"მაკარენას" მოცეკვავე ქართველების რძალი გახდა
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მუსიკალურ FM სიხშირეზე აჟღერებულმა ძველმა სიმღერამ რამდენიმე წუთით ბავშვობაში დამაბრუნა. სიმღერა "მაკარენამ" ჩემი კლასელი გოგონების ზეიმისთვის დადგმული ცეკვა გამახსენა. ყველა დროის გამორჩეული სიმღერის მრავალრიცხოვანი ვიდეორგოლიდან ყველაზე დიდი პოპულარობა ერთ-ერთმა მოიპოვა. კლიპი, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების რამდენიმე ულამაზესი გოგონა ცეკვავდა, თავის დროზე ყველა მუსიკალური გადაცემების TOP-ათეულის პირველ ადგილს იკავებდა, იმ გოგონებზე კი მსოფლიოს ბევრი მამაკაცი ოცნებობდა. წლები გავიდა და ერთ-ერთი მათგანი, ფერადკანიანი ბრაზილიელი სამბას მოცეკვავე, ქართველების რძალი გახდა.
ეს ისტორია ჰოლივუდური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა, რეალობაა და რამდენიმე თვის წინ "ჰეფი ენდით" დასრულდა. ქართლელმა 30 წლის ზურა დოდაშვილმა და 36 წლის ბრაზილიელმა დენი დასივაგომესმა ერთმანეთი გერმანიაში, ქალაქ ჰაგენის ერთ-ერთ ინტერნეტკაფეში გაიცნეს. უბრალო ნაცნობობა ჯერ - მეგობრობაში, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა, ცოტა ხნის წინ კი სამოქალაქო ქორწინებით დაგვირგვინდა.
ოთხი წლის წინ, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ზურა დოდაშვილი, სამსახურის საძებნელად გერმანიაში გაემგზავრა: - გერმანიაში, საბავშვო თეატრში, რეჟისორის ასისტენტად ვმუშაობდი, თან ტურიზმსა და მენეჯმენტს ვსწავლობდი, ინტერნეტკაფეში დენის გაცნობის შემდეგ კი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. დენი შემიყვარდა და ქართულ-ბრაზილიური ოჯახი შევქმენით.
- ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?
- დენი და ჩემი ოჯახი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და ამითაც ბედნიერი ვარ.
- საქართველოში როდის დაბრუნდი?
- 2013 წელს მომიხდა ჩამოსვლა. ახლა რამდენიმე ბარ-რესტორანში მზარეულად ვმუშაობ, თუმცა, ისევ გერმანიაში ვაპირებ დაბრუნებას. მინდა ცოდნა გავიღრმავო და საქართველოში დაბრუნებულმა უნარშეზღუდულთათვის პროექტი გავაკეთო.
დენი დასივაგომესი: - ერთწლიანი განშორების შემდეგ მივხვდი, რომ მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო და საქართველოში ჩამოვაკითხე. სამწუხაროდ, სამსახური არ მაძლევს უფლებას, სულ აქ ვიყო. პროფესიონალი სამბას მოცეკვავე ვარ, თუმცა, კოსმეტოლოგადაც ვმუშაობ. დღემდე გერმანიაში ვცხოვრობ, მაგრამ ეს დროებითია, მალე ისევ დავბრუნდები თქვენთან.
- საქართველოში პირველად ხარ?
- არა, უკვე მესამედ ჩამოვედი. ზურას გაცნობამდე თქვენი ქვეყანა მხოლოდ რუკაზე მქონდა ნანახი. ახლა საქართველოს შესახებ ბევრი რამ გავიგე და ისე მომწონს, მომავალში აუცილებლად აქ ვიცხოვრებ მეუღლესთან ერთად. ქართველებსა და ბრაზილიელებს ბევრი საერთო გვაქვს, ორივე ერი კეთილია, ტემპერამენტიანი, ამიტომაც კარგად ვეწყობით ერთმანეთს. მართალია, ბრაზილიელებისგან განსხვავებით, ქართველები ზედმეტად სერიოზულები და კონსერვატიულები ხართ, მაგრამ როგორც ვხდები, ეს თქვენი ერის დამახასიათებელი თვისებაა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ. ულამაზესი ბუნება გაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ მცხეთასა და ანანურში ვიყავი, ძალიან მომწონს საქართველო. ყველაზე მეტად ეკლესიებმა გამაოცა. როცა მცხეთაში შესვლისას სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს ვუყურებ, მგონია, რომ ფილმ "იესოს" გადასაღებ მოედანზე ვარ. ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით კი შქმერული, მწვადი, ხაჭაპური და ხინკალი.
"მაკარენა"
სიმღერა "მაკარენა" 1992 ჩაწერა ესპანურმა მუსიკალურმა დუეტმა "ლოს დელ რიოსმა". მისი ავტორები არიან დუეტის წევრები რაფაელ რუის პერდიგონესი და ანტონიო რომერო მონხე. სიმღერის მიხედვით, მაკარენას სხეული შექმნილია იმისთვის, რომ მან სიხარული მიანიჭოს ყველას. მაკარენას ჰყავს საქმრო - ვიტორიო. თუმცა, ის ნიუ-იორკში ცხოვრებაზე და ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე ოცნებობს.
თორნიკე ყაჯრიშვილი