"მშივრებს ბევრჯერ დაგვიძინია" - ბატიაშვილების 8 -სულიანი ოჯახის გასაჭირი
"უშუქობით თვალები დაუბრმავდათ ბავშვებს, რა ხანია ტელევიზორს ნატრობენ, ან ტელევიზორი სად გვაქვს და ან - შუქი. გული მიკვდება შევილებს ასეთ მდგომარეობაში, რომ ვხედავ."
"რაც არ უნდა მოხდეს, შვილებს სამათხოვროდ არ გავუშვებთ"
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბატიაშვილების 8-წევრიანი ოჯახი დაახლოებით ერთი წელია კონიაკის დასახლებაში, ყოფილი პოლიკლინიკის, მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. სამთავრობო რეფორმებმა 5-შვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა. ოჯახის უფროსის, არჩილ ბატიაშვილის თქმით, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა ისინი ვაზიანში, სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში ცხოვრობდნენ, ქირასაც, რა თქმა უნდა, მთავრობა იხდიდა, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ ბატიაშვილების მფარველობა არ ისურვა და მათაც საცხოვრებლის დატოვება მოუწიათ. თბილისშიც არაერთ ბინაში სცადეს ცხოვრება, მაგრამ ვერც ქირას გასწვდნენ და აღარც ბინის პატრონები თანხმდებოდნენ მრავალშვილიან, თან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებზე საცხოვრებლის გაქირავებას. ზემოთ აღნიშნული შენობაც მალევე იპოვნეს. არჩილ ბატიაშვილი ორსულ მეუღლესთან, მაია გოგიბერიძესთან ერთად, ხუთი შვილით ცარიელ შენობას შეეკედლა, სადაც არც ელექტროენერგია იყო, არც წყალი და სამწუხაროდ, არც საკანალიზაციო სისტემა.
ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 3 თვის ბარბარეა. როგორც მაია ყვება, ის 6 თვის ფეხმძიმე იყო, როცა კიბიდან დაგორდა და ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ჩვილი 3 თვის განმავლობაში ე.წ ინკუბატორში იყო. რამდენიმე კვირის წინ ბარბარეს ექიმის დახმარება დასჭირდა და მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს. ჩვილს ფილტვებში სითხე აღმოაჩნდა, ბავშვი დღემდე ავადმყოფობს...
იმისათვის, რომ საზოგადოებამ დეტალურად გაიგოს კონკრეტულად რა ხდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბატიაშვილების მრავალშვილიან ოჯახში, მათ "კვირის პალიტრა" ესტუმრა. მდგომარეობა ზემოთ აღნიშნულზე ბევრად რთული აღმოჩნდა. პატარებს ჩვენი დანახვა ისე გაუხარდათ... მათ ლამაზ თვალებში ხალისისა და იმედის ჭინკები, ურთულესი ცხოვრების პირობების მუხედავად, მაინც დახტიან და ადამიანების სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ... ვესაუბრებით არჩილ ბატიაშვილს.
- რამდენი ხანია, რაც ამ შენობას შეაფარეთ თავი?
- დაახლოებით ერთი წელია. საკუთარი ნებით შემოვედით, სხვა გზა არ გვქონდა. სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში გვიხდიდა ბინის ქირას, მაგრამ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ჩვენც იძულებულები გავხდით აქ შემოვსულიყავით საცხოვრებლად. ეს შენობა რომ ვინმემ იყიდოს, გამაგდებენ და სად ან ვისთან წავიდე არ ვიცი. წასასვლელი არსად მაქვს. იძულებული ვიქნები კარავი გავშალო. მე ინტერნატში გავიზარდე და შესაბამისად, ნათესავები არ მყავს, არც სოფელი მაქვს სადმე, რომ წავიდე. მთელი ცხოვრება ქუჩაში გავატარე და არ მინდა ჩემს შვილებსაც იგივე ბედი ეწიოთ, ამიტომაც მინიმუმ საკუთარი ჭერი მაინც მინდა ჰქონდეთ, რომ მათაც ჩემსავით ქუჩაში არ მოუწიოთ ცხოვრება.
