"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუდომანი თვითმკვლელის დღიურები
მას შემდეგ, რაც ლუდომანიაზე სტატიები დაიბეჭდა, რედაქციაში სატელეფონო ზარები არ წყდება. მოქალაქეები გვიამბობენ თავიანთ გასაჭირს, თუ როგორ ცდილობენ ჭაობიდან ამოსვლას და რა ძნელია ეს სახელმწიფოში, სადაც აზარტული თამაშებით ცდუნებისგან დამცავი მექანიზმი არ არსებობს; სადაც სატელევიზიო და ინტერნეტრეკლამა წვეთის ეფექტივით მუშაობს ცნობიერებაზე; სადაც ძნელია ფსიქოლოგიური დახმარების მიღება; სადაც პრობლემებში ჩაძირულ ადამიანებს აღარ შესწევთ ძალა, სხვისი ტკივილი გაიზიარონ და, სულ ცოტა, თანაუგრძნონ მაინც. გვიკავშირდებიან ცოლები, რომელთაც ოჯახები დაენგრათ, რადგან მათი ქმრები აზარტული თამაშების მანიამ შეიპყრო. დედები გვთხოვენ, საზოგადოებას ვუამბოთ მათი უდროოდ დაღუპული თვითმკვლელი შვილების შესახებ, რათა ამ უკიდურესი ხერხით სხვებმაც აღარ სცადონ აზარტული თამაშებისგან თავის დაღწევა. დედებს სურთ, საკუთარი შვილების მაგალითით სხვისი შვილები გადაარჩინონ.
სულისშემძვრელია მამუკა ნანიკაშვილის ამბავი. დედამ, ქალბატონმა ლუიზამ, მისი დღიურები გადმომცა. მამუკა ლუდომანიის მსხვერპლი იყო. თუმცა, შესანიშნავად ხვდებოდა, რაც სჭირდა, მაგრამ გამოსავლის ძიებისას მარტო აღმოჩნდა და პრობლემის მთელი სიმძიმე საკუთარ თავს აჰკიდა - მამუკამ ბუნებრივი აირით გაიგუდა თავი. სიკვდილის წინ წერილი დაწერა: "მაპატიეთ ყველამ, ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა და კახა - ბოდიში. ყველა ძალიან მიყვარხართ. მე ასე უნდა გავაკეთო, უნდა გავჩერდე, თორემ უფრო მეტ ზიანს მივაყენებ ჩემ ირგვლივ მყოფთ, ყველას ბოდიში. დედა მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი, რომ შენც გსჯი. გული კი მართლა ბევრჯერ გატკინე და მართლა ძალიან განვიცდიდი... იმედია, ღმერთი მაპატიებს".
ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულ მამუკას შინ ჩიტი ჰყოლია. ვიდრე საბედისწერო გადაწყვეტილების აღსრულებას შეუდგებოდა, ჩიტი ბინიდან გაიყვანა, კარი შიგნიდან ჩაკეტა, ყველაფერი დაგმანა, გაზქურა ჩართო და... დაიძინა. დედამ და ძმამ კარი რომ ვერ გააღეს, იფიქრეს, მამუკა სადღაც წავიდა და გასაღები გაჰყვაო. ის ღამე ახლობელთან გაათენეს. მეორე დღესაც რომ არ გამოჩნდა, კარი მაშველებმა შეამტვრიეს... მისი გარდაცვალებით თითქოს ერთი ადამიანის პრობლემა შეწყდა, თუმცა, არ დასრულებულა უკიდურესი გაჭირვება, რომელსაც მისი ოჯახი განიცდის და რისგან თავის დაღწევაც მამუკამ, ისევე, როგორც უამრავმა ადამიანმა საქართველოში, აზარტულ თამაშებზე ამგვარი "გამარჯვებით" სცადა. მამუკას დედა და ძმა თბილისის გარეუბანში, ნაქირავებ ბინაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. მამუკას ძმა ორი თვეა უმუშევარია. ქალბატონი ლუიზა ხელისუფლებას ტოტალიზატორებისა და კაზინოების დახურვას სთხოვს. ამ თხოვნით მიმართავდა მთავრობას, როდესაც ქვეყნის სათავეში "ნაციონალური მოძრაობა" იყო.
