ლევან ვასაძე გიგი უგულავას პასუხობს
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბიზნესმენ ლევან ვასაძის წერილი "გარყვნილების პროპაგანდის ანატომია". იანვარში ბიზნესმენის პუბლიკაციას თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოეხმაურა წერილით: "ბოლო ჟამის მქადაგებელი – ლევან ვასაძის ჭმუნვების პასუხად". წერილში უგულავა "გარყვნილების პროპაგანდის ანატომიაში" ვასაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებს და მას სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს. "ვასაძის წარმოდგენით საქართველოს და მსოფლიოს ერთადერთი პრობლემა გარყვნილი დასავლეთია და ლიბერალიზმია. კვლავ არც ერთი სიტყვა რუსეთზე. სავარაუდოდ ჩვენ და რუსეთს დასავლეთის მავნე ზემოქმედება ერთნაირად გვემუქრება და ალბათ ერთიანი ფრონტითაც უნდა ვიბრძოლოთ", - წერს უგულავა "ბოლო ჟამის მქადაგებელში". გთავაზობთ ლევან ვასაძის საპასუხო წერილს
"გიგი გამარჯობა! გადმომიგზავნეს შენი ჩემდამი შეურაცხმყოფელი ბლოგი(რამდენი გიწვალია) და ჩემდა გასაკვირად, გადავწყვიტე მეპასუხა - პირდაპირ შენდამი მომართვით.
მე, ზრდილობის ჩემეული გაგებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად ვერიდები ხოლმე პიროვნულ დაპირისპირებებსა და ადამიანების დასახელებას, (იმ იშვიათი, სამწუხაროდ აუცილებელი გამონაკლისების გარდა, როდესაც პიროვნება რეჟიმისა თუ პარტიის სინონიმი ხდება) მით უმეტეს მათი, ვისაც ვიცნობ. და ყოველთვის ვცდილობ გავაკრიტიკო თავად ორგანიზაცია, ან რეჟიმი (როგორც თქვენს შემთხვევაში,) ან იდეოლოგია, რომელსაც არ ვეთანხმები.
მაგრამ რა გაეწყობა, რადგან შენ ასე არჩიე, ასე იყოს. არ მინდა უპასუხოდ დაგტოვო, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა თავი გაგიყადრო. თანაც თავად ამბობ რომ გიხალისებ ციხის ერთფეროვნებას და თუმცა მე, როგორც ალბათ ხვდები, შენს გასახალისებლად ამას არ ვაკეთებ, იქნებ ამისათვის მაინც გამოგადგეს ჩემი ეს პასუხი, სხვა რამისთვის თუ არა.
არ დამიჯერებ, მაგრამ ჩემი ძირითადი ემოცია შენი წერილის წაკითხვის შემდეგ არის შენდამი თანაგრძნობა. ისეთ განსაცდელში მყოფ კაცს, (მე მხოლოდ ციხეს არ ვგულისხმობ), როგორშიც შენ ხარ, მხოლოდ გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება მინდა გისურვო. გონზე მოსვლას არ გისურვებ, უფრო მეტად რომ არ გაგაჯიუტო და არ დაგაბრკოლო, ეს სამწუხაროდ, ისედაც არ გაკლია.
და თუმცა მე ამასწინათ ვთქვი სააკაშვილზე - იმედია ჩამოვა საქართველოში და ჩაჯდება ციხეში-მეთქი, მაგრამ ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მისი დარჩენილი სიცოცხლისათვის ერთადერთ, მისთვისვე სასიკეთო გამოსავლად მიმაჩნია იმის ფონზე, რაც თქვენ აკადრეთ საკუთარ ხალხსა და სახელმწიფოს.