- მეუღლეს და ექვს შვილს, როგორ ინახავთ?
- სამწუხაროდ, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ ვიმუშავო, ორგანიზმი დამიავადმყოფდა, ტუბერკულოზით ვიავადმყოფე, ახლა ნაღველი მაწუხებს. სასწრაფო, რომ გამოვიძახო და საავადმყოფოში გადამიყვანონ, თანხას ვერ გადავიხდი და იქ ვინ გამაჩერებს. მაიასაც სად აქვს მუშაობის დრო, მე და 6 ბავშვს გვივლის. თითქმის ყველა ბავშვს აქვს პრობლემა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოა, რომ ვერ ვმუშაობ, თორემ როცა შემეძლო მუშად ვმუშაობდი. თვიდან თვემდე დახმარებებით ვცხოვრობთ. სახელმწიფო 400 ლარით გვეხმარება, მაგრამ ეს 8-წევრიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. მშივრებს ბევრჯერ დაგვიძინია. ბოლო პერიოდში კეთილი ხალხიც გვიწვდის დახმარების ხელს, ზოგს რა მოაქვს და ზოგს რა. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც კარგია. მაიას რამდენიმე დღეა ფილტვების ანთება აქვს, ექიმმა 90 ლარის წამალი გამოუწერა, მაგრამ ყიდვის საშუალება არ გვაქვს. ისევ ქველმოქმედი ადამიანები თუ გვეხმარებიან... სულ საავადმყოფოს კარებზე ვდგავართ, ესეც თუ ცხოვრებაა, არ ვიცი...
-მოგვიყევით თქვენი საცხოვრებელი პირობების თაობაზე...
- აქ აღარც ელექტროენერგიაა და აღარც წყალი, საკანალიზაციო სისტემაზე, რომ აღარაფერი ვთქვა. არაფერი არ მინდა, მხოლოდ გამოგვიყონ ფართი, რომ ბავშვებმა შედარებით ნორმალურ პირობებში შეძლონ ცხოვრება. აქ რაც არის ყველაფერი ხალხის მოტანილია, იატაკზე გვეძინა, სოციალურმა აგენტმა საწოლი მოგვიტანა, დანარჩენი მეზობლების და სხვების დახმარებით გვაქვს. უშუქობით თვალები დაუბრმავდათ ბავშვებს, რა ხანია ტელევიზორს ნატრობენ, ან ტელევიზორი სად გვაქვს და ან - შუქი. გული მიკვდება ასეთ მდგომარეობაში, რომ ვხედავ. არავინ ინტერესდება ჩვენი მდგომარეობით. გამგებელს ვეხვეწები შუქი მაინც ჩაგვირთე-მეთქი, მაგრამ არაფერს გვიკეთებს, გვატყუებს აი, ხვალ, აი, ზეგო. ზამთარი ძალიან რთულია ჩვენთვის. მთელი ეს დრო ავადმყოფობაში გავატარეთ. მომავალში, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. ისე ცუდად ვარ შეიძლება მომავალ ზამთრამდე სიარული და შეშის მოტანაც ვეღარ შევძლო.
- ბავშვებს ქუჩაში მუშობა უწევთ?
- რაც არ უნდა მოხდეს, შვილებს სამათხოვროდ არ გავუშვებთ, სანამ შევძლებთ დახმარებიდან დახმარებამდე ვიარსებებთ და მერე უფლის წყალობით იქნება რამე.
-სკოლაში თუ დადიან?
- სამი ბავშვი ნაძალადევში არსებულ დღის ცენტრში დადის, სადაც ასწავლიან და აჭმევენ. მარიამი კი ჯერჯერობით ბაღშია.
მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)