წამი, სახელად მეგობრობა
იმ დღეს გია მირზაშვილს სადიპლომო ნაშრომის დაცვა ჰქონდა სამხატვრო აკადემიაში. რაღაც მოხდა და დაცვა გადადეს... საგულშემატკივროდ მისულ მეგობრებთან - ირაკლი ჩარკვიანთან და ლევან ღოღობერიძესთან ერთად დაეშვა რუსთაველის გამზირისკენ. ჩვეულებრივი დღე იყო, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა: როგორც ყოველთვის, ერთად იყვნენ. ოპერის ბაღში შევიდნენ და უცებ ლევანმა - მოდი, ფოტო გადავიღოთო...
ადრეც ხდებოდა: შემთხვევით გადაიღებდნენ სურათს, მაგრამ ეს შემთხვევითობა სხვანაირი იყო - ერთ წამში აღმოჩენილი, რომ ის წამი, რომელშიც ხარ და ცოცხლობ, ძვირფასია. მერე დაუძახებდი ფოტოგრაფს, რომელიც ბაღის აგურმოყრილი ბილიკების გასწვრივ სადმე ჩრდილში იჯდა და ისიც ხალისიანად მოგიახლოვდებოდა... აპარატს მოიმარჯვებდა და - ჩხიკ! გადაღებული იყო წამი, რომელიც გიყვარდა.
მეგობრებს, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ, თითოეულს თავისი სამყარო ჰქონდა - თავისი დიდი სიმარტოვე. ლევან ღოღობერიძე ისეთივე კარგი მთარგმნელი იყო, როგორი კარგი მომღერალი და კომპოზიტორიც - ირაკლი ჩარკვიანი და ფერმწერი - გია მირზაშვილი...
ამ სამი ბიჭის (მაშინ ბიჭების) საერთო ის წამი იყო, რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობით აბედნიერებდათ, წამი, სახელად მეგობრობა, გატანა, საიდუმლოს შენახვა, კამათი, ლიტერატურაზე მსჯელობა... წამი, სახელად "ერთად ყოფნა".
"სად არ გვიხეტიალია. ამდენი კამათი. ამდენი ემოცია. რამდენი ბოთლი, რამდენი ოვაცია? კეპი. ლაბადა. პორტრეტი პოეტის. თავს გადახოტრილს დიდხანს ათოვდა, წავიდა თვითონ, სინათლე დატოვა", - გიორგი მირზაშვილმა დაწერა ირაკლიზე წლების მერე, რაც მეგობარი ზეციერს შეუერთდა...
მერე ლევანი წავიდა და გია მირზაშვილმა ისევ დაწერა: "გულში გვედო სევდა რუხი და ფიქრები აზრიანი,/საუბარი შესაქცევი და სიბერე ადრიანი".
ისინი მეგობრები არიან. ვინ იცის, რამდენი რამ აქვთ ერთად გადატანილი, მაგრამ ამას ვერავინ გაიგებს, რადგან სამივემ ყველაფერზე უკეთ დუმილი იცოდა... დრო იყო ისეთი, ასე უნდა ყოფილიყვნენ!
გიორგი მირზაშვილი: - ირაკლის როცა წარმოვიდგენ, გიტარით თუ ვხედავ? სულაც არა. ვხედავ, როგორ ვსხედვართ და რომელიმე მწერალზე ვლაპარაკობთ... არაჩვეულებრივი ალღო ჰქონდა, მხატვრობაში მართლა ღირებულის დანახვა-დაფასება შეეძლო. სულაც არ ჰქონდა ურბანისტული მსოფლმხედველობა. არაერთხელ უთქვამს, - "ეტყობა, ლეჩხუმელებს სისხლსა და ხორცში გვაქვს მიწის სიყვარული, ძალიან მიყვარს თოხი, ბარი... მომინდება ხოლმე მიწის დამუშავებაო. საოცრად გრძნობდა ფესვებს.
ლევან ღოღობერიძე: - ჩვენ ხომ ისეთი ნაბიჯების გადამდგმელი ვიყავით, რომელიც ფატალურად შეიძლებოდა დამთავრებულიყო. ხანდახან ექსპერიმენტებსაც ვატარებდით... გვინდოდა, სასწაული მომხდარიყო. ერთხელ კონიაკს ვსვამდით, საქანელა სკამზე იჯდა. იცი, რა მინდა ყველაზე მეტადო, აი, უცებ ეს ჭიქა თავისით აიწიოს და ისევ უკან დადგესო. ირაკლიმ იმდენი იბრძოლა, ის ჭიქა თავის თავში ასწია... სწრაფად მიდის ცხოვრება. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს მე და ირაკლი. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ ჩავეხუტებით ერთმანეთს.
ირაკლი ჩარკვიანი: - სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით, უნდა შეურიგდე, მიჰყვე მას, თუ გსურს ცოტა ხნით მაინც გახდე იმის მოწმე, როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება...
"ჩუმად გარდავისახოთ საგნებში,/შევიცნოთ მათი მდუმარება/და ანარეკლთა სევდა სარკეში./გაწვრთნილ აფთართა დავეუფლოთ/თვინიერებას,/საცირკო ცხენის უნაგირზე ვისწავლოთ თვლემა, მიწისქვეშეთის წყაროებივით ჩუმად შეხვედრა/და ვიჩურჩულოთ,/როგორც ბალახმა და ფოთოლცვენამ".
P.S. ბევრი ახსნა ამიტომაც არ სჭირდება, არც განსაკუთრებული ამბავია საჭირო იმისთვის, რომ ფოტო გადაიღო და წუთს, რომელიც ძვირფასია თავისი არსებობით, რადგან ერთად ყოფნის საშუალებას გაძლევს, საუკუნო ხსოვნა აჩუქო. ზოგჯერ ასეც იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება...