"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" -რამ შეიწირა #19 ავტობუსის მძღოლი
"იმ ბიჭს კონტროლიორიც სთხოვდა, ფეხები ჩამოიღე, მაგ ადგილზე პურს ვაწყობთ და ვჭამთ ხოლმეო, მაგრამ იმან ფეხები არაფრით არ ჩამოიღო, თან ყვიროდა, სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო"
"მძღოლს ლანძღავდნენ, ის კი ითმენდა და ცდილობდა, ბოლო გაჩერებაზე მშვიდობიანად მივეყვანეთ. ავტობუსი რომ დაიცალა, ის ბიჭი ყველაზე ბოლოს ჩამოვიდა. მძღოლმა დაუძახა, ახლა მითხარი, რა გინდოდაო. ის კი მოუტრიალდა და ხელი გაარტყა."
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე არც თუ მდიდარი ფენა მგზავრობის მაღალი ფასებისა და მგზავრობის აუტანელი პირობების გამო ჯავრს ძალზე ხშირად მძღოლებსა და კონტროლიორებზე იყრის. # 19 ავტობუსის მგზავრებმა არაფერი გააკეთეს, რომ მძღოლის მიმართ ერთ-ერთი მგზავრის მიერ გამოვლენილი იმ აგრესიისთვის შეეშალათ ხელი, რამაც მძღოლის გარდაცვალება გამოიწვია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისინიც შემზარავი მკვლელობის პასიური მონაწილენი გახდნენ, - ადამიანი, რომელიც დილის ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე საჭეს უზის და მათ ემსახურება, ერთ-ერთმა მგზავრმა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხელის ერთი დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. არადა ვალერი ესვანჯია მხოლოდ 45 წლის იყო და ერთადერთი შვილი ფეხზე ჰყავდა დასაყენებელი.
ვარკეთილში, # 19 ავტობუსში ასულმა 27 წლის გ. მ-მ ავტობუსში დასაჯდომი ვერ გამონახა და მძღოლის კაბინის გვერდით დამონტაჟებულ თავისუფალ სკამს მიაშურა. როგორც წესი, მგზავრები ამ სკამით პიკის საათებშიც კი ვერ სარგებლობენ, - ტრადიციულად მძღოლები სკამის საზურგეს აძრობენ და ინახავენ, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ უფლება არ აქვთ სატრანსპორტო სპეციაისტების ადგილი სხვას დაუთმონ. გ. მ. ამ არგუმენტმა ვერ დააკმაყოფილა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მძღოლს სკამის საზურგე მისთვის გადაეცა, რათა დამჯდარიყო. ამის შემდეგ მძღოლმა სიტუააციიც განმუხტვა არჩია და მას სკამის საზურგე გადასცა, რის შედეგადაც გ. მ სკამზე მოთავსდა, ხოლო ფეხები მძღოლის გვერდით მდებარე მოტორზე შემოაწყო. რის გამოც ამჯერად ვალერი ესვანჯიამ მოსთხოვა კატეგორიულად, ფეხები დაბლა ჩამოეწყო. გ.მ-მ ეს არ გააკეთა და ლანძღვა-გინება განაგრძო. მძღოლი ცდილობდა, პასუხი არ დაებრუნებინა. თუმცა ჩანდა, რომ თავშეკავება უჭირდა და ნერვიულობდა.
ლელა შ, თვითმხილველი:
- ავტობუსს პირველივე გაჩერებიდანვე მოვყვებოდი, ეს ადამიანი, რომელმაც უდანაშაულო მძღოლი ჩვენ თვალწინ მოკლა, მთელი მგზავრობის მანძილზე იმდენად აუტანლად იქცეოდა, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე, მძღოლს მოთმინების ძაფი გაუწყდება, რამეს დავეჯახებით და დავიხოცებით-მეთქი. იმ ბიჭს კონტროლიორიც სთხოვდა, ფეხები ჩამოიღე, მაგ ადგილზე პურს ვაწყობთ და ვჭამთ ხოლმეო, მაგრამ იმან ფეხები არაფრით არ ჩამოიღო, თან ყვიროდა, სადაც გინდა იქ მიჩივლეთო. მინდოდა იმ ბიჭისთვს ხელი მომეკიდებინა და დაბლა ჩამებრძანებინა და ვუთხარი კიდეც, რა დღეში ხარ, სადმე გადავიჩეხებით-მეთქი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ჩემ გარდა ერთ-ორმა ქლმა ამოიღო ხმა და ამით დამთავრდა ყველაფერი, კაცები ჩუმად იჯდნენ. ამის მრცხვენია და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა.
- ბოლო გაჩერებაზე რა მოხდა, კამათი იქაც გაგრძელდა?
-ეს კამათი რომ არ გაგრძელებულიყო, არ შეიძლებოდა, მძღოლს ლანძღავდნენ, ის კი ითმენდა და ცდილობდა, ბოლო გაჩერებაზე მშვიდობიანად მივეყვანეთ. ავტობუსი რომ დაიცალა, ის ბიჭი ყველაზე ბოლოს ჩამოვიდა. მძღოლმა დაუძახა, ახლა მითხარი რა გინდოდაო. ის კი მოუტრიალდა და ხელი გაარტყა. მძღოლი ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო, მაგრამ ეტყობა სიცხისა და ნერვიულობისაგან ისე იყო განადგურებული, რომ მთელი ტანით გადავარდა უკან. ასფალტზე ისე საშინლად დაარტყა თავი,, რომ ამ ხმამ მუხლები მომკვეთ. ისე ცუდად გავხდი ახლოს ვეღარ მივედი. მაგრამ ხალხი მიცვივდა და ვიღაცამ იკივლა მოკვდაო...ის ნაძირალა ბიჭი კი ადამიანი როგორც კი მოკლა, გააიქცა. კონტროლიორი მისდევდა, მაგრამ ვერ დაეწია.
კოტე.მძღოლი:
- ვაჟკაცი კაცი წამში გაათავა ვიღაც ნაძირალამ. ამხელა კაცი 2 საათი მზის გულზე ეგდო. იმის საშუალებაც არ გვქონდა, ჩრდილში მიგვეწია, პილიციამ, - ხელის ხლება არ შეიძლებაო.ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, როცა მძღოლს მგზავრი კლავს. კოლმეურნეობის მოედანზე მძღოლს მგზავრმა წიხლი ისეთ ადგილას ამოარტყა, რომ ადგილზევე გაათავა. მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა. დღე არ გავა, მგზავრები სამ-ოთხჯერ რომ არ წაგვეჩხუბონ. ხალხს ოჯახში ან სამსახურში უსიამოვნება რომ მოსდის, ჩვენზე იყრის ჯავრს. ჩვენ რა ვინ რას გვკითხავს? თუ გაჩერებაზე დიდხანს დგანან, ეგ მთავრობას მოჰკითხონ, უვარგისი ავტობუსებ გვყავს და ყოველ წუთში გამოდის მწყობრიდან. ზაფხულში ჩვენც ხალხთან ერთად ვიხრჩობით, ავტობუსებში კონდიციონერები რომ არ გვაქვს, მაგრამ ამის გულისთვის მგზავრებს ხომ არ ვხოცავთ? არადა, ამ პაპანაქებაში უჰაერობისაგან ცუდად გამხდარი ხალხი ჩვენ დაგვეტაკება ხოლმე, გეგონება ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნიდეს, - დღე-ღამეში 16 საათი საჭეთან ვზივართ.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)