სირცხვილი - ადგილობრივებს "აღარ შეუძლიათ, ამ ბავშვების საცოდაობას უყურონ" და კარი შეადუღეს!
"უნარშეზღუდულ ბავშვებს რომ მისასვლელს მოუსპობ, ეს განვითარების დაბალი დონის მაჩვენებელია"
"ამ ბავშვების უმეტესობა ვერ დადის, ვინც დადის იმათგანაც ზოგს დახმარება სჭირდება"
"სპეციალურად აყენებენ მანქანებს ეზოს შესასვლელში, რომ სხვამ ვერ შეიყვანოს იქ მანქანა"
ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" მომხმარებელმა თამარ ქალდანმა, საკუთარ გვერდზე დადო ფოტო, სადაც აღბეჭდილია თბილისის უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლაში მისასვლელი კარი, რომელიც რატომღაც შედუღებულია. როგორც აღმოჩნდა, კარის შედუღება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა გადაწყვეტილებით მომხდარა, რომელთაც "აღარ შეუძლიათ, ამ ბავშვების საცოდაობას უყურონ". ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ თამარს და კომენტარი ვთხოვეთ.
თამარ ქალდანი (მშობელი):
- ეს არის უნდაშეზღუდული ბავშვების სკოლა, რომელიც მდებარეობს ბორჯომის #10-ში. ადრე ამ სკოლაში შესასვლელი იყო აღამაშენებლის გამზირიდანაც. კინომსახიობთა თეატრის პირდაპირ არის თაღი, ამის უკან არის კორპუსები და სწორედ აქედან იყო სკოლის მთავარი შემოსასვლელი. იქ მცხოვრები მოსახლეობა ადგა და კარები დაადუღა, მიზეზი - არ სურდათ ასეთი ბავშვების ყურება. ახლა კი უარყოფენ ამ მიზეზს, მაგრამ თავის დროზე სწორედ ამ მიზეზით დაუდუღებიათ კარი. ახლა მშობლებს გვიწევს ტუბდისპანსერის ეზოდან შემოსვლა, რაც სკოლამდე მისავლელ გზას საკმაოდ აგრძელებს, თანაც არ გვაქვს მანქანის შემოყვანის უფლება. სკოლის ხელმძღვანელობა შესაძლებელზე მეტსაც აკეთებს, რომ პრობლემები გადაგვიჭრას, მაგრამ გზა რომ შეგვიმოკლონ სკოლას ხომ არ გადმოიტანენ წინ?!
- ანუ უნარშეზღუდლ ბავშვებს პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მოსახელობამ პრობლემები შეუქმნა?
- ამ ბავშვების უმეტესობა ვერ დადის, ვინც დადის იმათგანაც ზოგს დახმარება სჭირდება და ა.შ. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია მშობლებისთვის. განსაკუთრებით დედებისთვის, რადგან მამები როდესაც ბავშვს მიიყვანენ მანქანით, მერე ეძებენ ადგილს პარკინგისთვის, დედები ცდილობენ რომ გაკვეთილზე არ დააგვიანონ და ეს ძალიან რთულია. ხშირად ბავშვების ხელში აყვანაა საჭირო და ეს ყველას არ შეუძლია.
- მოსახლეობას ჰქონდა უფლება რომ ეს კარები დაედუღებინათ და თქვენთვის მისავლელი მოესპოთ?
- რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ უფლება. ეს იყო მათი თვითნებური გადაწყვეტილება. თურმე ისინი წუხდებოდნენ უნარშეზღუდული ბავშვების ყურებით. თურმე იმითაც წუხდებოდნენ, რომ სკოლის თანამშრომლები კორპუსის ეზოში აჩერებდნენ მანქანას (არადა უზარმაზარი ეზო აქვს კორპუსს). ახლა სპეციალურად აყენებენ მანქანებს ეზოს შესასვლელში რომ სხვამ ვერ შეიყვანოს იქ მანქანა. არიან მშობლები, რომლებიც არ დადიან მანქანით, უწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და ძალიან იტანჯებიან. ელემენტარულად, პანდუსები არაა რომ ბავშვი აიყვანონ ტრანსპორტში. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ზრუნავს. ევროკავშირისკენ გვაქვს გეზი აღებული და იქ მსგავსი პრობლემები მშობლებს ნამდვილად არ ექმნებათ. ყველა ცდილობს, რომ უნარშეზღუდულ ბავშვებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი.
- მერია ან სხვა შესაბამისი სამსახურები თუ არიან საქმის კურსში?
- სკოლას არ მიუმართავს მერიისთვის, რადგან ერიდებოდნენ მოსახლეობასთან კონფლიქტს. მე და ჩემი მეუღლე ახლა დავბრუნდით საქართველოში, შემოვიყვანეთ აქ ბავშვი და ამ პრობლემას წავაწყდით. გადავწყვიტეთ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ. სხვათაშორის, როდესაც ამ კარს ადუღებდნენ, პატრულიც ჰყოლიათ გამოძახებული, მაგრამ როგორც ხედავთ, შედეგი არავითარი. ჩვენ ერთადერთ რამეს ვითხოვთ, შესასვლელი გაგვიხსნან, თორემ სხვა პრეტენზია არა გვაქვს მოსახლეობასთან. ეს ბავშვები საშიშები არ არიან, უბრალოდ, ამ პატარებს სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა. წარმოიდგინეთ, როდესაც ოჯახში გყავთ ასეთი ბავშვი სხვა შვილებისთვის დრო ფაქტობრივად აღარც გრჩებათ.
- რას დაარქმევდით მოსახლეობის ამ საქციელს?
- ეს არის განვითარების დაბალი დონის მაჩვენებელი. როდესაც ადამიანის მდგომარეობაში შესვლა გიჭირს, მით უფრო როდესაც საქმე უნარშეზღუდულ ბავშვებს ეხებათ, ესაა ინტელექტუალურად განუვითარებლობის მაჩვენებელი.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)