"თურქები მეკობრეობენ!" - ქართველი მეთევზეების საწუხარი
"ძვირფას თევზს ქაფშიას აყრიან და ისე გააქვთ. ახლახან თურქულმა გემმა 80 ტონა შავი ზღვის შავთვალა კეფალი დაიჭირა, ზემოდან ქაფშია დააყარა და გაიტანა"
"თურქები წესების დარღვევით მდიდრდებიან, ჩვენ კი სიღატაკეში ვიძირებით"
ქართველი მეთევზეების საწუხარი არახალია - ყველა სიძნელესთან ერთად საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიის თევზსაჭერებიც აღარ აქვს. ამჯერად ქაფშიის სეზონია. ის ჩვენს ზღვისპირეთში (და არა მარტო) მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლება. ქაფშიას ქართველი მეთევზეები თურქი მეთევზეების გვერდით იჭერენ, რომლებიც უზარმაზარი სეინერებით თევზაობენ.
"თურქები ჩვენ თვალწინ წესების დარღვევით მდიდრდებიან, ჩვენ კი სიღატაკეში ვიძირებით. იმის მაგივრად, რომ სამუდამოდ აეკრძალათ, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან კვლავ დაუშვეს აკრძალული ბადეებით თევზაობა. მათი სიგრძე 2 კილომეტრია და ზღვაში 300 მეტრის სიღრმეზე ჩადის", - მოგვწერა ერთ-ერთმა მეთევზემ.
ნორად მიმინოშვილი, მეთევზეთა კავშირის თავმჯდომარე: - თურქები მეკობრეობენ და იმ უძვირფასესი ჯიშის თევზს ანადგურებენ, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. მათი თარეშის შედეგად ჩვენში მეთევზეობაც ჩაკვდა, - თურქებმა თავის სარჩენი წყარო გადაგვიკეტეს. მთავრობამ კანონის ფარგლებში უნდა მოაქციოს ეს ხალხი. როცა თურქებმა უკრაინისა და ბულგარეთის წყლებში დაიწყეს თარეში, ადგნენ და თოფი ესროლეს! თურქულმა სეინერებმა აზოვის ზღვის ფსკერი ისე გაანადგურეს, რომ ეკოლოგებმა და მეთევზეებმა განგაში ატეხეს და ათი წლით აიკრძალა თევზის ჭერა.
- კერძოდ რა ზიანი გვადგება?
- უნდა გაუქმდეს კანონი, რომელიც თურქებს ჩვენს ტერიტორიულ წყლებში 300 მეტრი სიმაღლის ბადეებით თევზაობის უფლებას აძლევს. ეს ბადე ფსკერამდე ეშვება და რაც შეხვდება, ყველაფერს იღებს. ჩვენი ტერიტორიული წყლები მცირე სიმაღლისაა, შესაბამისად, თევზაობის უფლებას მაქსიმუმ 80 მეტრის სიღრმეზე იძლეოდნენ, რათა ზღვაში თევზი გამრავლებულიყო... ამ ბადეებს ჩვენი მეთევზეები "კაშილოკსაც" უწოდებენ. ასეთი ბადეები ე.წ. ფსკერული ტრალის პრინციპით მოქმედებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბადის ტრალი ზღვის ფსკერზე ჩადის და ფსკერს ანადგურებს. ამასობაში ქაფშიასთან ერთად, რაზეც ლიცენზია აქვთ აღებული, ყველა სხვა თევზსაც იჭერენ, რაც ამ სიღრმეზე ხვდებათ. მაგალითად, განადგურების პირას მიიყვანეს ზუთხი, რომლის დაჭერა ჩვენში აკრძალულია; უკვე მოსპეს წითელ წიგნში შეტანილი პალიასტომის ქაშაყი.
ისე იქცევიან, თითქოს ეს ყველაფერი მამა-პაპით ნაანდერძევი ჰქონდეთ. აღარავისი ეშინიათ - ძვირფას თევზს თავზე ქაფშიას აყრიან და ისე გააქვთ. ახლახან ჩვენმა მეთევზეებმა ციხისძირში ერთი ამბავი ატეხეს, - თურქულმა გემმა 80 ტონა შავი ზღვის შავთვალა კეფალი დაიჭირა, ზემოდან ქაფშია დააყარა და გაიტანა. უბედურება ის არის, რომ ხომალდების დამქირავებლები ქართველები არიან და თურქებთან ერთად ამ დანაშაულში ისინიც მონაწილეობენ - ფულზე ნამუსსა და ქვეყანას ყიდიან.
მათ ხომალდებს ციფრული აპარატურა აქვთ, იგებენ, თევზი სად არის და ბადის ერთი მოსმით ტონაზე მეტიც ამოაქვთ.
შევნატრით წარსულს, როცა გამართულ გემებზე ვმუშაობდით. მაშინ
წელიწადში 30 მილიონ ტონა თევზს ვიჭერდით და 7000 კაცი იყო დასაქმებული. ახლა 20-ოდე უბადრუკი საბჭოთა გემი გვყავს. ზოგჯერ მთელ დღეს ზღვაზე ვაღამებთ და წელიწადში 5 ტონა თევზიც ვერ გამოგვყავს, ჩვენ ხომ დიდ სიღრმეში არ ვთევზაობთ!
თურქული ბადეებიც რომ გვქონდეს, ჩვენ შორის არ მეგულება კაცი, რომელიც საკუთარ ზღვას ფსკერიანად მოხვეტავს და ხვალინდელ დღეზე არ იფიქრებს. ნაპირზე ცელოფანის პარკებით გვხვდება ხალხი - თევზი გვაჩუქეთო. ეს ხდება ფოთში, რომელიც თევზით საქართველოს უნდა ინახავდეს...
ნინო ორჯონიკიძე, საქართველოს თევზის მომპოვებელ ლიცენზიანტთა ასოციაციის ხელმძღვანელი: - წლების წინ რამდენიმე ქართულმა კომპანიამ 10 მილიონად შეიძინა ჩვენს წყლებში თევზაობის ლიცენზია და ვინაიდან ხომალდები არ გვყავდა, თურქული ხომალდები დაიქირავეს. სწორედ ეს ხომალდები თევზაობენ ჩვენს წყლებში.
- მეთევზეები აპროტესტებენ, რომ არსებული კანონით, ანუ 300 მეტრ სიღრმეზე თევზაობით ზღვის ფლორა და ფაუნა ნადგურდება.
- ასეთი ბადეები მსოფლიო თევზის რეწვაში აპრობირებული რომ არ იყოს, ვერც ჩვენთან მოხვდებოდა.
...ქალბატონმა ნინომ არ დააკონკრეტა, რომ იქ, სადაც მსგავსი ბადეებით თევზაობენ, ზღვის სიღრმე ამის საშუალებას იძლევა თუ არა. ჩვენ ვთხოვთ გარემოს დაცვის სამინისტროს, გაითვალისწინოს სტატიაში წამოჭრილილი პრობლემა და ქართველ მეთევზეებთან ერთად მისი გამოსწორების გზა დასახოს.