მე არ აგყვები პირად შეურაცხყოფებზე, ღმერთმა შეგინდოს. უბრალოდ პასუხს გაგცემ შენს ალოგიზმებზე, რათა კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს საშუალება ქვეყნისათვის სამკვდრო–სასიცოცხლო იდეოლოგიურ დისკუსში მონაწილეობისათვის. ეს დისკუსია ნებისმიერი ჩვენთაგანის გარეშეც მიმდინარეობს საზოგადოებაში და იგი აუცილებლად ეროვნული სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის აღდგენითა და გამარჯვებით დასრულდება. იდეოლოგიისა, რომელშიც ადგილი ექნება ნებისმიერ ეროვნულ, თუ რელიგიურ უმცირესობას, როგორც ეს ყოველთვის იყო და არის საქართველოში, მაგრამ არ ექნება ადგილი ე.წ. "ტოლერანტობას" ამოფარებული ჭინკების ოინებს.
არც შენს ფსევდო–თეოლოგიურ ჭინთვებს ვუპასუხებ, შემინდე აქ ამ უხამსი ეპითეტისათვის, მაგრამ მაგ ჭინთვისას შენ მე კი არა, არამედ სარწმუნოებას შეურაცხყოფ და ამიტომ ვაძლევ თავს ასეთი შეფასების უფლებას. ყოველთვის მეცინება ხოლმე თქვენებურების დაუოკებელ სურვილზე - აუხსნათ ეკლესიას, რომ მას ბიბლია არ ესმის.
ის კაი კაცი, სემინარიაში რომ გეუბნებოდა - მართლმადიდებლები სახარებას კი ვკოცნით, მაგრამ არ ვკითხულობთო - ეტყობა, შენსავე სავალალო სულიერ მდგომარეობას ჭვრეტდა და გაფრთხილებდა, თუ, რა თქმა უნდა, შენსავით სემინარისტ–რევოლუციონერი არ იყო, შენ კი, სამწუხაროდ, ეს წმინდა ეკლესიის კრიტიკად ჩაგითვლია.
საერთოდ საინტერესოა, რომ მე "გარყვნილების პროპაგანდის ანატომიაში" მართლმადიდებლობაზე არ ვსაუბრობ და მხოლოდ ერთგან ვახსენებ მას, შენ კი საპასუხო წერილში ამ თემაზე იდენ მწვალებლურ დუჟს, ესეც რაღაცის სიმპტომია.
შენ ანტისემიტობას მაკადრებ, მაგრამ რომ გითხრა, რომ მე მეტი ებრაელი მეგობარი მყავს, ვიდრე შენ საერთოდ მეგობარი-მეთქი, ალბათ გეწყინება. თქვენი რეჟიმი არ იყო ებრაელ ბიზნესმენებს ციხეში რომ ღორის ხორცის ჭამას აძალებდა, სანამ ისრაელის სახელმწიფომ აფხაზეთში გენერალიტეტი არ გააგზავნა თქვენი სიგიჟეების საპასუხოდ?!
შენ ფაშიზმს მაკადრებ, არ კი იცი, რომ ფაშიზმი იმ იდეოლოგიის ერთ-ერთი პირმშოა, რომელსაც შენ ემსახურები ასე ტლანქად. უცხოელი ავტორების ციტირება გყვარებია, წაიკითხე ერთ-ერთ, მაგალითად, სკოტ ლაივლისა და კევინ აბრამსის "Pink Swastika" და ნახავ, რომ ფაშისტების ლიდერების უმრავლესობა მამათმავლები იყვნენ და მიხვდები, რომ ამრიგად ლიბერასტულ იდეოლოგიაში ბოლომდე გარკვეული და მისი ცნობიერად და არა პროვინციულად მიმდევარი კაცისათვის, ფაშიზმი შეურაცხოფა კი არა - კომპლიმენტია.
ფაშიზმისა და მამათმავლობის მედიაში დაშორიშორება მხოლოდ ბოლო წლებში მოხდა, როდესაც შენმა პატრონებმა გადაწყვიტეს, მამათმავლობის პროპაგანდა ოჯახების დასანგრევად გამოეყენებინათ და "თავისუფლების დროშით" გათითოკაცებული ადამიანები სამომხმარებლო ვალებსა და ხორციელი სიამოვნების მიმართ დაემონებინათ და ამიტომ მისი ფაშიზმის გვერდით დგომა აღარ გამოადგებოდათ. მანამდე კი, ფაშიზმი და მამათმავლობა მშვიდად კოჰაბიტირებდნენ დასავლურ კლიშეებში. თუ არ გჯერა და ლაივლისა და აბრამსის წასაკითხად თუ ვერ მოიცლი, მაშინ პრიმიტიული ფილმოგრაფიული მაგალითისათვის გაიხსენე ჩვენი თაობის საკულტო "Blues Brothers"-ში ფილმის გმირების მდევნელი მამათმავალი ფაშისტები.
