უშიკიშვილმა ფოლკლორის ცენტრის შენობის ნაწილი კაბალური პირობებით გააქირავა?!
"მუშაობის დაწყებისას, პრიორიტეტად რეგიონები მივიჩნიეთ, სადაც, ძალიან ცუდი მდგომარეობაა - ძველი თაობა მიდის და ახალ თაობას ფოლკლორი ნაკლებად აინტერესებს"
"გიორგი უშიკიშვილი კარგი მომღერალია და წინა ხელისუფლების ზოგიერთ ყოვლისშემძლე მინისტრთან თავისი სიახლოვით, მოახერხა, ფოლკორის ცენტრისათვის ძველ ოფისზე უფრო დიდი ფართობის მქონე შენობის მოპოვება."
"ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული გულისხმიერება და თანადგომა გამოიჩინა ამ საქმისადმი."
2013 წლის ბოლოს ფოლკლორის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გიორგი უშიკიშვილის წასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, რადგან უშიკიშვილი წინა ხელისუფლების პროტეჟედ მიიჩნეოდა. მისი ადგილი ფოლკლორის ცენტრში გიორგი დონაძემ დაიკავა. როგორ აფასებს ფოლკლორის ცენტრის განვლილი ერთი წლის საქმიანობას და რას ფიქრობს წინამორბედის მოღვაწეობაზე?! - გვესაუბრება ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე:
- ფოლკლორის ცენტრში მუშაობისას, ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეში და სტიმულია ისეთი ადამიანების თანადგომა და დახმარება, როგორებიც ბრძანდებიან უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II (მოგეხსენებათ, მე საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ), ჩვენი სასიქადულო ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, და ცენტრის თანამშრომლები. მუშაობის დაწყებისას, თავიდანვე პრიორიტეტად რეგიონები მივიჩნიეთ. სადაც, ძალიან ცუდი მდგომარეობაა - ძველი თაობა მიდის და ახალ თაობას ფოლკლორი ნაკლებად აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს. საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ საქართველოს რეგიონში გაგვეხსნა ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები. ამ საქმეში გვერდში დგომისთვის განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების: ანზორ ექომაიშვილის, ჯემალ ჭკუასელის, ფრიდონ სულაბერიძის, რობერტ გოგოლაშვილის და სხვების, ასევე ბატონ პრემიერმინისტრის. უმადურობა დიდი ცოდვაა, და ამიტომ, არ შეიძლება არ ვთქვა, რომ ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული გულისხმიერება და თანადგომა გამოიჩინა ამ საქმისადმი. ფოლკლორის დარგში ასეთი მასშტაბური ეროვნული საქმე, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ვფიქრობთ, არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია. 2014 წლის განმავლობაში, არაერთხელ ჩავედით და ვმუშაობდით ოცდაათამდე მუნიციპალიტეტში. დიდი მადლიერება მსურს გამოვხატო მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი თვითმმართველობების და შემოქმედებითი საზოგადოებების მიმართ.
- კულტურის სამინისტრო დღეს სათნადადოდ აქცევს ყურადღებას ფოლკლორს?
- აქტიურად ვთანამშრომლობთ კულტურის სამინისტროსთან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილ გიორგაძეს. მე ლოტბარი ვარ, პრაქტიკოსი ადამიანი. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან მიყვარს ქართული სიმღერა-გალობა, ჩვენ ტრადიციული თუ ძველი და ახალი პროფესიული ხელოვნება. მე მაქვს გარკვეული ხედვა ჩვენი ფოლკლორის განვითარების გზების შესახებ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ არ იქნებოდა, ან არ იქნება მხარდაჭერა, მაშინ თანამდებობას, ბიუროკრატიულ რუტინას, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, და არც დავთანხმდები, თვითმიზნურ თანამდებობაზე ყოფნას; - ჩემს მოკრძალებულ შენატანს, ქართული კულტურის განვითარების საქმეში, ანსამბლ "ბასიანში" და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდში მუშაობითაც შევიტან. უნდა ითქვას, რომ კულტურის მინისტრმა, კარგად იცის ქართული ფოლკლორის ფასი და მან პირველი შეხვედრისთანავე სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა.
