"შეყვარებულის გამო თავს არ მოიკლავდა" - 16 წლის საქართველოს ჩემპიონმა თავი ჩამოიხრჩო
"გოგლიკოს მავთულით იყო ჩამომხრჩვალი, თანაც ეს მავთული იმდენჯერ იყო გაკვანძული, ვერაფრით ხსნიდნენ" - შემზარავი ტრაგედია მუხიანში
"ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო"
"მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო…"
სუიციდის ახალგაზრდა მსხვერპლთა რიცხვს 16 წლის გოგლიკო ბარბაქაძე მიემატა, - საქართველოს ორგზის ჩემპიონი კარატეში. ამ შედეგს მან მწვრთნელის დახმარებით მიაღწია. 29 წლის თემო კვირაია 16 წლის გოგლიკოსთვის არა მხოლოდ მწვრთნელი იყო, არამედ მეგობარიც. რამდენიმე დღის წინ, ღამის პირველ საათსა და ათ წუთზე მწვრთნელმა გოგლიკოსაგან ასეთი მესიჯი მიიღო. "ძალიან ცუდი რაღაც გავიფიქრე და უნდა შევასრულო. ჩემთან რომ მოხვალ, ყველაფერი უკვე გვიან იქნება. ხალხს უთხარით, არ დამივიწყონ".
თემო კვირაია:
"ის იყო დაძინებას ვაპირებდი, მესიჯი რომ მივიღე. მაშინვე რაღაც დამემართა, გულმა ისეთი საშინელება მიგრძნო, რომ კინაღამ გავგიჟდი. დედაჩემს ვუთხარი, ჩაიცვი და წამყევი, რაღაც უბედურება ხდება-მეთქი; კიდევ ერთ ბავშვს, გოგლიკოს მეგობარს დავურეკე და გიჟივით გავვარდი… 22 წელია ტაეკვანდოში ვარ. გოგლიკო 10 წლის იყო, რომ მომიყვანეს და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია. ძალიან ნიჭიერი იყო და ბევრს მიაღწევდა. ამიტომ ვცდილობდი ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა; ვცდილობდი, ყურადღება იმაზე გადაეტანა, რაშიც წინ წავიდოდა. უფროსი ძმასავით მენდობოდა და ყველაფერს მიყვებოდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რაიმე ცუდი შეიძლებოდა შემთხვევოდა. ვიზუალურადაც ძალიან კარგი შესახედაობის იყო და ფიზიკურადაც ძლიერი. თავის თავში ისეთი დარწმუნებული იყო, ორჯერ რომ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ამბობდა, - აი, ნახავ, მსოფლიოს ჩემპიონიც გავხდებიო. ამ დღეებში ქობულეთში უნდა წავსულიყავით 10-დღიან ვარჯიშებზე და ადგილს ვერ პოულობდა, როდის წავალთო! მართალია, დედა არ ჰყავდა, - სამი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა, გოგლიკო და კიდევ მისი პატრა ორი ძმა ობლები დარჩნენ, მაგრამ ბავშვებს ოჯახში არაფერს აკლებდნენ. ბებია-ბაბუა, ბიძა, ბიცოლა და მამა ყველაფერს უკეთებდნენ, რისი გაკეთებაც ბავშვისთვის შეიძლება, რომ გზაზე დაეყენებინათ. მამამისმა მეორე ცოლიც კი არ მოიყვანა, შვილები დამეჩაგრებიანო… არ ვიცი, რა მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რომ ასეთი რამ გააკეთა, შოკირებული ვარ… სხვა ბავშვებიც შოკირებულები არიან; მწერენ მესიჯებს, - ღამეები აღარ გვძინავს, გოგლიკო გვიდგას თვალწინო...
- იქნებ გოგლიკო უიმედოდ შეყვარებული იყო. ეს მის ასაკში ტრაგედიად აღიქმება...
- არა მგონია. ბოლოს რომ მოსწონდა, იმ გოგონას რომ დაშორდა, მომიყვა; ერთად განვიხილეთ ეს საკითხი და მივხვდი, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ამ ასაკში ხდება ხოლმე. ის ამისთვის თავს არ მოიკლავდა… თავიც დავიდანაშაულე, - კიდევ უდრო სწრაფად რომ მივსულიყავი, იქნებ ცოცხალისთვის მიმესწრო, ამ დროს წამები წყვეტს ყველაფერს -მეთქი, მაგრამ უფრო სწრაფად მისვლა არ შეიძლებოდა, მესიჯის წაკითხვისთანავე გამოვვარდი, გზასი გოგლიკოს მეგობარს დავურეკე, რომელსაც ეძინა და მამამისმა გააღვიძა. მან მითხრა, - ალბათ გაგეხუმრა, გოგლიკო თავს რატომ მოიკლავდაო. გოგლიკოს სახლში რომ მივედით, ყველანი სახლში იყვნენ, - გოგლიკოს ძმებიც, მამამისიც, ბაბუაც, ბებიაც, ბიძა და ბიცოლაც. კარი ბაბუამისმა გამიღო, - გოგლიკოს მეორე სართულზე ძინავსო, ვთხოვე, - რაღაც საქმე მაქვს, გააღვიძეთ-მეთქი. ბაბუამისი გოგლიკას ოთახში შევიდა და იღრიალა. რომ ავვარდით, ისეთი სურათი დამხვდა, ჩემს ცხოვრებაში თვალებიდან არ ამომივა, მეორე მოსწავლე, რომელიც თან წავიყვანე, შოკიდან ვერ გამოდის, - გოგლიკოს მავთულით ჰქონდა თავი ჩამომხრჩვალი, თანაც ეს მავთული იმდენჯერ იყო გაკვანძული, ვერაფრით ხსნიდნენ. მიცვალებულთან პირველად ვიყავი, მაგრამ გამწარებულმა ყველაფერი დავივიწყე და დასისხლიანებული თითებით ვხსნიდი, ვერაფრით გავხსენი, მერე ბაბუამისმა თქვა, ამ მავთულით ვაზი გვაქვს ტალავერზე, ეტყობა, იქ მოჭრა და ოთახში შეიტანაო…
- ენითაუწერელი ტრაგედიაა…
- ჰო, არ ვიცი, რა ვუშველო ან თავს, ან გოგლიკოს მეგობრებს, ან მის ოჯახს. გოგლიკოს მამა გიჟს ჰგავს… მეც შვილი მყავს და აღარ ვიცი, რით უნდა დავიცვა ის, გოგლიკოს არც სპორტით დატვირთვა აკლდა, არც ოჯახის ყურდღება და არც მეგობრების სიყვარული…
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)