სარამაგუ - "საკითხავ-საფიქრალი" მწერალი
იშვიათად წამიკითხავს წიგნი, რომელზეც მერე იმდენ ხანს მეფიქროს, რამდენიც "სიბრმავეზე"
ქართველებისთვის, საინტერესო ფაქტი: ნობელის პრემიის ნომინანტებს შორის სარამაგუს მთავარი კონკურენტი ოთარ ჭილაძე იყო
ჟოზე სარამაგუს მწერლობა ბევრი რამით არის საინტერესო (წინა რამდენიმე ქართული გამოცემისა თუ პუბლიკაციისგან განსხვავებით, ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ, რომ სწორი ფორმაა "სარამაგუ" და არა - "სარამაგო", რადგან პორტუგალიურ ენაში ბოლო ხმოვანი "ო" იკითხება როგორც "უ". ამიტომ: ჟორჟი ამადუ (და არა - ამადო) და ა.შ.).
მისი რომანების "უცნაურობებიც" რომ გვერდზე გადავდოთ (ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ), სარამაგუს "ანკეტური მონაცემებიც"“საკმაოდ უჩვეულო "პუნქტებს" შეიცავს. მაგალითად, მე ვერ გავიხსენე მწერალი (ოღონდ ასეთ სახელგანთქმულ მწერალს ვგულისხმობ - ნობელის პრემიის ლაურეატსა და თავისი ქვეყნის უპირველეს პროზაიკოსად აღიარებულს), რომელსაც ამ საქმისთვის სერიოზულად 58 წლის ასაკში მოეკიდოს ხელი; ან თუნდაც ის, რომ 1998 წელს, როდესაც სარამაგუმ ნობელის პრემია მიიღო, ის პირველი პორტუგალიურენოვანი მწერალი გახდა, ვისაც ეს უმაღლესი ლიტერატურული აღიარება ხვდა წილად; აქვეა აღსანიშნავი ჩვენთვის, ქართველებისთვის, საინტერესო კიდევ ერთი ფაქტი: იმის მიუხედავად, რომ ნობელის კომიტეტი "დამარცხებული ნომინანტების" ვინაობას 50 წლის შემდეგ ასაჯაროებს, მაინც ცნობილია, რომ სარამაგუს მთავარი კონკურენტი ოთარ ჭილაძე იყო.
ჩვენი ეპოქის უდიდესი ქართველი მწერალი სხვა დროსაც იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე და სხვა ქართველ მკითხველებთან ერთად 1999 წელს მეც აღშფოთებული ვიყავი კომიტეტის გადაწყვეტილებით, როდესაც ჭილაძეს გიუნტერ გრასი არჩიეს (ახლაც ვთვლი, რომ ეს აღშფოთება სამართლიანი იყო), მაგრამ გულწრფელად უნდა ვაღიარო - ფეხბურთის გულშემატკივართა ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, 98-ში "მსაჯებს არ დავუჩაგრავვართ"!
დიახ, ჟოზე სარამაგუ "ჩვეულებრივი დიდი მწერალია", მისი რომანები კი, "ჩვეულებრივი შედევრები"!
რას აკეთებდა სარამაგუ 58 წლამდე? ძალიან მოკლედ ასე შეიძლება ვუპასუხოთ ამ კითხვას: მანამდე ის პროფესიონალი პოლიტიკოსი იყო, თანაც კომუნისტი! XX საუკუნის 70-იან წლებამდე პორტუგალიას ულტრამემარჯვენე-მოფაშისტო ხუნტა მართავდა, ევროპის უკანასკნელი დიქტატორის, ანტონიუ სალაზარის მეთაურობით, და კომუნისტობა, თანაც ამ იდეოლოგიის ისე გაგება, როგორც ევროპაში ესმოდათ, ნამდვილად არ იყო რეგრესული და სულაც არ ჰგავდა მაუზერგადაკიდებული ბოლშევიკების სისხლიან დოქტრინას. ეს ნორმალური, წესიერი მემარცხენეობა გახლდათ და იმ ჩვენთვის გულგამხეთქ მარქსიზმსაც რაღაცნაირად, "ადამიანურად" კითხულობდნენ.
შეიძლებოდა, საერთოდ არ გაგვემახვილებინა ყურადღება სარამაგუს ბიოგრაფიის პოლიტიკურ ნაწილზე, მაგრამ შუბი ხალთაში არ დაიმალება“ - რადგან, თუკი სწორედ 58 წლის ასაკში გამოქვეყნებულ მის პირველ მნიშვნელოვან რომანს ("საფლავებიდან აღმდგარნი") გაეცნობით, ნახავთ, რომ მარქსიზმის გავლენა იქ თვალში საცემია.