"თუ ვინმე შეეცდება კაზინოების არსებობის იმით გამართლებას, რომ ასეთი ორგანიზაციები სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბიუჯეტში დიდი ფული შედის, შევახსენებ საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას: არ შეიძლება თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს მრავალთა კეთილდღეობამ. კაზინოების მსხვერპლი კი უამრავია. მშობლები მალავენ, რომ მათმა შვილებმა დიდძალი ფულის წაგების გამო მოიკლეს თავი. ნუ დუმხართ, ჩვენს შვილებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ სხვები გადავარჩინოთ! მოვუწოდოთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ეს ბოროტება, თორემ აღარ იარსებებს ჩვენი ერი! ისინი, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას, ერის გამრავლებას უნდა ემსახურონ, ეშმაკთან ბრძოლაში არაფრისთვის იღუპებიან. თუ ამისგან არ შეგიძლიათ იხსნათ ქვეყანა, აბა, რა არის თქვენი დანიშნულება?! მე ხომ ისედაც ვერ მეხმარებით. ხუთი თვის პენსია წინასწარ ავიღე, რომ რამდენიმე კვირა გავიტანოთ თავი მე და ჩემმა შვილმა, რომელსაც, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ასაქმებთ",“ - აცხადებს ლუიზა ნანიკაშვილი.
მათთვის, ვინც უკვე იცის, რომ მისი ოჯახის წევრი ჩათრეულია გემბლინგში, ან ამ პრობლემის მსხვერპლი ხდება, მამუკა ნანიკაშვილის დღიურები, ალბათ, უკეთ დაანახებს, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ. მამუკა ნიჭიერი ადამიანი იყო. მარტომყოფს, სამწუხაროდ, გადარჩენისთვის ძალა არ ეყო.
"დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..."
დღიურის დასაწყისში მამუკა ბავშვობას იგონებს და ამბობს, რომ ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა:„"დავამთავრებ ბავშვობას და დავუბრუნდები რეალობას, რომელიც მომწონს თუ არა, ჩემია, მე თვითონ შევქმენი...
...კაზინოს კარის გაღებისთანავე შუბლზე ცივი ნიავის მოხვედრამ დამაბრუნა რეალობაში და წამის მეასედში ვიგრძენი, რაც გავაკეთე... აღვიდგინე წუხანდელი კადრები, რომელსაც ვეღარ შევცვლიდი და აღარც სინანული უშველიდა - სინანული იმ საღამოს გამო, თორემ სინანული პირველი წამალია მორწმუნისთვის. მე მწამს ღმერთი. უფრო სწორად, მინდა, მწამდეს, მაგრამ რასაც ვაკეთებ, ძალიან შორს არის ღმერთისგან. ძალიან მაშორებს ღმერთს ბედი, მაგრამ ჩვენს ბედს ხომ თვითონვე ვქმნით? ჩვენი ქცევა განსაზღვრავს ჩვენივე ბედს და უბედობის მიზეზი ჩვენსავე თავში უნდა ვეძიოთ. ყველა ქრისტიანი შედის ეკლესიაში - ანთებს სანთელს, ლოცულობს, დახმარებას სთხოვს უფალს... მაგრამ რას ვგულისხმობთ ამ დახმარებაში, თუ დავფიქრებულვართ? იმას, რომ მოგვცეს ძალა, რაღაც გავაკეთოთ - ისევ ჩვენსავე თავში უნდა გამოვნახოთ ძალა და სურვილი, გადავიტანოთ გასაჭირი, ისევ ჩვენ უნდა შევქმნათ ყველაფერი და არა ღმერთმა. ჩვენს გასაკეთებელს ღმერთი არ გააკეთებს. მას მხოლოდ შეუძლია მოგვცეს მოთმინების უნარი და ეს უნარიც ჩვენვე უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში. ბევრჯერ მითხოვია უფლისათვის, მოეცა უნარი, ძალა მეპოვა ჩემს თავში, მაგრამ ისევ ჩემი ბრალია, რომ ვერ ვიპოვე. მეტიც, ბევრჯერ დავკარგე თავი და ბედი წავიყვანე უკუღმა... ადამიანი წერას რომ იწყებს, ძალიან ნიჭიერი ან სასოწარკვეთილი უნდა იყოს. მე წერის ნიჭი არა მაქვს, ამიტომაც რასაც ვწერ, ისევ ჩემთვის, რომ რაღაცნაირად ვიპოვო ძალა ჩემს თავში, ჩემი თავის პოვნა მინდა.
ყველა ადამიანის ამქვეყნად მოსვლის მიზანი და მისია არის შექმნას ოჯახი და ჰყავდეს შთამომავლობა; გაზარდოს და დააკვალიანოს შვილები, რომლებშიც უნდა ასრულდეს ჩვენი განუხორციელებელი ოცნებები, ის მიზნები, რომლებსაც თვითონ ვერ მივაღწიეთ. ამიტომაც ვფიქრობთ შვილის დაბადებისთანავე, რომ ჩვენს მიძინებულ ოცნებებს ესხმება ფრთები და მთელი ჩვენი არსებაც უკვე საკუთარ თავს კი არა, შვილებს ეკუთვნის. პაპა და ბებოც ასე ფიქრობენ, რაც საკუთარ თავში და მერე შვილებში ვერ შეძლეს, შვილიშვილებში ეიმედებათ...
