასხრად იგდებენ მწერლებს. მკვდრებად თვლიან, ამასხარავებენ და ამიტომაც ჩაატარეს ძველებური, კომუნისტური არჩევნები. მე მივმართე მწერლებს, ხომ ხედავთ, როგორ ხართ აგდებული, მკვდრებად გთვლიან-მეთქი. ცხვრებად გვთვლიან და ვიდრე ასე ცხვრებად ვიქნებით, არაფერი არ შეიცვლება-მეთქი. შემდეგ მივუტრიალდი რეზო მიშველაძეს და ვუთხარი, შენ ნაძირალა ხარ-მეთქი... ეგ იყო და ეგ. მეორე დღესვე დავწერე განცხადება, რომ კავშირში, სადაც რეზო მიშველაძე და ეგეთები არიან, მე არ მინდა ყოფნა-მეთქი და წამოვედი.
- მაინცდამაინც რეზო მიშველაძეს რას ერჩოდით?
- იმიტომ რომ ეგ არის ყველაფრის თავი და თავი! მთელ კომედიებს ეგ დგამს!... რაღა დროს მწერალთა კავშირია?! მოძველებულია ეს ყველაფერი. კავშირი კი არა, ეს არის რაღაც ჩახავსებული იდიოტიზმი. მწერალთა კავშირმა დიდი ხანია დაკარგა თავის ფუნქცია და წყალწაღებულია დღეს. ჩემს თვალში ნულია, მიუხედავად იმისა, რომ კავშირში ზოგიერთი ძალიან კარგი და ღირსეული პიროვნებაა...
რეზო მიშველაძე:
- გივი სიხარულიძე გახლავთ თვითმარქვია მწერალი. ლიტერატურასთან მას არავითარი საერთო არ აქვს. ორი წელი დამსდევდა, ჩემს ნოველებზე წინასიტყვაობა დამიწერეო. ძალიან სუსტი ნოველები იყო, იმიტომ რომ გივი სიხარულიძე არის განდიდების მანიით შეპყრობილი ავადმყოფი კაცი, რომელსაც ხელი მოეცარა ცეკვაში, შემდეგ მსახიობობაში და შემდეგ დაიწყო მწერლობა... მთელ საქართველოში ავრცელებდა ხმებს, რომ რეზო მიშველაძემ გამომიყვანა მწერლობაში, რეზო მიშველაძე არის ჩემი მასწავლებელი ლიტერატურაშიო და ასე შემდეგ... მან თავის თავს დაარქვა "თბილისის კოლორიტი". კოლორიტს იცით, როდის ეძახიან თავის თავს? - როცა ერთი სპეციალობაც არ გააჩნიათ, არც მწერლები არიან, არც კომპოზიტორები, არც მოცეკვავეები, არც მსახიობები და მერე თავის თავს კრებით სახელს –კოლორიტს უწოდებენ... ეს არის სრულიად შემთხვევითი კაცი, განდიდების მანიით შეპყრობილი და ყველაფერ ამას დამატებული, საშინლად უზრდელი... გამოვიდა მწერალთა კავშირში და თქვა, რეზო მიშველაძემ დაიმონა საქართველოს მწერალთა კავშირი, დააბეჩავა, ყველა მას ემორჩილება და მე მიმაჩნია, რომ ის ნამდვილად ნაძირალა არისო. მე მას გავუღიმე და ტაში დავუკარი, როცა ეკუთვნოდა, რომ იქვე ცხვირი ამომენაყა, ამ მართლა ნაძირალასთვის... მან და მისმა ამფსონებმა დატოვეს ყრილობა. ზოგმა კენჭი იყარა, ზოგი დარჩა, არ გაჰყვა გივი სიხარულიძს დემარშს. მე დამევალა თავჯდომარეობა და ოთხ კაცს თავჯდომარის მოადგილეობა... ამან გააღიზიანა, გააბრაზა და გაამწარა გივი სიხარულიძე. ახლა ის თავს მწერლად ვეღარ გამოაცხადებს, მიუხედავად იმისა რომ უსინდისოდ ტრაბახობს, ჩემი წიგნები ფრანგულად და გერმანულად ითარგმნაო. არაფერიც არ თარგმნილა. თვითონ ჰყავს ვიღაც მეგობრები და ათარგმნინებს. ეს არის თვითმარქვია ლიტერატორი, ოფიციალურად გეუბნებით! მოცეკვავეები თვლიან, რომ სუსტი მოცეკვავე იყო და ამიტომ თავი დაანებებინეს, ასევე ყველა ხელოვნების სფეროში, სადაც კი ფეხი ჩადგა, ხელი მოეცარა... ახლა დადის უსინდისოდ და იუბილეებს იწყობს. ერთადერთი სადაც გასავალი აქვს, არის შოუები. რაღაცას რომ მასხარაობენ, იქ ჩასვამენ ხოლმე შუაში და იძახიან აი, "თბილისის კოლორიტი" გვეწვიაო. ეს მოაღებს პირს და –ჰა-ჰა-ჰა–ჰა -ს იძახის... მე თავსაც კი არ შევადრი, თავსაც კი არ გავუყადრებ ამ საქართველოს მნიშვნელობის ტაკიმასხარას.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)