ამავე იდეოლოგიის პროპაგანდაა ისეთი ფსევდო–მეცნიერული სიბრიყვეები, როგორიცაა ის, რომ თურმე ყველა ქვეყნის მოსახლეობის 8–10% მამათმავალია (ან ნებისმიერი სხვა ფიქსირებული პროცენტი), როგორც შენ წერ.
შენ თავი მოგაქვს დასავლეთის აპოლოგეტად და ასახელებ ფერგიუსონის დასავლურობის 6 პრინციპს. მოდი ერთი შევხედოთ, რა უქენით თქვენ თქვენი რეჟიმის მმართველობის დროს საქართველოში ამავე, შენს სალოცავ 6 პრინციპს:
შეჯიბრებითობა (კონკურენცია) - რა დატოვეთ თქვენ მისგან საქართველოში, პოლიტიკურ სისტემაში, მედიასა თუ სამ შტოს შორის ბალანსსა და შეპირწონებაში?! თქვენ დაამყარეთ პარტიული ჰეგემონია, მართული, დაფინანსებული ფსევდო–ოპოზიციით, "გადაუარეთ" მედიას და ის სრულიად შთანთქეთ და დაიმორჩილეთ. სასამართლო აქციეთ პრეზიდენტის მონა გენერალური პროკურორის ბრძანებების ნოტარიუსად, პარლამენტი და მთავრობა კი –პრეზიდენტის სამდივნოებად.
მეცნიერება - ქართული მეცნიერებისათვის არავის მიუყენებია ისეთი ზიანი, როგორიც თქვენ მიაყენეთ. თქვენ მასობრივად დახურეთ და გაანადგურეთ სამეცნიერო ინსტიტუტები, დარჩენილები კი გააერთიანეთ და ისინი თქვენს მსახურებს აჩუქეთ. მათ კი თქვენი მითითებით, იქ "ჩარეცხეს" ათიათასობით მეცნიერი და სიცოცხლე მოუსწრაფეს მათ. და ფული, რომელიც შეგეძლოთ მეცნიერებისათვის მოგეხმარებინათ, უფუნქციო, ზიზილ–პიპილო ხიდებსა, მილებსა და შენობებში გაუშვით, რათა ყროყინით აღგენიშნათ მათი სათითაოდ გახსნა. საშუალო განათლების სისტემა პრაქტიკულად მოსპეთ და პოლიციას დაუქვემდებარეთ მისი მენეჯმენტი. იმ იშვიათ დონორებს კი, რომლებიც რეგიონისათვის უპრეცედენტო ინვესტიციებს ვაკეთებდით ამ სფეროში, არავითარ მხარდაჭერას არ გვთავაზობდით და პირიქით, თვეობით ლიცენზიებსაც კი არ გვაძლევდით ისეთი სკოლებისათვის, რომელთა ხარისხი შვეიცარიასაც და ბრიტანეთსაც კი შეშურდებოდათ.
საკუთრების უფლება – თქვენი იდეოლოგიური წინაპარი ლენინი, რომელსაც შენ რატომღაც მე მადარებ, (შარო საიდან მოდიხარო) იამაყებდა თქვენი მასშტაბებით საკუთრების ხელყოფის საქმეში. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თქვენ მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით 9,940 ბიზნესი "გაწეწეთ", წაართვით მათ აქციები, ქარხნები, შენობები, ავტომობილები, ფული, სახლები, მიწები, ყველაფერი რაც შეგეძლოთ, მათი მფლობელები კი ციხეებში ჩაყარეთ, მათი ცოლები გააუპატიურეთ, და ისეთებიც ქენით, რომ აქ ვერც კი დავწერ. 330 000 კაცი (ქვეყნის მოსახლეობის 7.5%–ზე მეტი!) ციხეში ჩასვით და უფულოდ იქიდან არავინ გამოგიშვიათ, თქვენი სასამართლოების გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა გამაოგნებელი - 0.1% იყო და ხუთჯერ ჩამოუვარდებოდა რუსეთისასაც კი. თქვენი ნახელავის გამოსწორებასა და სამართლიანობის აღდგენას წლები დასჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, მან რომც(ღმერთმა ქნას) მოინდომოს.
