რას ყვება "ნიჭიერის" გამარჯვებული დედაზე, 15-დღიან კომასა და სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

რას ყვება "ნიჭიერის" გამარჯვებული დედაზე, 15-დღიან კომასა და სააკაშვილზე

"ჩემთვის, ქეთიც უფლის წყალობა, ასეთი კარგი რომ არ იყოს, ალბათ გამარჯვებაც არ იქნებოდა."

"170-180 კილომეტრით მივფრინავდით და ამ დროს 30 მეტრი სიმაღლიდან გადავეშვით მდინარეში. ყველა გადარჩა. მარტო მე ვიყავი 15 დღე კომაში, სრულიად გათიშული."

სიხარულისა და ტკივილის უცნაური მონაცვლეობა, ვიღაცამ ამას შეიძლება ბედისწერის თამაშიც უწოდოს, - ასე შეიძლება დაახასიათდეს თემო არაბიძის ცხოვრების 24 წელიწადი და გამარჯვება ტელეპროექტ "ნიჭიერში". მის ცხოვრებაში ფარდა საბედისწეროდ ორჯერ გადაიწია,- ერთხელ, როცა ამ ფარდამ ირგვლივ ყველაფერი ჩამოაბნელა და პატარა ბიჭი ეტლს მიაჯაჭვა; მეორედ კი ფარდა სცენაზე გაიხსნა და ირგვლივ ყველაფერი გააჩირაღდნა! ალბათ არც არსებობს, მაგრამ თუ არსებობს უსათუოდ ძალზე იშვიათად, როცა ფეხებწართმეული ადამიანი, ასე საოცრად ცეკვავდეს. თემომ კი ასე იცეკვა და ყველას აჩვენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. სწორედ ამიტომ ათასობით ადამიანმა დაურეკა და დაუდასტურა, რომ მისი ბრძოლა ცხოვრებასთან აუცილებლად გამარჯვებით უნდა დასრულდეს! ინტერნეტსივრცეში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაღებულმა ფოტომ უამრავი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ეკლიანი ეჭვები აღუძრა მავანს, თუმცა ფაქტი ერთია, თემო ცხოვრების სიყვარულის, ბრძოლისუნარიანობისა და ნებისყოფის საოცარი მაგალითია. თემო "ნიჭიერის" გამარჯვებულად და სააკაშვილის პროტეჟედ ლამის ერთდროულად გამოაცხადეს. მისგან მოისმენთ რა აკავშირებს მიხეილ სააკაშვილთან, სიკვდილ-სიცოცხლის გვირაბიდან როგორ გამოაღწია და როგორ ეხმარება დედა იმქვეყნიური ცხოვრებიდან.

- მაპატიე, რომ გახსენებ, - როგორ მოხდა, რომ ეტლს მიეჯაჭვე?

- ნუ ღელავ, ეს რომ არ "გადამეხარშა", ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა - წარმატებას ვერ მივაღწევდი. მე თერჯოლიდან ვარ. როცა 19 წლის ვიყავი, თერჯოლაში რამდენიმე ბიჭი ჩავსხედით მანქანაში და დაგვავიწყდა რომ სიჩქარისთვის არ უნდა გადაგვეჭარბებინა, 170-180 კილომეტრით მივფრინავდით და ამ დროს 30 მეტრი სიმაღლიდან გადავეშვით მდინარეში. ყველა გადარჩა. მარტო მე ვიყავი 15 დღე კომაში, სრულიად გათიშული. ამის შემდეგ ორჯერ გავიკეთე ოპერაცია. მერე კი ეტლზე გადმომსვეს...

- იმ 15 დღიდან რაიმე გახსოვს?

- მახსოვს, რომ 15 დღე ბნელ გვირაბში მივფრინავდი.

- მერე? - მერე, გვირაბში მარტო რაღაც პრიალა კუბები ჩანდა.… იმ კუბებს შორის ვფრინავდი. თითქოს რაღაც ძალა მაიძულებდა ჩემი ჯვარი მომეხსნა და იქ დამეტოვებინა. მარტო ჯვარი მახსოვდა,- წმინდა ნინოს ჯვარი ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე ვიყიდე. ვიცოდი ისიც, რომ თუ მივაღწევდი ბოლომდე, მერე გვირაბი დაიკეტებოდა, მაგრამ არ ვიცოდი მერე რა მომივიდოდა. მე ჯვარის დატოვება არ მინდოდა, ამიტომ მივფრინავდი და მივფრინავდი. ამ დროს 2 ხმა მესმოდა.