ალბათ, მამაჩემიც ასე ფიქრობდა, მე რომ დავიბადე, მაგრამ ერთი პროცენტითაც ვერ ავუხდინე ოცნებები, უკვე აღარაფრის შეცვლა არ შემიძლია. ვერც დედას ოცნებებს შევასხი ფრთები. პირიქით, თავდაყირა დავაყენე ყველაფერი და დავანგრიე ყველა ოცნება. ვერც რაიმე ღირებული და კარგი გავაკეთე, რომ გახარებოდათ ჩემებს. ვერც შვილიშვილი ვაჩუქე მამას და დედას.
მამაჩემი უკვე აღარ არის ამქვეყნად. ისე წავიდა, რომ ოცნება ოცნებად დარჩა და, ალბათ, დედაჩემიც იმის ოცნებით წავა, რომ მე დავდგე სწორ გზაზე, შთამომავლობა ღირსეულად გავზარდო და ღირსეული მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის და ღირსეული შვილი მშობლებისთვის.
უცნაურები ვართ ადამიანები, საკუთარ თავში ძალის მოძიების ნაცვლად, სასწაულს ვეძებთ. გვგონია, რაღაც უნდა მოხდეს, რომელიც დაგვეხმარება. არადა, სასწაულია, ჩვენ რომ ვიბადებით, ეს უცნაური დედამიწა რომ არსებობს, მრგვალი და უსასრულობაში გამოკიდებული, ამაზე მეტი სასწაული რა უნდა იყოს?! რამდენიც უნდა ამტკიცონ მეცნიერებმა და რა არგუმენტებიც უნდა მოიყვანონ, ამ სასწაულს ღმერთის აღიარების გარეშე ვერ ახსნიან. ნახეთ, ერთ სასწაულზე - დედამიწაზე ჩვენი ფეხით დავდივართ ყოველდღე, დანარჩენ სასწაულს: მზეს, მთვარეს და უსასრულობაში გაბნეულ ვარსკვლავებს მუდმივად ვუყურებთ და არ გვინდება ჩვენს არსებაში მიჩუმათებული სასწაულების გამოჩხრეკა...
ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში, რომელთაც ვუმადლი და ვამაყობ, ძმაკაცებია. ოჯახი თავისთავად შენია, დაბადებიდან გეკუთვნის და გიყვარს, ამას ისედაც ვერავინ შეცვლის, მაგრამ ძმაკაცები... უამრავი მეგობარი მყავდა და მეამაყებოდა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად რამდენიმე შემომრჩა, რომლებიც საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. კარგი ვარ თუ ცუდი, მათ მაინც ვუყვარვარ და ყველგან ჩემ გვერდით არიან. არ მტოვებენ ერთი წუთითაც, თუნდაც ახლა და ასე იქნება ყოველთვის.
...სპორტს რომ გავყოლოდი, ალბათ, კარგი სპორტსმენი ვიქნებოდი და დიდ შედეგს მივაღწევდი, მაგრამ ჩემი აზარტი, სიჯიუტე და ჟინი სხვა კუთხით წავიყვანე; კუთხით, რომლითაც ცხოვრებაში არანაირი წარმატების ჟინი და პერსპექტივა არა გაქვს. პირიქით, უკან მიჰყავხარ და ხრამში გჩეხავს, რომლიდანაც ამოსვლა ძალიან ძნელია, ზოგისთვის - შეუძლებელი. მე ამწუთასაც ვცდილობ ამოვიდე ხრამიდან და ყველაფერს ვებღაუჭები. თუ ამოვედი, ალბათ, აღარ ჩავვარდები აღარასოდეს. აღარც ახლოს გავეკარები, მთავარია, თავი დავაღწიო, რაც ისევ და ისევ ჩემზეა დამოკიდებული და ვთხოვ უფალს, მომცეს ძალა, გადავრჩე.
აბსოლუტურად ყველა მოთამაშეს, 100%-ს, თავი ძალიან ჭკვიანი ჰგონია და დარწმუნებულია, რომ მოიგებს. ჯერ არ შემხვედრია და არც გამიგია სადმე, ვინმე მოგებული დარჩენილიყო. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე რომ მოიგო, ანუ 30 დღე გამარჯვებას ზეიმობდე, ერთ დღეში შეიძლება წააგო 30 დღის მოგებული და საბოლოოდ მაინც წაგებული დარჩე. ეს ემართება მოთამაშეების 100%-ს. პრობლემა მარტივად ასახსნელია: კაზინოს რამდენიც უნდა ეთამაშო, ფიშკები არ უთავდება და იქამდე შეუძლია გეთამაშოს, სანამ შენ არ გაგითავდება ფული. არსებობს ერთი ჭეშმარიტება - ყოველთვის მოგებულია ის, ვინც არ თამაშობს".