მიესაჯოს... სიკვდილი! - "ჯალათი ფიზიკურად ძლიერი და ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო"
ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონია საშუალება, იმ ჯურღმულში ჩაეღწია, სადაც სიკვდილმისჯილებს სჯიდნენ. წლების წინ შემთხვევით გავიგე იმ ადამიანის ვინაობა და ადგილსამყოფელი, რომელიც განაჩენს აღასრულებდა და უკვე ხანდაზმულთან ინტერვიუ ჩავწერე ჟურნალ "გზისთვის" (მაშინ სიკვდილით დასჯა უკვე გაუქმებული იყო). ბუნებრივია, გამიჩნდა სურვილი, საკუთარი თვალით მენახა სიკვდილმისჯილთა საკნები და სასჯელის აღსრულების ოთახი. საამისოდ პირადი კონტაქტები გამოვიყენე და "ექსკურსიის" უფლება მოვიპოვე, ოღონდ ფოტო და ვიდეოგადაღების გარეშე და პირობაც დავდე, რომ არაფერს დავწერდი. მას შემდეგ წლები გავიდა და ჩემს პირობასაც "ხანდაზმულობის" ვადა გაუვიდა. მაშინ ჩემმა მასპინძელმა გამატარა ის გზა, რომელსაც სიკვდილმისჯილები გადიოდნენ, თან მცველებად კბილებამდე შეიარაღებული ორი მამაკაცი მახლდა. ჩემს წარმოდგენაში დახატული ბნელი დერეფანი და საკნები განათებული აღმოჩნდა. თუმცა, ამ განათებულ დერეფანში მიმავალი ვგრძნობდი, როგორ მომდევდა სიკვდილის აჩრდილი... ვცდილობდი, წარმომედგინა, რას განიცდიდნენ სიკვდილმისჯილები, მაგრამ ჩემი შეგრძნებები რა მოსატანია იმასთან, რასაც რეალურად გრძნობს ადამიანი, რომელიც სიკვდილთან შესახვედრად მიდის.
ორთაჭალის ციხე ახლა აგურ-აგურ დაშლილია, აღარ არსებობს ის ოთახებიც, სადაც ასობით ადამიანს ხვრეტდნენ. სიკვდილმისჯილებსა და სასჯელის აღსრულების დეტალებს ციხეებისა და კოლონიების ყოფილი უფროსი, ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა იხსენებს:
რისთვის ხვრეტდნენ
საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯას რამდენიმე მუხლი ითვალისწინებდა. ეს გახლდათ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ერთი, ორი ან რამდენიმე კაცის მკვლელობა, გაუპატიურება მკვლელობით, სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გაფლანგვა... კიდევ იყო რამდენიმე მუხლი, მაგრამ იმ მუხლებით თითქმის არავინ გაუსამართლებიათ.
ერთი ამბავი მახსენდება: მეზობლები დაკრძალვაზე იყვნენ. მამაკაცმა ქელეხის შემდეგ მეზობლის ქალი მანქანით წამოიყვანა და გზაში მისი გაუპატიურება დააპირა. თავის სახლთან რომ არ ჩამოსვა, ქალი განზრახვას მიუხვდა, მანქანიდან გადმოუხტა, თავი დაარტყა და ტვინის შერყევა მიიღო. კაცმა მაინც გააუპატიურა, შემდეგ მიიყვანა და ჭიშკართან დასვა. ქალი რამდენიმე წუთში მოკვდა. ალიაქოთი რომ ატყდა, დამნაშავე მილიციას ჩაჰბარდა, მაგრამ მაინც დახვრიტეს.
ჯალათი
ჯალათი ფიზიკურად ძლიერი, ჯანმრთელი და ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა ყოფილიყო. იქ დაძალებით არავის ამუშავებდნენ, ყველა თავისი სურვილით მუშაობდა. მისი თანამდებობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, ოჯახის წევრებმაც კი არაფერი იცოდნენ. მათ უსაფრთხოებას კანონი იცავდა და ინფორმაციის გამჟღავნებისთვის 25-წლიანი ციხე იყო.
