"უცებ გაიპარა 100 წელი..."
15 წლის იყო, მამამ 30 წლის ვასილ სიბოშვილს რომ მიათხოვა. ნინოწმინდიდან პატარძეულში ნორჩი
პატარძალი მეუღლეს კამეჩებშებმული ურმით წამოუყვანია
2015 წლის 24 მარტი, სოფელი პატარძეული. მიუხედავად ავდრისა, იუბილეზე მოწვეულნი ეზოში ნელ-ნელა იკრიბებოდნენ... თბილისელ სტუმართა შორის ყველაზე პატარას, ერთი თვის ანზორიკოს, იმ დღეს პირველად უნდა გაეცნო იუბილარი დიდი ბებია...
სუფრის თავში იმ დღის მთავარი გმირი 100 წლის ჟენია ბაბო იჯდა, რომელმაც ტორტზე სანთლებიც ჩააქრო და სამადლობელიც წარმოთქვა. ლხინი შუაღამემდე გაგრძელდა. ეს ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე იყო, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ.
ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1915 წლის 24 მარტს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, კონიაშვილებს მეორე გოგონა გაუჩნდათ. ჟენია დაარქვეს. მის შემდეგ ოჯახში ორი გვარის გამგრძელებელი დაიბადა, თუმცა, ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა. ოჯახს უბედურება დაატყდა თავს - დედა გარდაიცვალა... უფროსი დის გათხოვების შემდეგ ჟენიამ ძმები შვილებივით გაზარდა. თურმე კიდევ ერთი ტრაგედია ელოდა ოჯახს - ომი დაიწყო, 18-20 წლის ბიჭები გაიწვიეს და შინ აღარ დაბრუნებულან... დაკარგულ ძმებს დღემდე დიდი გულისტკივილით იხსენებს...
15 წლის იყო, მამამ 30 წლის ვასილ სიბოშვილს რომ მიათხოვა. ნინოწმინდიდან პატარძეულში ნორჩი პატარძალი მეუღლეს კამეჩებშებმული ურმით წამოუყვანია. ჟენიას და ვასილს ორი ბიჭი გაუჩნდათ. მათთვის სახელების შერჩევაზე დიდხანს არ უფიქრიათ.
ჟენია კონიაშვილი: - მერვე კლასში ვიყავი, რომ გამათხოვეს. ჯერ ისევ ბავშვი დედა გავხდი. მათთვის სახელების შერჩევა არ გამჭირვებია. ახალი წაკითხული მქონდა "ტრისტანი და იზოლდა". ერთს ტრისტანი, მეორეს კი იროდიონ ევდოშვილის საპატივსაცემოდ დავარქვი იროდიონი. ძმების მსგავსად, მეუღლეც სამამულო ომში დავკარგე. 23 წლის ქვრივი მცირეწლოვან შვილებს გაჭირვებით ვზრდიდი. პატარძეულიდან თბილისში ფეხით ჩავდიოდი მაწვნის გასაყიდად, საღამოს შვილებისთვის ლუკმაპური რომ მიმეტანა. პიონერიც ვიყავი და კომკავშირელიც... რთული და მძიმე ცხოვრება გამოვიარე, აქამდე რომ მოვსულიყავი. ყარაულადაც ვიმუშავე და ტყეშიც მივდიოდი შეშის მოსაჭრელად. რამდენიმე წლის წინ ერთი შვილი 63 წლის ასაკში ტრაგიკულად დამეღუპა, ჭიშკარი დაეცა...“
ოთხი შვილიშვილი, შვიდი შვილთაშვილი და ერთიც შვილიშვილის შვილიშვილი - ჟენო ბებომ ყველა მათგანის აღზრდაში დიდი როლი ითამაშა. ბოლო წლებამდე ახსოვდა ყველა მათგანის დაბადების დღე და ყოველთვის ულოცავდა.