- ეს რა ხმები იყო?

- ამ ხმების აღწერა არ შეიძლება. ეს არაადამიანური ხმები იყო. მაგრამ ერთი იყო ბოროტი და ხელს მიშლიდა, მეორე – კეთილი, რომელიც მასწავლიდა გვირაბიდან გზა როგორ გამომეგნო. ასე მოვასწარი გვირაბის პირთან მისვლა, რომელიც ჩემს ზურგს უკან ჩაიკეტა. ჯვარი გამოვიტანე და ხასხასა მდელოზე მოვხვდი. მერე მოვედი გონზე. მერე იყო ოპერაციები... ფეხზე რომ ვეღარ დავდექი, დედა ძალიან ავად გახდა - სიმსივნით დაავადდა, ჩემი ბრალი იყო. არ უნდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც მოვიქეცი და ეს არ მოხდებოდა.

- არ მგონია, შენი ბრალი რამე იყოს... - შეიძლება, მაგრამ სხვანაირად მოქცევა შეიძლებოდა. დედა სიცოცხლის ბოლო დღეებში სულ ამბობდა, მე როცა მოვკვდები, შენ მაშინ მიაღწევ წარმატებებსო…

- გული უგრძნობდა?

- ჰო. დედებს ყოველთვის უგრძნობთ გული. ერთ დღეს, 2011 წლის ზაფხულში, თერჯოლაში სახლში ვიყავით, მე მამა, ჩემი და და ვიყავით ძალიან უბედურები… ამ დროს სანდრა რულოვსის დაცვამ დარეკა,- თქვენთან მოვდივართო, გაოცებისგან რა გაგვეკეთებინა არ ვიცოდით. თავად ქალბატონი სანდრა ნახევარ საათში მოვიდა,- მითხრა დედაშენმა წერილი მომწერა,- ჩემთვის არაფერი მინდა, ჩემს შვილს მიხედეო... დედა, მოკვდა-მეთქი, რომ ვუთხარი, მითხრა,- მე მოგხედავ და თბილისში ბინას გიქირავებო.

- ბინის ქირაობა რად გინდოდა?

- მე უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ მოვასწარი, მაგრამ ჩემს და სტუდენტი იყო. როცა დედა მოგვიკვდა, ჩემი გულისთვის დაანება სწავლას თავი და მე მივლიდა, თანაც ოჯახს ბინის დაქირავების საშუალება არც გვქონდა. ბინის ქირას დღემდე ისევ სანდრა გვიხდიდა, ასე გააგრძელა ჩემმა დამ სწავლა და ახლა უკვე უნივერსიტეტს ამთავრებს.

- "ნიჭიერამდე" როგორ მიხვედი?

- დედა დამეხმარა. სულ მეუბნეოდა, შენ რომ სავარძელზე ხარ, ამით არაფერი იცვლება, იბრძოლეო. ავარიის შემდეგ რამდენიმე თვე ვიწექი საწოლზე და ამ დროს "ნიჭიერიც" დაიწყო. მაშინ გავიფიქრე, როგორც ვარ, ისე უნდა ვიცეკვო-მეთქი!

- და ქეთი ზაზანაშვილიც გამოჩნდა... - დიახ. უსაყვარლესი გოგოა, ჩემთვის, ქეთიც უფლის წყალობა, ასეთი კარგი რომ არ იყოს, ალბათ გამარჯვებაც არ იქნებოდა.

- მიხეილ სააკაშვილთან გადაღებულმა ფოტომ ქართული ინეტერნეტსაიტები დაიპყრო, ლამის მის აგენტად გამოგაცხადეს...

- როცა პრეზიდენტობის ვადა გასდიოდა, დავურეკე, უნდა გნახოთ-მეთქი. მოდიო და მივედი. ფოტოც მაშინ გადავიღე. მე მიყვარს ეს ადამიანი.

- რას აპირებ ამ წარმატების შემდეგ? - 28 000 ევრო უნდა როგორმე მოვაგროვო, ამდენი სჭირდება ისრაელში სარიაბილიტაციო კურსის გავლას, რის შემდეგაც ექიმები გადაწყვეტენ გამიკეთონ ოპერაცია, თუ – არა. თუ ოპერაცია გამიკეთეს, იმედს მაძლევენ, რომ ფეხზე დავდგები. დარწმუნებული ვარ, რომ უფალი თუ მოისურვებს, ყველაფერი იქნება.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)