სხვა მხრივ კი სარამაგუს ბიოგრაფია არაფრით გამოირჩევა "რიგითი გენიოსების" ბიოგრაფიებისგან: მიყრუებულ სოფელში დაიბადა, ოჯახი სიღარიბემ ქალაქში გააგდო, მშობლები პურის ფულს ძლივს შოულობდნენ, ბიჭი ქუჩაში იზრდებოდა, დაწყებითი სკოლა ძლივს დაასრულა და მხოლოდ წერა-კითხვა ისწავლა, საშუალო სკოლაში სიარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; ავტოშემკეთებლად მუშაობდა, მაგრამ ძალიან ბევრს კითხულობდა, თვითგანათლებით მიაღწია იმას, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაზღვევის სფეროში მიეღო სამსახური, უცხო ენებიც დამოუკიდებლად შეისწავლა, ჟურნალისტობაც დაიწყო, პოლიტიკაშიც ჩაება, მწერალიც გახდა და ბოლოს ნობელიანტიც.
რაც შეეხება რომანს "სიბრმავე", რომელსაც ამ წიგნში გთავაზობთ, მასთან ერთად აუცილებლად მინდა ვახსენო ქართველი მკითხველისთვის უკვე ნაცნობი მეორე რომანი "სიკვდილი ისვენებს", რომელიც ჩვენ ორი წლის წინ გამოვეცით: ისინი გარკვეულწილად ჰგვანან ერთმანეთს. ორივეში უცნაური ამბავი, უცნაური ეპიდემიებია აღწერილი: ერთში "კარგი" - არავინ კვდება, მეორეში - "ცუდი" - ყველა ბრმავდება.
და საქმეც ეგ არის: არაფერი "კარგი" სიკვდილის დასვენებაში“ (ზუსტი თარგმანით "მოშლაც", „მწყობრიდან გამოსვლაც შეიძლება ეწოდოს) არ არის... ახლა ბევრმა თქვენგანმაც, ალბათ, ის იფიქრა, რაც მე - დიახ, დიდი ხნით ადრე ნათქვამი, ვაჟა-ფშაველას "შენი ჭირიმე, სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა", ზუსტად ერგება სარამაგუს ამ რომანს. მაგრამ ამ დასკვნამდე პორტუგალიელები გვიან მიდიან, თავიდან ძალიანაც უხარიათ (პორტუგალიელებში რომანის პერსონაჟებს ვგულისხმობ - ამბის ერთ-ერთი ორიგინალური შტრიხი ისიც არის, რომ სიკვდილი მხოლოდ პორტუგალიაში "ისვენებს") - რა სჯობს უკვდავებას? მაგრამ არ გამოდგა მთლად ასე: სადაზღვევო კომპანიებს ათასგვარი ხრიკის მოფიქრება სჭირდებათ, რომ არ გაკოტრდნენ; მეკუბოეები სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვენ; ავადმყოფები აღარ იხოცებიან და მდიდარი მემკვიდრეობის მომლოდინეთ ანერვიულებენ, საავადმყოფოები გადაივსო - ვინც "სასიკვდილე" იყო, არ კვდება და რადგან მხოლოდ სიკვდილი "მოიშალა" და არა ავადმყოფობა, მათ ახალი სნეულებიც ემატებიან; სამღვდელოებაც გაოგნებულია - თუკი სიკვდილი არ არსებობს, არც "სიკვდილისა სიკვდილითა დათრგუნვა" არის და არც მკვდრეთით აღდგომა...
კითხულობ ამ "აბდაუბდას" და რაღაცნაირი სიხარული გეუფლება, როდესაც შვიდი თვის შემდეგ სიკვდილი "შვებულებიდან გამოდის"!
"სიბრმავეშიც" უცნაური ეპიდემიაა აღწერილი: უცებ ბრმავდებიან ადამიანები. აი, დგას შუქნიშანთან ავტომობილი, მძღოლი მწვანე ნათურის ანთებას ელოდება და უცებ დაბრმავდა, ვერაფერს ხედავს! შეშინებული მშველელს უხმობს და მისახმარებლად მისულებსაც იგივე ემართებათ. ქალაქში ეპიდემია იწყება. მთავრობა ავადმყოფებისა და მათთან ბოლოს კონტაქტში მყოფების იზოლირებას გადაწყვეტს. არმიას მათ გაკონტროლებას დაავალებს. ამ გეტოსა თუ საკონცენტრაციო ბანაკში მხოლოდ ერთი ქალი - ექიმის ცოლია თვალხილული, რომელმაც სიბრმავე მოიგონა, რათა ქმარი არ მიეტოვებინა განსაცდელში. იქ ახალი სამყარო იქმნება, რომელსაც ხან ექიმის ცოლის, ხანაც ავტორის თვალით ვაკვირდებით.
ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი მომენტი, რომელსაც ვერც აღწერ და ვერც ახსნი, მაგრამ "პროფესიონალი მკითხველი" აუცილებლად გამიგებს: როდესაც ჟოზე სარამაგუს წიგნებს (ყოველ შემთხვევაში, ამ რომანს - ნამდვილად) კითხულობ, რაღაც "მეექვსე გრძნობით", სწორედ იმ მკითხველისეული გრძნობით გრძნობ, რომ დიდ ლიტერატურას ეზიარები და ეს შთაბეჭდილება წიგნის დასრულების შემდეგაც მიგყვება - იშვიათად წამიკითხავს წიგნი, რომელზეც მერე იმდენ ხანს მეფიქროს, რამდენიც "სიბრმავეზე".