ჯანდაცვის მინისტრის თავგადასავალი რიკოთზე
დავით სერგეენკო: "ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე"
"ჯანდაცვის მინისტრს რიკოთზე ოქროსფერი "შევროლე" გაუფუჭდა და კარგა ხანს ჩასჩერებოდა ახდილ "კაპოტს". მერე რაღაცას უჩხიკინებდა, როგორც ჩანს, მანქანის მკურნალობაც იცის. ვინც დაინახა, თვალების ფშვნეტა დაიწყო, ალბათ, ჩემსავით ფიქრობდნენ, - ეს კაცი ნამდვილია, თუ გვეჩვენება რამეო. შესაძლოა უბრალოდ ჰგავდა, თორემ მინისტრი მარტო როგორ იქნებოდა მანქანით - მთავრობის ხალხმა რიკოთზე ან სადმე თუ გაიარა, დაცვის კოლონა მოჰყვებათ ხოლმე", - მითხრა იმერელმა ახლობელმა, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთ გზისპირა რესტორანში მუშაობს. რა თქმა უნდა, ვიფიქრე, რომ ბიჭს რაღაც შეეშალა და მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე... საღამოს კიდევ ერთმა ახლობელმა უკვე ქობულეთიდან დამირეკა, - დღეს ზესტაფონსა და ჭიშურას შორის მონაკვეთში წავაწყდი დავით სერგეენკოს, შუა გზაში გაფუჭებულ ავტომობილთან იდგა. დახმარება რომ შევთავაზეთ, გვიპასუხა, გმადლობთ, მალე მომაკითხავენო...
სერგეენკოს და მისი ოქროსფერი "შევროლეს" ამბავი სამინისტროს პრესსამსახურში გადავამოწმე. კვირას, 17 აგვისტოს სად იმყოფებოდა დავით სერგეენკო-მეთქი? სარფში წავიდაო. პრესსამსახური დაიბნა, როდესაც ვთხოვე დაეკონკრეტებინათ, რა ავტომობილით გადაადგილდებოდა მინისტრი. ალბათ იმით, რომელიც ყოველდღე ემსახურებაო. თუმცა, ცოტა ხანში გადაამოწმეს და მითხრეს, რომ დავით სერგეენკო სარფში საკუთარი "შევროლეთი" წავიდა(?!).
იმ იმედით, რომ ჩემი ახლობლების გარდა კიდევ ბევრ ადამიანს ეყოლებოდა ნანახი ავტომობილის "კაპოტში" თავჩარგული მინისტრი, სოციალურ ქსელში დავწერე, იქნებ სურათიც გადაუღეთ "ავტომექანიკოს" მინისტრს და ნუ დაგვზარდებით მოწოდებაზე-მეთქი. ფოტო არავის გამოუგზავნია, მაგრამ გვიან საღამოს თვით მინისტრი შემეხმიანა და დამიდასტურა, რომ მართლაც გაუფუჭდა ავტომობილი...
"წყალი აუდუღდა და სულ ტყუილად ჩავყურებდი ახდილ "კაპოტს" კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე. დახმარებას 40 წუთი ველოდი (კურსელმა მომაკითხა ქუთაისიდან). მანქანა მზეზე იდგა, გზის პირას და სალონში ძალიან ცხელოდა! გადმოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ. გავისტუმრებდი მადლობით, ჩავჯდებოდი მანქანაში და 5 წუთზე მეტს ვერ ვძლებდი სიცხეში, გადმოვიდოდი და ისევ ჩერდებოდნენ მანქანები, ისევ გავისტუმრებდი, ჩავჯდებოდი და... მოკლედ იმ 40 წუთში 5-6-ჯერ ჩავჯექი და გადმოვედი და იყო გადმოსვლა-მადლობები-ჩაჯდომა, ისევ გადმოსვლა, ისევ მადლობები..."
- სარფში ოჯახის მოსანახულებლად მივდიოდი. ოღონდ არც ეგ "შევროლეა" ჩემი საკუთრება, სამინისტროს ავტომობილია, მაგრამ როგორც იტყვიან მოძველებული და რაც მთავარია, ჯიპი არ არის. ისე მაქვს მობეზრებული ეს გაუთავებელი წამოძახება შავ ჯიპებზე (დამხვდა ნაყიდი და ხომ არ გადავაგდებ?), რომ მიუხედავად დისკომფორტისა, მესიამოვნა კიდეც რაც მოხდა, ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძენი თავი.
- რაც მინისტრი ხართ, შვებულებაში რამდენჯერ იყავით?
- არც ერთხელ. ვაპირებდი წასვლას, მაგრამ...
- ამის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველოში შრომის კოდექსი მუშაობს?
- ვაპირებ გასვლას, შვებულება აუცილებელია. ყველაფერს თავისი რესურსი აქვს, მათ შორის ადამიანის შესაძლებლობებსაც. თუ გინდა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენო, არ უნდა გამოწურო 100%-ით. ჩვენ იმდენად აზარტში შევდივართ ხოლმე, რომ ეს აუცილებლობა გვავიწყდება...
- რა გამოდის, თუ მინისტრები არ გადიან შვებულებაში, ე..ი. ქვეყანას რესურსებამოწურული ადამიანები მართავენ?
- შვებულებაში თუ არ გადიხარ, საიდანღაც არალეგალურად უნდა გამოაძვრინო თავისუფალი დრო... ისე, შვებულებას შვებულება უნდა ერქვას, სამუშაოს - სამუშაო. მინისტრებმა მაგალითი უნდა მივცეთ შრომის კოდექსის იმპლემენტაციას.