სახიფათო მონაკვეთი - ამ გზაზე ბოლო წლებში 20-მდე უბედური შემთხვევა მომხდარა
"მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?!"
6 აპრილს სურამში სკოლიდან შინისკენ მიმავალ გოგონებს ბუღაურას გადასასვლელზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. გვანცა ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული ნინო კი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც იქაურები ჰყვებიან, მძღოლს პატარები ვერ დაუნახავს. ტრაგედიის შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა. ეს სახიფათო მონაკვეთია - ბოლო წლებში აქ 20-მდე უბედური შემთხვევა მომხდარა.
- სოფელ ურთხვადან გამომავალი მანქანა ცენტრალურ გზაზე უნდა დადგეს, რომ დაინახოს, რომელიმე მხრიდან მანქანა მოდის თუ არა. იქვეა სკოლაც და ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. რა გახდა ერთი გადასასვლელი ხიდი, მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?! - ამბობს ერთ-ერთი სურამელი.
ვანო გელაშვილი, დაბა სურამის გამგებლის წარმომადგენელი: - როგორც ჩანს, შუა გზაზე მდგარი ბავშვები დაიბნენ და დიდი სიჩქარით მომავალ“ტრაილერს ვერ გადაასწრეს. კი ბატონო, მაგისტრალია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ავტომანქანების დიდი სიჩქარით მოძრაობას აკრძალავს. ეს უკვე მერამდენე უბედური შემთხვევაა... პრობლემის მოგვარება საგზაო დეპარტამენტის საქმეა. ხალხს რამდენჯერმე მიუმართავს მათთვის, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. რაკი მათ არაფერი იღონეს, გამგეობამ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციასთან ერთად მოძებნა გამოსავალი - შეგვპირდნენ, რომ 10 დღეში გაკეთდება სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი, რათა ამ მონაკვეთზე მძღოლებმა მოძრაობა შეანელონ. დამონტაჟდება ვიდეოთვალიც და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება.
- მოსახლეობა ხიდის აგებას ითხოვს...
- ამ ადგილას გადასასვლელი ხიდის აგება რთულია - დიდ სიმაღლეზე უნდა ავიდეს, ამასთან, მშენებლობას დრო სჭირდება... ამ მონაკვეთზე დიდი სიჩქარით მოძრაობა უნდა აიკრძალოს. 32-ტონიან ტრაილერს დრო სჭირდება, სიჩქარე რომ შეანელოს. ამკრძალავი ნიშანი რომ ყოფილიყო, ეს უბედურება არ მოხდებოდა. მძღოლი თავისი ფეხით მისულა პოლიციაში.
- ამბობენ, რომ ექსპერტს გორიდან სამი საათი ელოდნენ და ამ ხნის განმავლობაში გარდაცვლილი ბავშვი გზაზე ესვენა.
- მარტო ექსპერტები გვაკლია? სასწრაფოს გამოძახება რომ დაგჭირდეს, ხაშურის ბრიგადები თუ გასულები არიან, ბორჯომიდან უნდა გამოიძახო. ადრე სურამში ტრავმატოლოგიური საავადმყოფო იყო, რომელიც დაიწვა, მერე აშენდა, მაგრამ მიატოვეს და ნაგვის ბუდედ არის ქცეული. მეპატრონესაც ვერ მივაგენით. ბოლოს და ბოლოს, საკურორტო ზონაა, მიხედონ აქაურობას!
ჩვენ დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა მათ სურამის მოსახლეობამ და აქამდე რატომ არაფერი იღონეს. აპარატის უფროსმა გვირჩია, ინფორმაციის მისაღებად მათთვის წერილობით მიგვემართა.
P.S. გვანცა გელაშვილის ტრაგედიამ 13 წლის თაკო ფერაძე გაგვახსენა, რომელიც შარშან ზაფხულში ასევე დიდი სისწრაფით მომავალმა ტრაილერმა რიკოთზე იმსხვერპლა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა და გადააბრუნა. ავტობუსში ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი ხალხური სიმღერის ანსამბლის -“"ბასიანის" წევრები და მათი პედაგოგი ისხდნენ. 10 ბავშვი მსუბუქად დაშავდა, უკანა სავარძელზე მჯდომ თაკოს კი ფანჯრისთვის მიურტყამს საფეთქელი...
მსგავსი შემთხვევები ვიღაცისთვის სტატისტიკაა, ან უბრალოდ, ერთი უბედური შემთხვევა, დაღუპულის ოჯახის წევრებისთვის კი - ცხოვრების დასასრული...
ნანა ფიცხელაური