ფრთხილად, საშიში მაცივრები!
"თუ მაცივრის ძრავა გადაიწვა და სისტემა უნდა გაიხსნას, ქლორფტორნახშირბადი აუცილებლად
ატმოსფეროში გაიბნევა..."
"ახლახან ფალსიფიცირებულ ფრეონში ისეთი მინარევი აღმოვაჩინეთ, რომელიც ალუმინს შლის"
ერთი კვირაა, ჩემი მობილური ტელეფონის„ინბოქსი წინასაახალწლო ფასდაკლების მოკლე ტექსტური შეტყობინებებით გაივსო. არა, არც აქამდე მაძლევდნენ "მოწყენის" საშუალებას, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გააქტიურდნენ... სარეკლამო გზავნილებით კომპანიები, ძირითადად, საოჯახო ტექნიკის, კონკრეტულად კი - მაცივრის, სარეცხი მანქანისა და კონდიციონერის შეძენას მირჩევენ... ჩემმა ოთხი წლის წინ განვადებით ნაყიდმა მაცივარმა, დაბარებულივით, სწორედ რამდენიმე დღის წინ განუტევა სული. საგარანტიო ვადა მხოლოდ ორი წელი ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, ხელოსანი ელიავას ბაზრობიდან მომეყვანა, მაგრამ ახლობელმა ნაცნობი ხელოსნის ნომერი მომცა, - დაურეკე და მაშინვე შენთან გაჩნდებაო. დარეკილი არ მქონდა, რომ ხელოსანი უკვე ჩემი სახლის კართან იდგა...
ხელოსანმა გაფუჭებულ მაცივარს რომ შეხედა, დიაგნოზი დასვა: "ფრეონი აქვს გაშვებული, დატენი და ისევ ისე იმუშავებს, როგორც აქამდე!"“რაკი ახალი მაცივრის ყიდვა აღარ მომიწევდა, მომსახურების 20 ლარისა და 60 ლარის ფრეონის“შეძენაზე უარი არ მითქვამს. 80 ლარის გადახდიდან დაახლოებით ერთ საათში ხელოსანი უკვე ფრეონით ტენიდა ჩემს მაცივარს. მეგონა, მეშველა, მაგრამ ჩემმა„ახლად დატენილმა მაცივარმა ჩართვიდან ერთ საათში შეწყვიტა„სუნთქვა... ხელოსანმა მომსახურების თანხა უკან დამიბრუნა, მაგრამ ფრეონის საფასურის დაბრუნებაზე უარი მითხრა... გულგასივებულმა„"გუგლში" სიტყვა "მაცივარი" ავკრიფე და "საქართველოს მემაცივრეთა ასოციაციის" საიტს წავაწყდი, მეორე დღეს მითითებულ მისამართს მივადექი.
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მემაცივრეთა ასოციაცია" 1999 წელს დაფუძნდა, მოგვიანებით სახელი შეიცვალა და დღეს "სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია" ჰქვია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ სულხან სულაძესთან ჩემს გასაჭირზე დაწყებული დიალოგი ზოგადსაკაცობრიო თემებზე საუბრით გაგრძელდა.
- ეს ასოციაცია მაშინ შეიქმნა, როცა საქართველო მონრეალის ოქმის წევრი გახდა. მონრეალის ოქმი გვავალდებულებდა, ხმარებიდან ამოგვეღო ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერება ქლორფტორნახშირბადი, რომელიც საბჭოური წარმოების მაცივრებში იყო გამოყენებული. 1996 წელს ამ ნივთიერების იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - საბაჟოზე 22 ტონა შემოვიდა.
შემდეგ იკლო იმპორტმა და 2008 წელს - საერთოდ გაქრა.
კარგად მომუშავე მაცივარი და კონდიციონერი საშიში არ არის, იქიდან არაფერი ჟონავს, მაგრამ თუ მაგალითად, კონდიციონერის დემონტაჟს ახდენთ, ან მაცივრის ძრავა გადაიწვა და სისტემა უნდა გაიხსნას, ეს ნივთიერება აუცილებლად ატმოსფეროში გაიბნევა... ბაზრობაზე დიდია იმის საშიშროებაც, რომ ფალსიფიცირებული ნივთიერება შემოგაჩეჩონ. ცოტა ხნის წინ ფალსიფიცირებულ „ფრეონში ისეთი მინარევი აღმოვაჩინეთ, რომელიც ალუმინს შლის. თუ ასეთი ნივთიერებით დაატენინებთ თქვენს ტექნიკას, ისე დააზიანებს, ძალიან მალე გამოცვლა აუცილებელი გახდება.
- იმ 22 ტონა ქლორფტორნახშირბადის ატმოსფეროში გაჟონვის შემთხვევაში ოზონის შრეს რა ზიანი მიადგებოდა?
- ქლორფტორნახშირბადი ოზონის შრისთვის ყველაზე საშიში ნივთიერებაა. ეს ნივთიერება მდგრადია და ოზონის შრემდე აღწევს, იქ კი დაახლოებით 100 წელი არ იშლება. ერთ ქლორის ატომს შეუძლია 20 ათასამდე ოზონის მოლეკულა დაშალოს. ბოლო წლების მონაცემებით, სამჯერ არის შემცირებული ოზონის შრის სისქე. ამ პროცესში "წვლილი" ჩვენმა ქვეყანამაც შეიტანა. ერთ მაცივარში მხოლოდ 100 გრამი ფრეონია, მაგრამ წლების წინ ერთ მილიონ ოჯახში ასეთი მაცივარი იდგა და 100 გრამი რომ ერთ მილიონზე გავამრავლოთ, 100 ათასი ტონა გამოდის, ეს დიდ ზიანს მიაყენებდა გარემოს.
- თანამედროვე მაცივრები და კონდიციონერებიც ფრეონზე მუშაობს?
- დიახ, თუმცა, ზოგიერთი ნაკლებად საზიანო ნივთიერებას შეიცავს.
ევროკავშირის ბევრი ქვეყანა თანამედროვე კონდიციონერებს, რომლებსაც ზამთარში გამათბობლად ვიყენებთ, ზაფხულში კი გამაგრილებლად, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში გზავნის, როგორიც საქართველოა. ევროპასა და ამერიკაში მათ ვეღარ ასაღებენ.
- ჩვენს ქვეყანაში რომელი თანამედროვე ბრენდის კონდიციონერებში იყენებენ ფრეონს?
-„ფრეონს იყენებს ყველა, მაგრამ ზოგი„ფრეონი ოზონდამშლელია, ზოგი კი უსაფრთხოა ოზონის შრისთვის, მაგრამ ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებას.
- გარემოს დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია?
- რა თქმა უნდა, მაგრამ არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს, რომელი ნივთიერება იკრძალება და რომელი - არა. წლების წინ ჩვენს ცენტრში ტონა-ნახევარი გასანადგურებელი ფრეონი იყო. იმის გამო, რომ მისი განადგურების ბაზა საქართველოში არ არსებობს, უნდა შექმნილიყო პროგრამა, რომლის საფუძველზე ეს ნივთიერება სხვა ქვეყანაში უნდა გაენადგურებინათ. ორი წლის წინ, მაშინდელ გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძეს ორჯერ მივწერეთ წერილი ამ ნივთიერების განადგურებასთან დაკავშირებით, მაგრამ არც ერთ წერილზე პასუხი არ გაუცია. მერე ისევ მონრეალის ოქმის საფუძველზე და მათი დახმარებით ბელგიაში გავიტანეთ და იქ განადგურდა...
თორნიკე ყაჯრიშვილი