მედიცინა - იმის მაგივრად, რომ რამე გაგეკეთებინათ მედიცინის სფეროში, რაც იყო, ისიც დაანგრიეთ. ხალხს 100 საავადმყოფოს დაჰპირდით და ერთიც კი ვერ ააშენეთ ისეთი, სადაც საკუთარი ოჯახების მკურნალობას გაბედავდით. დადიოდით უცხოეთის უძვირფასეს კლინიკებში ქონის დასაგდებად და ბანჯგვლების ეპილაციისათვის და ხალხს ელემენტარული სამედიცინო მომსახურების საშუალებაც კი არ ჰქონდა თქვენს ხელში.
მომხმარებელი/საზოგადოება – შენს მიერ მოყვანილი ციტატა შენი საყვარელი ფერგიუსონიდან: "მატერიალური ცხოვრების იმგვარი მოდალობა, სადაც ტანსაცმლისა თუ სხვა სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ყიდვა თამაშობს ეკონომიკის ცენტრალურ როლს და რომლის გარეშეც ინდუსტრიული რევოლუცია არასტაბილური იქნებოდა"(?!)
და რომელი ტანსაცმლისა და სამომხმარებლო საქონლის წარმოებას შეუწყვეთ ხელი?! ჩემნაირმა "გიჟებმა", თქვენი ტერორის მიუხედავად, უცხოეთში სიმწრით ნაშოვნი კაპიტალითა და გამოცდილებით, დაარსეს დოტაციური ეროვნული სამოსის, ხელოსნობისა და ღვინის წარმოება, განავითარეს მევენახეობაც, მაგრამ თქვენგან "წეწვის" მცდელობებისა, გაუთავებელი იდიოტური საგადასახადო შემოწმებებისა, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებებისა და ეჭვიანობის მეტი არაფერი გვინახავს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი პარტიის წევრები არ ვიყავით, თორემ ჯაშუში მინისტრები და ბიძები ეგეთი უნდა, თქვენ რომ გყავდათ.
შრომის ეთიკა - ისევ ციტატა: "მორალური ჩარჩო და აქტივობათა იმგვარი მოდელი, რომელიც (სხვა წყაროებთან ერთად) გამომდინარეობს პროტესტანტული ქრისტიანობიდან, რაც, ფაქტობრივად, წარმოადგენს წებოს I-V აპლიკაციის შედეგად წარმოშობილი დინამიკური და პოტენციურად არასტაბილური საზოგადოებისათვის."
– აბა რა გითხრა, გიგი, ამ აჯღაბუჯღა აბზაცზე?! მორალური ჩარჩო იყო, როდესაც კალიგულა ტახტის სათავეში გეჯდათ და რომელი ქალის დაჩინჩლვასაც მოისურვებდა მისთვის უნდა მიგერთმიათ?!.. თუ შრომის ეთიკა იყო, როდესაც ღირსეულ, საკუთარი აზრის მქონე ადამიანებს სამსახურიდან ყრიდით და მარტო იმ მოადგილეებს აწინაურებდით, რომლებზეც აურაცხელი კომპრომატები გქონდათ და ამიტომ ისინი ქრესტომატიულ დოქსოპულოებად გემსახურებოდნენ, ისევე როგორც თქვენ – თქვენს კალიგულას?!
ამრიგად, თქვენს მსგავსად "დასავლურობის" პრინციპები საქართველოში არავის შეურცხვენია და ეჭვი მეპარება, ოდესმე ვინმემ ასე შეარცხვინოს. და მე მესმის, რომ შენ ახლა ცდილობ შენი ეპისტოლეებით დასავლეთს თავი მოაჩვენო მათი სახელისათვის მოწამედ და უმადურ ქართველთა მიერ დევნილი ილუმინატის მანტია მოირგო, მაგრამ მერწმუნე, რაც მეტს იჟონგლიორებ შენთვისვე გაუგებარი დასავლური ბიბლიოგრაფიით, მით უფრო გროტესკულად გამოჩნდები.
