იტალიაში გარდაცვლილი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს - რას ყვება გარდაცვლილის ძმა
"რატომ უნდა იკარგებოდნენ ჩვენი ახალგაზრდები ასე უაზროდ, თამუნას თავის სამშობლოში უნდა ეცხოვრა, აქ შვილები გაეზარდა, ბედნიერი ყოფილიყო..."
"რას წარმოიდგენდა, რომ ნესტის ჭიების საწამლავისაგან სასიკვდილოდ მოიწამლებოდა..."
26 მარტს იტალიაში, ბარისთან მდებარე პატარა ქალაქ პუტინიანოში საქართველოს მოქალაქე თამარ ტრაპაიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გვარკვიეთ, 31 წლის ქალი ვანის რაიონის სოფელ სალხინოდან იყო და იტალიაში სამუშაოდ ამ ცოტა ხნის წინ წავიდა. თამუნას დედა და ძმა ამ სოფელში ცხოვრობენ და ტრაგედიისგან განადგურებულები დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.
დ. ლ; ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მცხოვრები:
- ტრაპაიძეების სახლიდან კივილის ხმა რომ გავიგონე, კინაღამ მეც მოვკვდი. ტრაპაიძეების ოჯახი ჩემი სახლისაგან რამდენიმე მეტრში ცხოვრობს და ამ ოჯახის უბედურება ჩემთვისაც სამუდამო დაღად დარჩება. ჩემ თვალწინ გაიზარდა, თითქოს ახლაც ვხედავ, როგორ მირბის პატარა თამუნა გზაზე სიცილით … ეს საშინელებაა! თამუნას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული,ფარმაცევტი იყო, მაგრამ სამსახური აქ რომ ვერ ნახა, იძულებული გახდა წასულიყო ქვეყნიდან. რატომ უნდა იკარგებოდნენ ჩვენი ახალგაზრდები ასე უაზროდ, თამუნას თავის სამშობლოში უნდა ეცხოვრა, აქ შვილები გაეზარდა, ბედნიერი ყოფილიყო...
თამუნას ტრაპაიძის თანასოფლელთან საუბრის შემდეგ ჩვენ მის ძმას, შალვა ტრაპაიძეს ვესაუბრეთ:
- თამუნა ჩვენს დასახმარებლად წავიდა იტალიაში, უნდოდა წასვლა, ასე ესახებოდა მომავლის მოწყობა, ვიმუშავებ, ფულსაც დავაგროვებ და ჩამოვალო…
- სამუშაო საკმაოდ მძიმე ექნებოდა...
- უცხოეთში სამუშაოდ გადახვეწილებს არავის ულხინს, არც თამუნას ულხინდა, მაგრამ არასოდეს იმჩნევდა, რომ უჭირდა. თითქმის ყოველ საღამოს ველაპარაკებოოდი სკაიპით და სულ მხიარულ ხასიათზე იყო. მარტო 26-ში არ დამელაპარაკა. შემეშინდა და მთელი ღამე ველოდე, მაგრამ არ დამელაპარაკა… თურმე…
- როგორც ცნობილი გახდა, ბოლო 4 დღის განმავლობაში ცუდად იყო, - სახლის მესაკუთრეებმა, სადაც მუშაობდა, ოთახები შეღებეს, თამუნამ კი ცუდი ამინდის გამო ფანჯრები ვერ გააღო და მოიწამლა... .
- დიახ, მოიწამლა, მაგრამ ამის შესახებ ჩემთვის არ უთქვამს. დეიდა გვყავს საბერძნეთში და თურმე იმას ურეკევდა,- პასპორტი არ მაქვს და ექიმთანაც ვერ მივდივარო.
- თამუნა ფარმაცევტი ყოფილა, როგორ ვერ მიხვდა, რა სჭირდა...
- რას წარმოიდგენდა, რომ ნესტის ჭიების საწამლავისაგან სასიკვდილოდ მოიწამლებოდა...
- ანუ საღებავისაგან არ მოწამლულა?
- როგორც მითხრეს, სახლში თურმე ნესტის ჭიები მოწამლეს და იმის შხამისგან მოიწამლა.
- სახლში არავინ იყო?
- მარტო ის მოხუცი, რომელსაც თამუნა უვლიდა. დანარჩენები აგარაკზე იყვნენ წასული.
- კი, მაგრამ რატომ მოხუცი არ მოიწამლა?
- არ ვიცი. ალბათ იმ ოთახში, სადაც მოხუცი იყო, საწამლავი არ მოასხეს. ბოლოს ამ მოხუცმა დაურეკა ექიმს, - რა გავაკეთოთო?- იმას უთქვამს, რძე დალიოსო. მოხუცმა, რომელსაც უვლიდა, დილას ჩემი და უგონოდ იპოვა და პოლიციას დაურეკა…
…ტრაპაიძეების ოჯახმა უკვე მიმართა განცხადებით საგარეო სამინისტროს, რათა ოჯახის წევრის გადმოსვენებაში დაეხმარონ. გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს, რისი სახსარიც ტრაპაიძეების ოჯახს არ აქვს. ჩვენც მივართავთ აღნიშნულ სამისნისტროსა და ვანის მუნიციპალიტეტს, გამოიჩინონ გულისხმიერება და თამარ ტრაპაიძის ჩამოსვენებაში ოჯახს დაეხმარონ.
ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)