უბნის მაღაზია VS სუპერმარკეტი
დახედეთ პროდუქტის გამოშვების თარიღს და მოითხოვეთ მომხმარებლის უფლებების დაცვა
ნისია უბნის მაღაზიებისთვის ის თოკია, რომლითაც მარკეტებში გამქცევ კლიენტებს იჭერენ
ველას გვახსოვს მძიმე 90-იანი წლები - უტრანსპორტობა, უშუქობა, პურის რიგები... სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ეზოებში პატარა მაღაზიების გამოჩენაც, რომელიც უბანს საკვებითა თუ სხვა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტით ამარაგებდა. ასეთი ე.წ. უბნის მაღაზიები კომფორტული იყო მათთვის, ვინც თუნდაც უტრანსპორტობის გამო, ბაზარში სიარულს ვერ ახერხებდა, ან უშუქობით გაბეზრებული მაღალი სართულიდან თოკზე გამობმული კალათით პროდუქტს სართულ-სართულ მიაკონწიალებდა.
მოგეხსენებათ, დღეს სხვა რეალობაში ვცხოვრობთ - მომხმარებლის მოთხოვნაც გაიზარდა და შესაბამისად, გაჩნდა მარკეტებისა თუ სუპერმარკეტების არსებობის აუცილებლობა. თუმცა ე.წ. უბნის მაღაზიები ჯერ კიდევ ყველა უბანშია შემორჩენილი და თავისი ხიბლი აქვს - გამყიდველი ქალი, რომელიც იცნობს მთელ უბანს, ვინ ვისი შვილია, რძალია და ა.შ. ისე გხვდება მაღაზიაში შესვლისას, თითქოს დიდი ხნის უნახავი ახლობელი¬ ხარ. ყველას იცნობს, იცის, ვის აძლევს ნისიას და როგორ ამოიღოს ის. ასეთი მაღაზიებისთვის ნისია ის თოკია, რომლითაც მარკეტებში გამქცევ კლიენტებს იჭერენ. თუმცა მომხმარებელი უპირატესობას მაინც მარკეტებს ანიჭებს.
ჩვენ ე.წ. უბნის მაღაზიებისა და დიდი მარკეტებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებით დავინტერესდით. მოსახლეობის აზრი განსხვავებულია.
ლაშა: - არ მომწონს უბნის მაღაზიები, მაცივარს თავის დროზე არ რთავენ და ცივს ვერაფერს იყიდი. ჩემს ქუჩაზე¬ ასეა...
ეთო: - უბნის მაღაზიებში თანხას პლასტიკური ბარათით ვერ ვიხდი, ხშირად არც ხურდა აქვთ... თAანაც ჩემს სახლთან უკვე კარგა ხანია გახსნეს დიდი სუპერმარკეტი, სადაც ყველაფერს ვყიდულობ და რატომ შევიდე იმ პატარა მაღაზიებში.
თამარი: - ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც გარეთ გასვლა დიდად არ ეხალისება, უბნის მაღაზიები მისწრებაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირდაპირ სადარბაზოსთანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ მაღაზიებში მაცივრების ჩართვა არ უყვართ. შეუძლიათ ვადაგასული შოკოლადი და სხვა პროდუქტიც მოგყიდონ... ყველაზე მეტად თვალში მხვდება ქაოსურად მიყრილი პროდუქტი და ანტისანიტარია... ხშირად მეც იძულებული ვხდები, ჩავიცვა და რომელიმე სუპერმარკეტში წავიდე...
თათია: - რამდენიმე დღის წინ ჩემი სახლის ქვემოთ მაღაზიაში რძე ვიყიდე, ბავშვებისთვის ნამცხვარი უნდა გამომეცხო. როგორც კი გავხსენი საშინელი სუნი ამოვარდა. ამის მერე იქ როგორ შევალ, მირჩევნია, ჩემი სახლიდან თუნდაც გვარიანად მოშორებულ, მაგრამ ნორმალურ სუპერმარკეტში ვიყიდო.
ქეთევანი: - პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტისთვის უბნის პატარა მაღაზიები მირჩევნია დიდ სუპერმარკეტებს, სადაც "ჩიტის რძესაც" კი იპოვი, თუ მოძებნა არ დაგეზარა.
დიანა: - დიდი მაღაზიები მირჩევნია, სადაც ზაფხულში სული არ გეხუთება და არჩევანის გაკეთება არ გიჭირს, ზამთარში კი სიცივისგან არ კანკალებ...
კახა: - უბნის მაღაზიებში ვადაგასული პროდუქტი აქვთ. ასეთი მდგომარეობაა ზოგიერთ სუპერმარკეტშიც. ვადაგასული საქონლით ვაჭრობა ქართველთა სენად იქცა. ამას ემატება მომსახურე პერსონალის უკულტურობა. ზოგი ისეთია, ვერაფერს ჰკითხავ.
ნანა: - შაბათ-კვირას ზოგჯერ "კარფურში" დავდივარ და მთელი თვის პროდუქტს ვყიდულობ, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ და მეზარება კიდეც იმსიშორეს წასვლა, ამიტომ ჩემთვის ბევრად კომფორტულია "ნიკორას" სუპერმარკეტი, რომელიც სახლთან ახლოს მაქვს და თან ძAალიან მომწონს. იქ ვადაგასული და გაფუჭებული არაფერი მინახავს და ასორტიმენტიც მრავალფეროვანია.
ეკა: - უბნის მაღაზიაში კეფირი ვიყიდე. მივედი სახლში, მოვხსენი თავი და კიდევ კარგი, დავხედე, სანამ დავლევდი - ობიანი იყო. არადა, ვადის გასვლამდე დიდი დრო იყო. მივუბრუნე სასწრაფოდ უკან. გამყიდველმა მშვიდად მითხრა, გამოგიცვლითო. ვერ მივხვდი, რა მოხდა. როდესაც ახლობლებს შევჩივლე, მითხრეს, იმიტომ¬ არ გაგიწია წინააღმდეგობა, რომ ღამით მაცივრები გამორთული აქვთ და პროდუქტი¬ ფუჭდება. მაცივრების მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი იმხელაა, ურჩევნიათ, გაფუჭებული პროდუქტის საფასური აანაზღაურონო. ამას ხომ ბევრი მყიდველი ვერ გაიგებს და მწარმოებელს გაუტყდება სახელი. მეც ვიფიქრე, რომ დაობებული კეფირი მაღაზიას მწარმოებელმა შეაპარა დისტრიბუტორის ხელით. ასეთი მაღაზიების ჭკუის სასწავლებლად ან კანონი უნდა მოქმედებდეს, ან ყველამ უარი უნდა თქვას იქ შესვლაზე.
P.S. როდესაც მომხმარებელთა უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მისთვის მთავარია არა იაფი, არამედ ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება, უბნის მაღაზიებს მოუწევთ, მოთხოვნის შესაბამისად იმუშაონ ან სავალალო ბედს დამორჩილდნენ. დღეს, მზარდი კონკურენციის პირობებში, ასეთი შედეგი გარდაუვალია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდ მარკეტებში უნდა მოვადუნოთ ყურადღება და ბრმად ვენდოთ შემოთავაზებას. ყოველთვის დახედეთ პროდუქტის გამოშვების თარიღს და მოითხოვეთ მომხმარებლის უფლებების დაცვა.