სასჯელის აღსრულების წინ, რამდენიმე საათით ადრე, ბუღალტერია ჯალათს ფულს აძლევდა 200 გრამი არყისა და საუზმის საყიდლად. ნასვამი კაცისთვის გაცილებით იოლია ამ საქმის გაკეთება. სხვათა შორის, 40 წელი ვიმუშავე პენიტენციარულ სისტემაში და არც ერთი ქართველი ჯალათი არ მინახავს. მხოლოდ ოსი და რუსი ჯალათები იყვნენ. დიდხანს ვერც ერთი ვერ ძლებდა. ზოგს მუშაობის პერიოდშივე ფსიქიკა შეერყა და გაუშვეს, ზოგიერთი თავისით წავიდა. ცივი, უსიცოცხლო მზერა ჰქონდათ. აბა, როგორია? ლამის ყოველდღიურად კლავ კაცს. ხელფასი დაახლოებით 1.000 მანეთი ჰქონდათ (მაშინ წარმოუდგენლად დიდი ფული იყო), გარდა ამისა, ფულადი წახალისება, პრემიები, ჯილდოები, სარგებლობდნენ უფასო საგზურებით, საუკეთესო კურორტებზე დადიოდნენ ოჯახებიანად.
იყო ასეთი კაცი, გვარად შაშულკინი. 30-იან წლებში, რეპრესიების დროს, "ხალხის მტრებს" ის ხვრეტდა. რესპუბლიკიდან რესპუბლიკაში დაჰყავდათ და ათასობით კაცს უღებდა ბოლოს. საქართველოშიც ის აღასრულებდა განაჩენს. იმ წლებში ორთაჭალაში ციხის მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელი იყო. სწორედ იმ ტყეში გაჰყავდათ დასახვრეტად და იქვე მარხავდნენ დახოცილებს.
უსამართლოდ აღსრულებული განაჩენი
ერთხელ მკვლელის მაგივრად მისი დეიდაშვილი დაიჭირეს. მკვლელმა დანაშაული არ აღიარა და უდანაშაულო კაცს დახრეტა მიუსაჯეს. 6-7 თვის მერე მკვლელს სინდისი გაეღვიძა და დანაშაული აღიარა. ის დახვრიტეს, მისი სიკვდილმისჯილი დეიდაშვილი კი გაუშვეს, მაგრამ 26 წლის ბიჭი ერთიანად თმაგათეთრებული გავიდა ციხიდან. ფაქტობრივად, მკვდარი იყო. წარმოიდგინეთ, 7 თვე ყოველდღე ელოდა სიკვდილს.
ყოფილა შემთხვევა, უდანაშაულოებიც დაუხვრეტიათ. ერთ აფხაზ ახალგაზრდას ყაჩაღობისთვის 10 წელი ჰქონდა მისჯილი. სულ გაიძახოდა, საბჭოთა კავშირში სამართალი არ არისო, წერდა განცხადებებს, გზავნიდა მოსკოვში, აკრიტიკებდა რეჟიმს... არავინ აქცევდა ყურადღებას. ბოლოს იმდენი წერა, რომ ერთ დღეს მოსკოვის ცენტრალური კომიტეტიდან მართლაც ჩამოვიდნენ, შეხვდნენ პატიმარს და უთხრეს, აი, მოვედით და რით შეგიძლია, დაამტკიცო, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ არისო? ახლავე გეტყვით, 2 კაცი მოვკალი, გვამები არ უნახავთ, 3 უდანაშაულო კაცი დააკავეს, 2 დახვრიტეს, ერთს კი დიდი სასჯელი მისცეს, ამის მერე შეგიძლიათ, მითხრათ, რომ სამართალი არსებობსო? გადაამოწმეს საქმე. გვამები მართლაც არ იყო ნანახი, ხალხი კი უკვე დახვრეტილი ჰყავდათ. ისევ შეხვდნენ პატიმარს: შეგიძლია, გვამები სად დამარხე, ის ადგილი გვაჩვენოო? - კიო. გადააფრინეს სოხუმში, მიიყვანა და აჩვენა გვამები. ასე დაამტიცა, რომ საბჭოთა კავშირში სამართალი ნამდვილად არ იყო, თან, ეტყობა, სინდისმაც შეაწუხა, მის გამო სხვები რომ დახვრიტეს.
ვინ ესწრებოდა დახვრეტას
სასჯელაღსრულების სისტემაში იქმნებოდა კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 2 ჯალათი (ერთი რომ ავად გამხდარიყო, შემცვლელი ჰყოლოდა), ექიმი, პროკურორი, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი, ციხის უფროსი. კომისიის წევრებიდან არავინ ესწრებოდა დახვრეტას. ჯალათი აღასრულებდა განაჩენს, ექიმი აფიქსირებდა გარდაცვალების ფაქტს, შემდეგ კომისიის წევრები ნახულობდნენ გარდაცვლილს, შედგებოდა ოქმი და ყველა მოაწერდა ხელს. თუმცა, კომისიის წევრებიდან ფაქტის სანახავად მხოლოდ ექიმი მიდიოდა.
