"რძლის გადასარჩენად ჩავიდა წყალში და ორივე დაიხრჩო" - შემზარავი ტრაგედია სენაკში
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ამავე სოფლის მცხოვრები ორი ქალბატონი მდინარე მდინარე ტეხურში ბანაობისას დაიხრჩვნენ. რიტა მიგინეიშვილი და თეონა ბუკია ერთი ოჯახის რძლები იყვნენ.
როგორც ჩვენთან საუბარში სოფლის რწმუნებული, ნუკრი ჯანჯღავა ჰყვება, ერთი რძალი მდინარეში მეორის გადასარჩენად ჩავიდა, ისინი დინებამ ჩაითრია. ადგილზე მისულმა სენაკის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, მათი გადარჩენა ვერ შეძლეს...
ნუკრი ჯანჯღავა:
- ერთ ეზოში ცხოვრობდნენ ეს ქალბატონები, ძმების მეუღლეები იყვნენ, გვარად სახოკიები არიან ის ბიჭები. ცალ-ცალკე იყვნენ გასულნი საცხოვრებლად, მაგრამ მაინც სულ ერთად იყვნენ, ღობეც კი არ ჰყოფდათ. რიტა მიგინეშვილი, 36 წლის იყო, 6 წლის შვილი დარჩა, მეორე, თეონა ბუკია, ახალი რძალია, 19 წლის იყო. 3 თვის ფეხმძიმე ყოფილა, საცოდავი...
- როგორ მოხდა ტრაგედია?..
- მდინარე ტეხურაზე გასაგრილებლად წასულან. რიტას, უფროს რძალს, შვილმა სთხოვა თურმე მდინარეზე წავიდეთო. იმ ადგილას, სადაც საბანაოდ ჩასულან, მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ძალიან ჩქარი დინებაა და ცივია... თეონას დედაც ახლდათ თურმე. ბავშვი საჭყუმპალაოდ ჩასულა. ქალბატონებიც იქვე ყოფილან. პატარას ფეხზე ხავსი გამოედო თურმე, წაბორძიკებულა და წყალში ჩავარდნილა. დედა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯზე იდგა, რა თქმა უნდა, შვილს დასახმარებლად მივარდა თურმე. ბავშვი სამშვიდობოს ამოუყვანია, მაგრამ თავად წაბორძიკებულა. ეტყობა, ქვებზე წაბორძიკდა და წაქცეულა საცოდავი... ეტყობა, გამოსვლა გაუჭირდა, რადგან ძლიერი დინებაა და თეონა ჩასულა, მოგეშველებიო. იმ ადგილას კი მუხლებამდეა წყალი, მაგრამ ცოტა ქვემოთ, დაახლოებით, 100 მეტრში, უკვე ღრმა არის, ეტყობა, ჩაითრია და ვეღარ ამოვიდნენ თურმე... ამ ყველაფერს თეონას დედა შეესწრო თურმე, რომელიც ბავშვს აკავებდა, რადგან ისიც ცდილობდა თურმე წყალში ჩაცვენილი ქალების დახმარებას. შორიახლოს მეზობელი თენგიზ ჯანღავა თევზაობდა და იმას გაუგია კივილი, კი ჩავარდნილა წყალში, მაგრამ უკვე გვიანი ყოფილა...
იქვე მეზობლები ყვებოდნენ, ახლაც ყურებში გვიდგას, შიშისგან ლამის ჭკუიდან გადასული ქალისა და ბავშვის კივილიო. მის ტირილზე მოვარდნილან ახლო-მახლოს მყოფნი და სამაშველო სამსახური გამოუძახიათ, მაგრამ რას უშველიდნენ...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)