საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა - წარსული აქტუალურობას არ კარგავს დღესაც
ის, რაც წარსულია და გვაინტერესებს როგორც წარსული, აქტუალურობას არ კარგავს დღესაც
საქართველოდ დე იურე აღიარებასთან დაკავშირებით თბილისში სახალხო დღესასწაული გაიმართა
26 იანვრიდან 2 თებერვლამდე "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-4 ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაიყიდება
ნოე ჟორდანიას სიტყვა საქართველოს დე ფაქტო აღიარებასთან დაკავშირებით, 1920 წლის 14 იანვარი
გასული წლის 27 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს თარიღი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება, როგორც უმნიშვნელოვანესი და გარდამტეხი ისტორიული ეპოქის დასაწყისი. თუმცა, გასულ საუკუნეში არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანამ ევროპულ რელსებზე უფრო მყარად განაგრძო სვლა: 1918 წლის 26 მაისს მიიღეს ,,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი", რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობამ სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად დიპლომატიური მუშაობა დაიწყო. პირველად საქართველოს დამოუკიდებლობა ოსმალეთმა და გერმანიამ ცნეს.
1920 წლის 14 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო გამართულ სხდომაზე ასე მიმართა ხალხს:
,,ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა... მთელმა ევროპამ, განურჩევლად პარტიისა და კლასისა, ერთხმად გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება. და ჩვენ გვმართებს, ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით -– გავხდეთ ნამდვილი ევროპელი".
მაშინ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი სუვერენიტეტი იმდროინდელი მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს ეცნოთ. მოკავშირე სახელმწიფოები (დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი) საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას აჭიანურებდნენ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ისინი მხარს უჭერდნენ და მატერიალურად ეხმარებოდნენ რუსეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლ არმიას, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რუსეთის იმპერიის აღდგენას ისახავდა მიზნად. მოკავშირეთა პოზიცია ნაწილობრივ შეიცვალა 1920 წლის დასაწყისში, როცა რუსეთის შიდა დაპირისპირებაში სასწორის პინა ბოლშევიკების მხარეს გადაიხარა.
1920 წლის 12 იანვარს მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ დე ფაქტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა, ინგლისის წარმომადგენელი ჯორჯ კერზონი ქართველ დელეგატებს მიანიშნებდა, რომ ეს აღიარება ევროპას არ ავალდებულებდა, დაეცვა საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანა საკუთარი ძალისხმევის იმედად უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებლობის დეფაქტო აღიარება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
საქართველო დეიურე აღიარეს: ოსმალეთმა, რუსეთმა, გერმანიამ, შვეიცარიამ, ბელგიამ, საფრანგეთმა, ინგლისმა, იტალიამ, იაპონიამ, ავსტრიამ, რუმინეთმა, ჰაიტიმ, ლიბერიამ, მექსიკამ, პანამამ, სიამიმ და ლუქსემბურგმა. ოსმალეთსა და რუსეთს თავიანთი ინტერესი ჰქონდათ, გერმანია კი პირველი გახლდათ საპატიო მეგობართა სიაში.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დავით პაიჭაძე:
- საერთაშორისო თვალსაზრისით საქართველოს დამოუკიდებლობის "ნათლიად" გერმანია ითვლება. ეს ტერმინი ზურაბ ავალიშვილმა დაამკვიდრა.
დამოუკიდებელ საქართველოში გერმანიამ საელჩო გახსნა. პირველი ელჩი გენერალი ბარონი კრესენშტაინი იყო. მასთან კონსულად მუშაობდა გამოცდილი დიპლომატი, გრაფი შულენბურგი. კრესენშტაინი 6 თვე იყო საქართველოში. ის მემუარებში წერს, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდნენ არმიის შექმნას ქართველი ოფიცრები: "ქართველებს არ უნდათ, დაემორჩილონ დისციპლინას, საკუთარი ჯარისკაცებისა ეშინიათ. ჯარისკაცი რომ აგინებს ან აფურთხებს, ოფიცერი ხმას ვერ სცემს..." მაგრამ 6 თვეში არმია მაინც შეიქმნა და მან ლამის ერევანი აიღო სომხეთთან ომისას. კრესენშტაინი გაკვირვებული იყო: "ქართველებს ვეუბნებოდი, თქვენი მიზანი მეზობლებთან საზღვრების დადგენაა-მეთქი, მაგრამ რჩევას აინუნშიც არ აგდებდნენ. სამი წელიწადი ისე გავიდა, ქართველ სოციალ-დემოკრატებს არ ეცალათ ან არ უნდოდათ საზღვრების დადასტურება, ასეთი დავალება ჰქონდათ". “მართალია, პოეტურად განწყობილ ქართველებს უყვართ საკუთარ წარსულზე სულისშემძვრელი ფრაზებით ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია: 1918 წელს გასაკეთებელი ბევრი რამ დღესაც სერიოზული დაბრკოლებაა დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. სამწუხაროდ, ისევ გადაუჭრელია საზღვრების პრობლემა...
სახელმწიფოს რომ იბარებ, საზღვრებს თუ არ მონიშნავ, ე.ი. ვერაფერსაც ვერ იბარებ...
ასე რომ, წარსული დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.
მასალები აღებულია ,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-4 ტომიდან, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას გიამბობთ.