განაჩენის გამოტანიდან აღსრულებამდე
სიკვდილმისჯილ პატიმარს ატყუებდნენ, თითქოს შეუცვალეს დახვრეტა და შეიწყალეს, - გილოცავთ, განაჩენი შეგიცვალეს, ციხის უფროსი თავად დაგელაპარაკებაო. ასე გამოჰყავდათ საკნიდან და მიჰყავდათ დასახვრეტად. ერთხელ სიკვდილმისჯილ პატიმარს, სენაკელ ფრიდონ ქარცხიას, რომელიც მკვლელობისთვის იყო გასამართლებული და შეწყალებას ელოდა, უარი მოუვიდა. პოლკოვნიკი შავიშვილი შევიდა მასთან და უთხრა, გილოცავთ, განაჩენი შეგიცვალესო. ვის ატყუებთო, არ დაუჯერა ფრიდონმა, შტირი ჰქონია გამზადებული და შავიშვილს კისერში ისე ჩაარტყა, რომ გულამდე გაუყარა და მოკლა. ამის მერე ტაქტიკა შეცვალეს: ყველა სიკვდილმისჯილი ყოველდღე, პირველ საათზე ექიმთან სათითაოდ გაჰყავდათ. ექიმი გაესაუბრებოდა და იქიდან დასახვრეტად მიჰყავდათ. ამიტომ ვეღარ იგებდნენ, როდის ვისი განაჩენი მოჰყავდათ სისრულეში. ექიმიდან გასულს სხვა მიმართულებით, გვირაბით რომ წაიყვანდნენ, ხვდებოდა და ღრიალს იწყებდა... თუ ძალიან იყვირებდა, ჩვარს ჩაუდებდნენ პირში. ციხის უფროსთან შეყვანის შემდეგ, როდესაც პატიმარს აუწყებდნენ, რომ შეწყალებაზე უარი ეთქვა და განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ, სიკვდილმისჯილი გამოშტერებული, არაფრის მთქმელი თვალებით უყურებდა... იქიდან ზოგი ვაჟკაცურად გამოდიოდა, ზოგს მუხლები ეკვეთებოდა და მიათრევდნენ... ბევრი მოთქვამდა, არაადამიანურად ბღაოდა... ზოგი ჩაისველებდა ან ჩაისვრიდა ხოლმე შიშისგან.
პატიმარი მიწისქვეშა ოთახში ჩაჰყავდათ. ოთახი შუაში ფარდით იყო გაყოფილი. ორივე მხარეს ნახერხით სავსე ორმო იყო. სიკვდილმისჯილი უნდა დაწოლილიყო, ორმოში ჩაედო თავი და ჯალათი ამის შემდეგ ესროდა კეფაში. იყო შემთხვევა, რომ პატიმარი არ წვებოდა, წინააღმდეგობას უწევდა. ჯალათი ჩაარტყამდა თავში, გათიშავდა, მიათრევდა ორმოსთან, ჩააყოფინებდა თავს და ხვრეტდა. თუ იმ დღეს კიდევ სხვა პატიმარიც იყო დასახვრეტი, დახვრეტილს ფარდის უკან გადააწვენდნენ, იქ მეორე ორმოში თავს ჩააყოფინებდნენ, რომ დაწრეტილიყო სისხლისგან, და მომდევნო სიკვდილმისჯილს ხვრეტდნენ...
სხვა ქვეყნებში ბოლო სურვილს უსრულებენ სიკვდილმისჯილს, საბჭოთა კავშირში ეგ არ იყო.
სასაფლაო
დახვრეტილს გაახვევდნენ პლედში და ღამის 12 საათზე მიჰქონდათ დასამარხავად. ამ პროცესს ციხის უფროსი ხელმძღვანელობდა. სასაფლაოდ იაღლუჯაზე იყო ადგილი გამოყოფილი. პლედში გახვეულ ცხედარს ქლორს დააყრიდნენ, რომ ჩქარა დაშლილიყო და ისე ფლავდნენ მიწაში. სიკვდილმისჯილი ისე უნდა დამარხულიყო, რომ კვალი არ დარჩენილიყო. შემდეგ ციხის უფროსი ოქმს შეადგენდა, ჩამოწერდა პატიმარს და ეგ იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ატყობინებდნენ ოჯახის წევრებს, რომ განაჩენი სისრულეში იყო მოყვანილი. დახვრეტილის დამარხვის უფლება ოჯახს არ ჰქონდა. ფრიდონ ქარცხიას ოჯახი 20 ათას მანეთს იხდიდა, ოღონდ საფლავი გვეჩვენებინა. ჯერ ერთი, არ ვიცოდი, მაგრამ რომც მცოდნოდა, ვერ ვეტყოდი.