სამინისტრომ მხარი დაუჭირა რეგიონული წარმომადგენლობების გახსნას - მხარდაჭერა იყო როგორც შენობების, ინფრასტრუქტურის, ასვე ფინანსური თვალსაზრისით. ცენტრისათვის გამოყოფილი თანხების ძირითადი ნაწილი, ჩვენ რეგიონებზე გადავანაწილეთ. გავხსენით სალოტბარო სკოლები. 2015 წელს ჩვენ უკვე 15 ახალი სალოტბარო სკოლა გვექნება. იგეგმება არა მხოლოდ სალოტბარო, არამედ სხვა პროფილის სასწავლებლების გახსნაც - ტრადიციული ხელოვნების დარგებში. მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე, რეგიონებზე გაკეთებული ჩვენი აქცენტი სწორი, და უფრო მეტიც - აუცილებელი და სასიცოცხლოა. ეკონომიკური თუ კულტურული მდგომარეობა, სამწუხაროდ, რეგიონთა უმრავლესობაში, ჯერჯერობით, არც თუ სახარბიელოა. რეგიონები იცლება, განსაკუთრებით ახალგაზრდობისაგან, ყველა თბილისისაკენ, ან უცხოეთში მიისწრაფის.
უნიკალური სისტემა გვაქვს აწყობილი: გამოფენები, რომლებიც გაიმართება ჩვენს ცენტრში, წავა ყველა მუნიციპალიტეტში, ფოკლორის ცენტრის წარმომადგენლობებში. გვსურს იყოს გაცვლითი პროგრამები: მაგალითად თელაველები ჩავიდნენ ხობში, ხობელები თელავში და ა.შ...
- გიორგი უშიკიშვილმა ძალიან მტკივნეულად განიცადა თანმადებობის დატოვება. იგი მიიჩნევს რომ უსამართლობა მოხდა და თქვენ რას იტყოდით? ფოლკლორის ცენტრის მართვა სწორად ხდებოდა?
- ალბათ ყველა ადამიანი მტკივნეულად განიცდის თანამდებობიდან მოხსნას. მით უმეტეს, ისინი, ვინც მიწებებულნი არიან თანამდებობაზე და მის გარეშე ყოფნა, ტრაგედიად ექცევათ ხოლმე. საერთოდ, ზოგი ადამიანი მიიჩნევს, რომ შეუცვლელია და მისნაირად საქმეს სხვა ვერ გააკეთებს, გინდაც მასზე უფროსი და ღვაწლმოსილი, მცოდნე ადამიანი. ვარჩევდი, არ მესაუბრა მის შესახებ. სჯობს, ჰკითხოთ ქართული სიმღერა-გალობის ავტორიტეტულ თუ ახალგაზრდა ლოტბარებსა და მკვლევრებს.