და ნუ იდარდებ იმაზე, მე რომელი ამერიკელი კონსერვატორი ჩამომართმევს ხელს, ჩემი ბიზნესპარტნიორი და მეგობარი პირწავარდნილი ამერიკელი რესპუბლიკელია და მე თუნდაც მხოლოდ მისთვის ჩამომირთმევია გულახდილი ურთიერთპატივისცემით ხელი, (სხვებზე რომ არაფერი ვთქვა) უფრო მეტჯერ ვიდრე, იქნებ, შენ –საერთოდ ადამიანისთვის.
საინტერესოა, რომ დუგინს ახსენებ. მე მისით დავინტერესდი შარშან, მას შემდეგ რაც გლენ ბეკმა ის "პლანეტაზე ყველაზე სახიფათო ადამიანად" შერაცხა.
(მეც და ბევრ ამერიკელ, თუ ევროპელ ტრადიციონალისტსაც სწორედ გლენ ბეკისვე მიერ ასე მოძულებული ობამა მიგვაჩნია პლანეტაზე ყველაზე სახიფათო ადამიანად, რადგან მან 200 წლის მანძილზე ამერიკული სახელმწიფოს მიერ დაგროვებულ 10 ტრილიონ დოლარიან ვალს მოუხერხა და ორ კინკილა საპრეზიდენტო ვადაში 70% მიამატა და 17 ტრილიონამდე აიყვანა, რითიც შეუქცევადი კატასტროფული პროცესები დაიწყო მსოფლიოს ეკონომიკაში, გააგრძელა გლენ ბეკისეული ბუშ–ჩეინის ნეოკონების კლანის მიერ მილიონამდე მაჰმადიანი არაბისა და ავღანელის გენოციდი ახლო აღმოსავლეთში, შეაიარაღა და ფერად რევოლუციებში შვა ბაშარ ალ ასადის მოწინააღმდეგე ისლამური სახელმწიფო, რომელიც ამჟამად თავებს ჰკვეთს და აუპატიურებს ქრისტიანებსაც და მუსულმანებსაც, უარი თქვა ისლამური სახელმწიფოსაგან ახლო აღმოსავლელი ქრისტიანების დაცვაზე, სანამ ისინი სოდომიზაციას არ დათანხმდებიან და საერთოდ, ამერიკის საგარეო უწყების პრიორიტეტად კაცობრიობის საუკუნოვანი წესწყობილების შეცვლა და პლანეტის ძალადობრივი სოდომიზაცია გამოაცხადა, უკრაინა ააფეთქა მორიგი ანტიკონსტიტუციური გადატრიალებით და ამით ქვეყნის გახლეჩასა და მორიგ ომს ჩაუყარა საფუძველი ჩვენს რეგიონში)
ამიტომ მე მოვითხოვე დუგინთან შეხვედრა და შევხვდი მას. ჩემი მიზანი, ბუნებრივია, იყო ის, რომ დუგინს, როგორც რუსეთის მთავარ იდეოლოგს, ესმოდეს, რომ რუსეთს აწყობს და სჭირდება არა საქართველოს ნაგლეჯები, არამედ ერთიანი და ძლიერი საქართველო და რომ იგი აღარ ამბობდეს საქართველოზე ცუდს. არ ვიცი რამდენად მივაღწიე მე ჩემს ურთულეს საწადელს, ამას დრო და დუგინის შემდგომი გამოსვლები გვაჩვენებს. შენგან განსხვავებით, მე დუგინის წიგნები არ წამიკითხავს, მაგრამ აწი წავიკითხავ, რადგან შენ მათ ციტირებ და ჩემს ნააზრევს ამსგავსებ.