მხედველობა ორი წლის წინ ცოტა დააკლდა. წუხს, გაზეთის კითხვისას თვალები მეძაბებაო. ყოველდღე მიირთმევს ფინჯან ყავას და ჭიქა ღვინოს, არასდროს ჭამს წინადღით მომზადებულ სადილს, მთელი სიცოცხლე მხოლოდ გამოხდილ წყალს სვამს. ავად არასოდეს გამხდარა, მცირე პრობლემებს კი ბალახეულის ნახარშით მკურნალობს. თმას კვერცხის გულითა და ჭინჭრის ნახარშით იბანს - ქიმიას არ გავიკარებო, ამბობს.
ბოლო დროს მეხსიერება ღალატობს, ძველი ამბების გახსენება უჭირს, ამიტომ მის ამბავს, ნათესავები გვიყვებიან.
ლალი უნაფქოშვილი, ჟენია ბებოს შვილიშვილის მეუღლე: - ჟენიამ დაიმსახურა ამდენი ხნის სიცოცხლე. მზე ამოდიოდა, უხაროდა, წვიმდა - ისიც უხაროდა, ყვავილი იშლებოდა - ბედნიერი იყო. ერთი სიტყვით, სიცოცხლე უყვარს. შვილებზე, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებზე დიდი ამაგი აქვს. ჩემი შვილებიც მისი გაზრდილია. სიტყვა "მეზარება"მისგან არავის გაუგონია. ძალიან ძლიერი და აქტიური ქალი იყო. ერთ-ერთი შვილთაშვილი, ანა სიბოშვილი, ჟენო ბებოს დაბადების დღეზე გაჩნდა. ამბობს, ანა ჩემი საჩუქარიაო...
მე რომ ამ ოჯახში შემოვედი, ჟენო ბებო მაშინ 70 წლის იყო. იქიდან მოყოლებული, ყოველ წელს მიტოვებს ანდერძს - რომ მოვკდები, ეს ჩამაცვით, ეს გამატანეთო. ამასობაში კი გავიდა 30 წელი. ყოველ წელს იხდის დაბადების დღეს. თან ამბობს, - ეს ჩემი ბოლო დაბადების დღეა, უნდა აღვნიშნოთ და ყველა უნდა მესტუმროთო. ოთარაანთ ქვრივივით ქალია - არ მოგეფერება, არ დაგიყვავებს, მაგრამ ყველაფერს გაგიკეთებს. თავის დროზე ყველა რძალი და სიძე დაგვიწუნა - ეს გამხდარია, ის დაბალიაო, მაგრამ დღეს ყველანი ვუყვარვართ. ის, რამაც აქამდე მოიყვანა, ცხოვრების სიყვარული და დაუზარელი შრომაა...
წლების წინ სოფელ ხაშმში, უფროსი შვილიშვილისთვის საცოლის სათხოვნელად, ვინმე ალადინასთან წასულა და უთქვამს, - ქალი მოგვათხოვეო. რომელიო? - უკითხავს ალადინას. რომელიც ლამაზი გყავს და ექიმია, ის გვინდაო. ოჯახში ექიმი სარძლო არ აღმოჩნდა და დამწუხრებული გამობრუნებულა უკან. ექიმ რძალზე ოცნებობდა. ეს ოცნება ვერ აისრულა, სამაგიეროდ, სიძე შეხვდა ვეტექიმი. რა მნიშვნელობა აქვს, თეთრი ხალათი ხომ აცვიაო, - თავს იიმედებდა.
100 წლის არის, მაგრამ მომავალს იმედით შეჰყურებს. სჯერა, რომ პენსია ხუთ წელში მოემატება. რას ინატრებდით? ამ კითხვაზე ასეთი პასუხი აქვს: "ოღონდ დიდხანს იცოცხლონ ჩემმა შთამომავლებმა და მეტი არაფერი მინდა. მეც თუ ცოტა ხანს კიდევ მაცოცხლებს ღმერთი, კარგი იქნება".
თორნიკე ყაჯრიშვილი