"ამ საბედისწერო ლაშქრობის ფული ბაბუას თხოვა - ბაბუ, ჯვარზე მინდა ასვლაო"
მაშველებმა საირმეში დაკარგული 20 წლის ცოტნე ჭანტურია გარდაცვლილი იპოვნეს. სამაშველო ჯგუფმა გარდაცვლილის ცხედარი ხევში გადაჩეხილი აღმოაჩინა.
როგორც ცოტნეს ერთ-ერთი მეგობარი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცოტნეს ლაშქრობა ძალიან უყვარდა და საირმის ტყეში უკვე მეოთხედ იყო ასული...
- ცოტნეს ბავშვობიდან ვიცნობდი. უბნელები ვართ. 31 საჯარო სკოლაში ვსწავლობდით... ძალიან კომუნიკაბელური, თავისუფალი და გახსნილი იყო. მღეროდა, უკრავდა, ცეკვავდა. ლაშქრობებზე სიარული სკოლის ასაკიდან უყვარდა და დადიოდა კიდეც. საირმეში, სადაც ბოლოს დაიკარგა, რამდენჯერმე იყო ასული. ჯვარზე მოსალოცად ადიოდა. დედამისმა თქვა, ორ-სამჯერ იყო ასული იქ, ბუნებაში ყოფნა ყველაფერზე მეტად უყვარდაო. მისივე თქმით, სიძნელეების გადალახვაც ძალიან უყვარდა და არანაირ დაბრკოლებას არ უშინდებოდა... ბოლო, საბედისწერო ლაშქრობაზე წასასვლელი ფული ბაბუასთვის უთხოვია, - ბაბუ, ჯვრის მოსალოცად მინდა ასვლაო. მანაც უარი ვერ უთხრა, - ვინ იფიქრებდა, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დასრულდებოდა...
- რამდენდღიან ლაშქრობაზე იყო წასული?
- ხუთდღიანზე... ოთხი დღე მშვიდობით იარეს თურმე. წამსვლელთა შორის რამდენიმეს იცნობდა, დანარჩენი გზაში გაუცვნია. უთქვამს, - მე აქაურობა კარგად ვიცი, წინ წავალ და იქიდან გიკარნახებთ, როგორი გზით იაროთო. მართლაც ასე მოქცეულა. 10-15 წუთის განმავლობაში ეძახდა თურმე, ამ გზით წამოდით, იქ ფრთხილად იარეთ, გადასავარდნიაო... მათ შორის დაშორების მანძილი 100 მეტრამდე იქნებოდა. შემდეგ კი, უცებ ხმა დაიკარგა და ვიფიქრეთ, შორს წავიდა უკვე და ჯვარზე უნდა დაგვხვდესო. მას ხომ მთაში სიარულის გამოცდილება ჰქონდა... ჯვარზე მისულებს იქ რომ არ დაგვხვდა, ვეძახეთ, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდა, იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე დავბრუნდით და საირმის ადმინისტრაციას შევატყობინეთ, - ბიჭი დაიკარგაო...
- მობილური არ ჰქონდა თან?
- არა, მობილურები ერთ ჩანთაში გვქონდა ჩადებული, ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა ზურგჩანთაში... მთელი ღამე ეძება სამაშველო სამსახურმა, ყველა ის ადგილი მოიარა, სადაც შესაძლო იყო, ცოცხალს შეეფარებინა თავი. მეორე დღეს უკვე ცხედარს ეძებდნენ, თუმცა, ჩვენ, მეგობრებსა და ოჯახს მაინც იმედი გვქონდა, რომ თავისი გამოცდილება გადაარჩენდა. მეოთხე დღეს, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა იპოვა ცოტნეს დამტვრეული და დასახიჩრებული ცხედარი.
- ანუ სავარაუდოდ, ხევში გადავარდა?
- დიახ, მაგრამ არ იციან, ხმა რომ გაწყდა, მაშინ გადაიჩეხა თუ შემდეგ აერია გზა. შეიძლება, რამდენიმე საათი ცოცხალი იყო და ამოსვლას ცდილობდა... სანამ ცხედარს იპოვიდნენ, მშობლებს მაინც ჰქონდათ იმედი და ლამის ყოველდღე მივდიოდით მათთან. ახლა კი, ისეთ საცოდავ დღეში არიან, გული მოგიკვდება. ბაბუამისი ცოცხალ-მკვდარი იყო.
- და-ძმა ჰყავს?
- კი, დაც ჰყავს და ძმაც. მასზე უმცროსები არიან... ცოტნემ რამდენიმე დღის წინ აიღო მართვის მოწმობა და ძალიან უხაროდა. საერთოდ, სულ სიახლეების ძიებაში იყო. ძალიან კეთილი ადამიანი იყო, ამას წინათ, ქუჩაში უპოვარი უნახავს, რომელსაც ქუდში სულ რამდენიმე თეთრი ეყარა თურმე. ცოტნეს გიტარაც თან ჰქონია, მთელი დღე მის გვერდით მდგარა და მღეროდა თურმე, იმას რომ დახმარებოდა. ასეთი იყო ცოტნე...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)