სიკვდილმისჯილი ქალები
იყვნენ სიკვდილმისჯილი ქალებიც, ძირითადად, მკვლელობისთვის. ქალები კაცებზე სასტიკ დანაშაულებს სჩადიან.
ერთხელ ქართველი გოგონები, სამედიცინო ინსტიტუტის V კურსის სტუდენტები, ჩავიდნენ სოხუმში დასასვენებლად. იქ ბიჭები გაიცნეს. ატარეს ამ ბიჭებმა აქეთ-იქით, საღამოს წაიყვანეს სასტუმროში, სასმელში რაღაც ჩაუყარეს, გათიშეს და გააუპატიურეს. მეორე დღეს გოგონებმა არაფერი თქვეს, ბიჭებს საღამოს ისევ შეხვდნენ. ახლა ამათ ჩაუყარეს სასმელში რაღაც, დააძინეს, დაკოდეს კაცები და იქვე დაულაგეს სათესლე ჯირკვლები. მაშინ ორივე მხარე გაასამართლეს: მამაკაცები - გაუპატიურებისთვის, ქალები - სხეულის განზრახ დაზიანებისთვის. ქალი რომ მოიფიქრებს, ისეთს მამაკაცი ვერ მოიფიქრებს.
ქართველი ჯალათი: - ეგ არის, ღმერთის მეშინია!..
(ნაწყვეტი ინტერვიუდან ჟურნალი "გზა" 2003).
- თუ გახსოვთ პირველი მსჯავრდადებული, რომელიც დახვრიტეთ?
- მახსოვს, გუშინდელ დღესავით მახსოვს... ახალგაზრდა ბიჭი იყო. ნომერი მითხრეს პატიმრის და ინსტრუქტაჟიც ჩამიტარეს. კამერიდან გამოყვანისას არასოდეს ვეუბნებოდით, რომ დასახვრეტად მიგვყავდა ან ნათესავთან პაემანი იყო მიზეზი, ან უფროსთან გამოძახება... სიკვდილმისჯილთა საკნები მიწის ქვეშ მდებარეობდა. გრძელი დერეფნის აქეთ-იქით განლაგებულ ოთახებში უმეტესად, სიწყნარე სუფევდა. გამოვიყვანე ეს პატიმარი, გავიგდე წინ, ვუყურებ მის კეფაზე იმ ადგილს, სადაც იარაღი უნდა მივაბჯინო და ვფიქრობ: არ უნდა შემეცოდოს! – თან, გონებაში წარმოვიდგინე თითქოსდა მის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული, რომელიც სინამდვილეში, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო...
- ასე დაწვრილებით რატომ აღმიწერეთ ეს სცენა?
- ამას გონებაში ყოველდღე ვიმეორებ. ალბათ ასობით კაცი მაინც მეყოლება დახვრეტილი, მაგრამ ყოველთვის, პირველი მაგონდება...
დახვრეტის შემდეგ ოთახში მარტო ვიჯექი და ვტიროდი. მანამდე, მეგონა, რომ უფრო იოლად მოვახერხებდი ამას.
- კიდევ რომელიმე მსხვერპლი თუ დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
- კი, ორი ძმა იჯდა, ოღონდ - სხვადასხვა საკანში. ერთის დახვრეტა მე მომიხდა. როდესაც დერეფანში გამოვიყვანე, ძმას გასძახა: ჩემი დრო უკვე მოვიდა, ბიჭო, არ შეგეშინდეს, იქ გელოდები და გამაგრდიო!... ტანში გამცრა. ხელი ვკარი, რომ გაჩუმებულიყო. ფეხები ამიკანკალდა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, ანგელოზივით ბიჭი იყო, მაგრამ რას ვიზამდი?!.
- ისე ლაპარაკობთ, თითქოს ქათამი დაკალით...
- ეჰ, რა უნდა ქნა კაცმა... თქვენი გაკიცხვა არაფერია - ეგ არის, ღმერთის მეშინია!..
სსრკ-ში სიკვდილით დასჯა სამჯერ გაუქმდა
საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯა სამჯერ გაუქმდა. პირველად ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ, 1917 წელს, მაგრამ რევოლუციის მტრების დასჯის მიზნით მალევე - 1918 წელს აღადგინეს. შემდეგ, 1920 წელს ისევ გააუქმეს, მაგრამ 30-იან წლებში მასობრივი რეპრესიები დაიწყო, რის გამოც ისევ აღადგინეს და 1947 წლამდე მოქმედებდა. 1950 წელს დახვრეტა ისევ დაუშვეს და ეს კანონი მოქმედებდა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლომდე...
საქართველოში სიკვდილით დასჯა პარლამენტმა 1997 წლის 11 ნოემბერს გააუქმა...
მარი ჯაფარიძე