"პური არ უნდა გაეძვირებინათ!" - როგორ დაარტყა ცნობილი ადამიანების ჯიბეს გაძვირებულმა ფასებმა
"სურსათის გაძვირება საშინელებაა, მაგრამ ჩემს ასაკში უფრო მეტად მტკივნეულია მედიკამეტების გაძვირება"
"ძველმა მთავრობამ "ჩარეცხილები" გვიწოდა, კულტურის ახალმა სამსახურმა კი, "ნაფტალინში ჩადებული"... ასე რომ, მათთვის ჩვენი სატკივარი სულ ერთია."
"სესხიც მაქვს აღებული ბანკიდან დოლარში, როგორც გარშემო ძალიან ბევრს, მეც გაძვირებული ვალის გადახდა მიწევს."
"პური 10 თეთრით გაძვირდა, ქალბატონო" - აუხსნა კონსულტანტმა გოგონამ ჩემს გვერდით მდგომ სათვალიან მოხუცს, რომელიც აკანკალებული ხელით ხურდას ითვლიდა... "მოუსწრიათ!" - ჩაილაპარაკა თავისთვის და ერთი პური უკან დააბრუნა...
გაძვირებული სურსათის არასრული ჩამონათვალი ასეთია: - 1 ლ. ზეთი საშუალოდ 2.50-დან 3 ლარამდე გაძვირდა, 1 კგ. შაქარი - 1.4-დან 1.55 ლარამდე, ჩაი "გრინფილდი" - 3-დან 3.7 ლარამდე, ყავა "ჟოკეი" 4.5-დან 5.5 ლარამდე, 1 კგ ვერმიშელი 1, 50 ლარიდან 1, 75-მდე...
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის ოფიციალურ მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, - მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 0.9%-ით. საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე 2.4%-ით. ფასები გაიზარდა ასევე ამბოლატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (0.3%).
გაუფასურებული ლარის ფონზე გაძვირებულ ცხოვრება მოსახლეობის თავსატეხად იქცა.
დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი:
- ჩვენს ოჯახში საჭირო რაღაც-რაღაცეებს მეუღლე ყიდულობს. ამასწინათ მითხრა, ადრე რომ მყოფნიდა, ის თანხა ახლა აღარ მყოფნისო. არსებული რეალობით კმაყოფილი როგორ უნდა ვიყვე. გარშემო ყველაფერი გაძვირდა და ამის ფონზე, ჩემი ხელფასი ნელ-ნელა უფასურდება... ეკონიმიკური განათლება არ მაქვს, ხან საინფორმაციო გამოშვებას მოვუსმენ, ხანაც - ვინმე ჭკვიან ადამიანს და ვატყობ, რომ მთლად სიკეთისკენ არ მივდივართ. თუ რამე სასწრაფო ღონე არ იხმარეს, შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მივიდეთ... ასე რომ, ნამდვილად არ მახარებს ეს ყველაფერი, მით უფრო, რომ სესხიც მაქვს აღებული ბანკიდან დოლარში, როგორც გარშემო ძალიან ბევრს, მეც გაძვირებული ვალის გადახდა მიწევს, რაც გვარიანად მაზარალებს. ძალიან მინდა მოვესწრო სტაბილურ ქვეყანაში ცხოვრებას.
შალმა რამიშვილი, ჟურნალისტი:
- ფასების გაძვირება მეც ვიგრძენი, რადგან გაძვირდა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები... ფასები გაძვირების ტენდენცია პირდაპირ არის მიბმული ლარის კურსზე, რომელიც ბოლო დროს თითქოს სტაბილურდება, მაგრამ ჩემი აზრით, ის ძველ კურსს აღარ დაუბრუნდება. ვფიქრობ, რომ ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა დოლარის აჟიოტაჟური მოთხოვნით იყო გამოწვეული, რაც მთავრობის პასიურობამ გამოწვია, - მათ დროულად ვერ მოახერხეს საზოგადოებისთვის შექმნილი ვითარების ახსნა.
ნუგზარ კვაშალი, მომღერალი:
- დიახ, ფასების ზრდა პირდაპირ ვიგრძენი, სურსათის გაძვირება საშინელებაა, მაგრამ ჩემს ასაკში უფრო მეტად მტკივნეულია მედიკამეტების გაძვირება. ჩემი თანატოლები და მეგობრები, რომლებიც მუდმივად იღებენ რაღაც კონკრეტულ მედიკამენტს, ძალზე ცუდ დღეში არიან... არადა, ეს ადამიანები ჩემი თაობის ხალხია, ძირითადად, ხელოვანები, ქვეყანაში მათი მონაწილეობით აღარც კონცერტები იმართება და აღარც სხვა რამ ღონისძიებები. ძველმა მთავრობამ "ჩარეცხილები" გვიწოდა, კულტურის ახალმა სამსახურმა კი, "ნაფტალინში ჩადებული"... ასე რომ, მათთვის ჩვენი სატკივარი სულ ერთია... გუშინ გავიგე, რომ პური გაძვირდა, რამაც კიდევ უფრო მეტად შემაწუხა. ვიცი, რომ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ძალიან ბევრი ადამიანის ძირითადი საკვები პურია... ნეტა ვინმეს აინტერესებს, როგორ უნდა იარსებონ ამ ადამიანებმა?! ასეთი საქართველო ძალიან ცუდ შედეგამდე მივა. პური მაინც არ უნდა გაძვირებინათ, არა!
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)