მე მესმის, რომ შენისთანა რუსოფობისათვის სტიგმა და დანაშაულია თავად ის ფაქტი, რომ მე რუსეთში ჩავდივარ, იქ საქმეს ვაკეთებ, როგორც სხვა 700 ათასი ჩვენი თანამემამულე, რომლებიც იქ გამომუშავებული რუბლებით დოლარს ყიდულობენ, მერე იმ დოლარით აქ ლარს ყიდულობენ და ამით, მიუხედავად თქვენნაირი დემაგოგი ბაცაცებისა, აქ ლარსა და ქართულ ეკონომიკას აცოცხლებენ.
შენთვის დანაშაულია, რომ ჩემნაირი ხალხი რუსეთთან საზოგადოებრივი დიალოგის დონეზე ვცდილობთ ჩვენს სამშობლოს რამე ვარგოთ, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომელშიც ამით თავს ვიგდებთ იქ, რადგან პირში ვეუბნებით რუსებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს უნდა დაუბრუნდეს და რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი სამშობლოს გახლეჩას.
ჩემთვის დაპირისპირების ფრონტი არ გადის რუსეთზე და დასავლეთზე, ის ამჟამად, როგორც არასოდეს, გადის ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ თითოეულ ოჯახზე. და ჩემთვის ნებისმიერი მეოჯახე და წესიერი ადამიანი, მიუხედავად მისი ეროვნებისა და სარწმუნოებისა, რუსი იქნება ის თუ ამერიკელი, ქრისტიანი, თუ მუსულმანი, ბევრად უფრო ჩემიანია, ვიდრე ტუტუცი და ცინიკური ადამიანი, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს ის.
ამიტომ ესაა ჩვენს მიდგომებში განსხვავება:შენ ამბობ, რომ შენთვის ყველაფერი დასავლური ბრმად გადმოსაღებია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის დასავლურია და ყველაფერი რუსული მიუღებელი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულია. თუმცა შენ ამავე დროს ყოველთვის მზად ხარ ყველა ე.წ."დასავლურობის" პრინციპს უღალატო შენი უსაქციელობისათვის და კოდორის, მამისონისა და ახალგორის ჩუქებაზე წახვიდე შენი სკამის შესანარჩუნებლად. ჩემთვის კი დასავლეთიდანაც და რუსეთიდანაც მხოლოდ კარგია მისაღები ჩემი ქვეყნისათვის და ცუდი – მიუღებელი. შენ გგონია, რომ რუსეთის შორიდან ლაჩრული გინებითა და გაღიზიანებით საქართველო წინ წავა, მე კი – არა. შენ საქართველოს მოსახლეობას ფული მოპარე და უცხოეთში გადამალე, მე კი, რაც ჩემი შრომით უცხოეთში (არა მარტო რუსეთში)დოვლათი შევქმენი, ჩემს ქვეყანაში ჩამოვიტანე, რომ ხალხს დავხმარებოდი, მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი უმადურობის, შეურაცხყოფისა და უსამართლობის დათმენა მიწევს. შენ თავი მართალი გგონია, მე კი არ მგონია ჩემი თავი მართალი, პირიქით, ვცდილობ ჩემი შეცდომები გამოვასწორო და ცოდვები მოვინანიო, უბრალოდ, არავის მივცემ იმ სიწმინდის გინების უფლებას, რომლისაკენაც მე, ცოდვილი, ვცდილობ მივისწრაფოდე. შენ მე მლანძღავ, მე კი გითანაგრძნობ და ვილოცებ , რომ ღმერთმა გიშველოს, ციხიდან ოჯახში დაგაბრუნოს და სიკეთე თუ არა, ბოროტება მაინც აღარ გაკეთებინოს ჩვენი ქვეყნისათვის.
შემინდე, თუ მეტს აღარ გიპასუხებ შენ და თქვენი სექტის წევრებს სიტყვაკაზმულობისა და აზროვნების მცდელობებზე, ვთვლი, რომ ეს წერილი საკმარისზე მეტია. პირადად შენ გულწრფელად გისურვებ ჯანმრთელობას, მშვიდ სინდისს და ოჯახში დაბრუნებას.
ლევან ვასაძე
12 მარტი, 2015 წელი"