რა თქმა უნდა, ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები მუდამ ემსახურებოდნენ ჩვენს კულტურას, და უშიკიშვილიც მუშაობდა ამ მიმართულებით. გიორგი უშიკიშვილი კარგი მომღერალია და წინა ხელისუფლების ზოგიერთ ყოვლისშემძლე მინისტრთან თავისი სიახლოვით, მოახერხა, ფოლკორის ცენტრისათვის ძველ ოფისზე უფრო დიდი ფართობის მქონე შენობის მოპოვება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფოლკლორის ცენტრში მისვლისას, აღმოვაჩინეთ, რომ პირველი და მეოთხე სართულები კაბალური ხელშეკრულებით (რომელიც 2023 წლამდეა დადებული (!) და გადახედვას არ ექვემდებარება) გაქირავებულია რესტორანსა და ტურისტულ კომპანიაზე. უნიკალური დარბაზი, რომელშიც ვახტანგ ჭაბუკიანი მოღვაწეობდა, გაურემონტებელია და, გამოდის, რომ, ფაქტობრივად, ფოლკლორის ცენტრი მხოლოდ ორ სართულზე, სივიწროვეში მუშაობს. უნდა აღინიშნოს, რომ…რეგიონები საკმაოდ უყურადღებოდ იყო. ჩავიდოდა რეგიონში, ვთქვათ, ფოლკლორის ცენტრის დირექტორი უშიკიშვილი ან მისი წარმომადგენელი და მოუსმენდა რეგიონში ანსამბლს, და ჩვენი აზრით, ცალმხრივსა და გაუმართლებელ შენიშვნებს მისცემდა მათ და უფრო მეტიც - არ აძლევდა შემოქმედებითი მუშაობის საშუალებას. ცენტრის მხრიდან, რეგიონში მოღვაწე ხელოვანთა მიმართ, იყო უფრო მეტად მიუღებელი ტონი და შენიშვნები, და არა მათთვის ასე საჭირო მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რაც დიდი შეცდომაა.
რეგიონებში უშიკიშვილსა და მის მეგობრებზე ბევრად უფრო მცოდნე და გამოცდილი ხალხია. ფოლკლორის ცენტრი მათ მაქსიმალურად უნდა ეხმარებოდეს. წარმოიდგინეთ რა მძიმე და უანგარო საქმეა უკვე, როდესაც ბოლო ათწლეულების გაჭირვების მიუხედავად, რეგიონში დაკავებული ხარ სიმღერა-გალობით, ცეკვით, ხელოვნებით. ასეთ მოღვაწეებს დახმარება სჭირდება. ვერავინ უარყოფს როგორ იქცეოდნენ გასულ წლებში - შემოღებული იყო ე.წ. '"ლიცენზია" - რაც ხელოვნების ესთეტიკური და შემოქმედებითი ბუნებისათვის სრულიად უცხო და მიუღებელი მოვლენაა. თუ ჩათვლიდნენ საჭიროდ, მისცემდნენ ლიცენზიას, თუ არადა - არა. ამ ყველაფერმა დიდი გულისტკივილი გამოიწვია ბევრ ადამიანში. ეს გულისტკივილი იცოდა ყველამ, ვინც ჩვენს სფეროში შრომობს. ამის შესახებ ხშირად საუბრობდა ჩვენთან, აწ განსვენებული, დიდი ლოტბარი და მომღერალი, პოლიკარპე ხუბულავა. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ლოტბარებს და თავად გეტყვიან ყველანი თუ რა დღეში იყვნენ ისინი. ვენ ვცდილობთ გამოვასწოროთ, მაგრამ 9 წლის ნამოქმედარს, და იმის წინ კიდევ, უდიდესი გაჭირვების წლებში დაქცეულს, ერთ წელიწადში ვერ გამოასწორებ. ის ხალხი უნდა წარმოჩინდეს, ვინც ჩვენს ტრადიციულ ხელოვნებას 50 და 70 წელი უანგაროდ ემსახურა.
უშიკიშვილის შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემაა: ფოლკლორს და ქართულ სიმღერას პიროვნებებზე ნუ ავაგებთ! ანზორ ერქომაიშვილს, ან ჰამლეტ გონაშვილს არ უთქვამთ, ჩვენს გარეშე ფოლკლორს დაღუპავენო. თავმდაბლობა, ალბათ ყველაზე მეტად უხდება ქართულ ფოლკლორში მშრომელ ადამიანს. ქართული ფოლკლორი 2003 წლამდე არსებობდა, და 2015 წლის მერეც იარსებებს - ჩვენამდეც და ჩვენს შემდეგაც. ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, პატარა შენატანი შევწიროთ ამ სიწმინდეს. და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს თაობებს შორის კავშირით, უფროსთა პატივისცემით, თანატოლთა მიმართ სიყვარულით, განსხვავებული აზრის მქონეთა შეწყნარებით.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)