"რამდენიმე დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი"
ინტერვიუ "კვირის პალიტრის" არქივიდან
"ბატონ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ თვითონ საკმაოდ დიდი გურმანია. პირველად 2010 წელს მიმიწვიეს ბათუმში და რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი."
"ზიდანი, რონალდო, რონალდინიო, ფიგუ და სხვა ბევრი ცნობილი პერსონა მოსულა ჩემთან და გემრიელი კერძისთვის მადლობა გადაუხდია..."
15 წელზე მეტია სამშობლოდან შორს ცხოვრობს და მუშაობს. მას პორტუგალიაში უკეთესად იცნობენ, ვიდრე საქართველოში, თუმცა ბოლო ხანს უფრო ხშირად უწევს თბილისში ყოფნა და ერთ-ერთ ახლადგახსნილ რესტორანში თავისი უნიკალური კერძების მომზადება. გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიაში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანს შეფობს, ასევე ფლობს პატარა ზღვისპირა რესტორანს. ჩვენში ცოტამ თუ იცის, რომ მას საქართველოს სამი პრეზიდენტისთვის უწევდა კერძების მომზადება. ნიჭიერ კაცს წარმატებულ მუსიკლაურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან არჩია მსოფლიო კულინარული ხელოვნებას დაუფლებოდა და გემოთა მუსიკა ეძებნა...
გურამ ბაღდოშვილი:
- კარიერა საკმაოდ ადრე, 14 წლის ასაკში დავიწყე სასტუმრო "აჭარის" სამზარეულოში. მაშინ ეს სასტუმრო საბჭოთა სასტუმროების ქსელს ინტურისტს, ან როგორც იმ დროს ამბობდნენ, "ინტურისტებს" ეკუთვნოდა. ეს იყო ჩემი კარიერის დასაწყისი, იქ გადავდგი პირველი ნაბიჯები... მოკლედ, კომუნისტური წყობიდან მოვდივარ (იცინის)... თანდათან ამ საქმემ უფრო და უფრო გამიტაცა, შემდეგ იყო მოსკოვი, პეტერბურგი, ბოლოს, ბელგიის გავლით პორტუგალიაში მოვხვდი და იქ ვიპოვე მეორე სამშობლო. წლებია უკვე იქ ვარ, თუმცა საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ.
- მზარეულობა რატომ გადაწყვიტეთ, ეს ოჯახური ტრადიცია ხომ არ ყოფილა?
- ოჯახში მამაც და დედაც არაჩვეულებრივად ამზადებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედა უკრაინელი, მოტაცებული ქალი იყო, ძალიან უყვარდა საქართველო, ჩვენი ტრადიციები და სამზარეულო. 1990 წლიდან, როცა მამა მომიკლეს, გადავწყვიტე ჩემით გამეკვლია გზა... გორის "ინტურისტის" დირექტორი იყო ბიძაჩემი სიმონ ნასყიდაშვილი და იმან დამაწყებინა მუშაობა სასტუმრო "აჭარაში", სადაც მიშა ლოლაძესთან 16 წლამდე არალეგალურად ვმუშაობდი... ე.წ. შეგირდი ვიყავი. სწორედ მაგ დროს მომიწია შეხვედრა საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან. იმჟამად ფოთში გაიხსნა სპორტული კომპლექსი "მალთაყვა", სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მზარეული, ეს ის პერიოდია, როდესაც წყალზე სრიალში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. პრეზიდენტმა გახსნა ღონისძიება, შემდეგ გაჩერდა რამდენიმე დღე და ჩვენ მას ვემსახურებოდით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, სასტუმრო "აჭარიდან" ერთადერთი მზარეული ვიყავი, ვინც ფოთში, ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიავლინეს, ეს იყო ჩემი პირველი სამსახურეობრივი მივლინება.
- მოგიწიათ უშუალოდ პრეზიდენტ გამსახურდიასთან შეხვედრა?
- კი, როგორ არა... ის მეტად უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. შემდეგ შევარდნაძის პრეზიდენტობისას რამდენმე ბანკეტზე მაქვს კერძები მომზადებული კრწანისის რეზიდენციაში. ყველა პრეზიდენტს თავისი სპეციალური დეპარტამენტი აქვს, ე.წ. კონტროლის პალატა, რომლის წარმომადგენლებიც აგემოვნებენ და ანალიზებს უტარებენ იმ პროდუქტებს, რომლითაც პრეზიდენტისთვის მზადდება კერძები. ყველაფერი მოწმდება ქიმიურად, ბიოლოგიურად და ა.შ... ბატონ მიხეილ სააკაშვილთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა, იმიტომ რომ თვითონ საკმაოდ დიდი გურმანია. პირველად 2010 წელს მიმიწვიეს ბათუმში და რამდენიმე დღის განმავლობაში ბატონი სააკაშვილისთვის ვახშამს ვამზადებდი. მაგ დროისთვის მე უკვე ვიცნობდი სააკაშვილს, სანამ უცხოეთში მომიწევდა წასვლა, მანამდე მოგვიწია შეხვედრა. მაშინ ერთადერთ ქუჩაზე პეროვსკაია იყო ღამის ბარები, სწორედ იქ, ერთ-ერთ ბარში გავიცანი. 2010 წლის შემდეგ კიდევ არაერთხელ მომიწია ისეთი "ივენთებზე" მომზადება, რომელშიც სააკაშვილი მონაწილეობდა. ერთ ზაფხულს, მახსოვს დიდი სუფრა მოვამზადე, სადაც ყველა ის ადამიანი იყო, ვინც სააკაშვილს მუდამ თან ახლდნენ... მაშინ ვიღაცამ მკითხა, საქართველოში ჩამოსვლას თუ ვაპირებდი, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიყავი საქართველოს მოქალაქე, რადგანაც საქართველოს მოქალაქეობა პორტუგალიის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დავკარგე. მაშინ სააკაშვილი დამპირდა, რომ ორმაგ მოქალაქეობას მომცემდა...
- ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჯერ არ მოგიმზადებიათ?
- ჯერ არ მომცემია საშუალება ღარიბაშვილის ან ივანიშვილისთვის მომემზადებინა, საკრებულოს თავმჯდომარესა და თბილისის მერს კი უკვე მოვუმზადე სადილი, იმედი მაქვს, რომ მალე ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტსაც გავუმასპინძლდები (იცინის).
- პორტუგალიაში რამდენი ხანია რაც ცხოვრობთ?
- პორტუგალიაში 1999 წელს წავედი. მანამდე მოსკოვში ვცხოვრობდი, შემდეგ დავბრუნდი, თუ გახსოვთ, იყო ასეთი რესტორანი "ევროპა", სადაც შეფ-მზარეული ვიყავი.
- თქვენს პორტუგალიურ რესტორანში თუა შესაძლებელი ქართული კერძების დაგემოვნება?
- არა, მაგრამ მე კერძების მომზადებისას ვიყენებ ქართული ელემენტებსაც... ჩემი გასტრონომია ცოტა არ იყოს უცნაურია. ძალიან ბევრი ქვეყნის სამზარეულოს შესწავლის შედეგად, ვცდილობ ახალი კერძები შევქმნა, ამიტომაც ავიღე და შევქმენი ჩემი პირადი ხაზი - "შეფ გურამ"... მე ფაქტობრივად, ერთ კერძში 5 კონტინენტს ვეთამაშები, თქვენ ჩემ რესტორანში რომ მოხვიდეთ და მოითხოვოთ სასინჯი მენიუ, რომელშიც დაახლოებით 5-დან 8 კერძამდე შედის, მოგიწევთ წრე დაარტყათ მთელ პლანეტას, როგორც კერძების ვიზუალით, ასევე გემოთიც. მე ვეძებ თანამედროვე სტილში დამზადებულ ძველ გემოებს...
- ამბობენ, რომ ქართული სამზარეულო გაიყინა, აღარ ვითარდება და ამას ხშირად ქართულ კონსერვატიულობას აბრალებენ, არის თუ არა ეს პრობლემა?
- ეს პრობლემაა არა მარტო სამზარეულოში, არამედ ყველა სფეროში. საქართველო ძალიან დაულოგებელი ქვეყანაა და არა მხოლოდ გასტრონომიულად... როცა ჩამოდიხარ 10-20 დღით ხედავ ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ ბოლომდე ვერ წვდები, მაგრამ როცა ჩამოდიხარ და აქ მუშაობას იწყებ, შემდეგ ხვდები, რომ ქვეყანა გაყინულია. რაიმე რომ განვითარდეს, ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური განვითარებაა საჭირო. სიახლის გარეშე ვერაფერი, მათ შორის ვერც სამზარეულო წავა წინ, კი, ბატონო, სუფრა არის ჩვენი ტრადიცია და უნდა შევინახოთ, მაგრამ სიახლის გარეშე ეს ტადიცია შეიძლება საერთოდ გაქრეს... საქართველოში ლამის ყველა რესტორანს ერთი და იგივე მენიუ აქვს, თითქოს ქვეყანაში მხოლოდ ერთი შეფ-მზარეულია და ის ყველას ერთნაირ კერძებს უწერს. როგორც ვიცი, თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გახსნა კულინარიული სკოლა, მაგრამ რაიმე რომ გასწავლონ, თავად უნდა იცოდნენ...
- თქვენ რომ შემოგთავაზონ ამგვარ სკოლაში თუ ასწავლით?
- ამ მიმართულებით მაქვს იდეა და პროექტსაც ვამზადებ. ამ ქვეყანაში ბევრი ობოლი ბავშვია, რომელთა ნაწილი ქუჩური ცხოვრების მსხვერპლი ხდება, მიმაჩნია, რომ საჭიროა დაარსდეს დაწესებულებები, სადაც ეს ბავშვები რაიმე პროფესიას შეიძენენ. მაგალითად, არსებობდეს კულინარიის სკოლა, სადაც ამ ბავშვებს სწავლის საშულება ექნებათ. ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხია და ჩვენ ტრდიციებზე ახლის დამყნობით, შეგვიძლია ამ სფეროთი საქართველო გახდეს არა მხოლოდ ამიერკავკასიისთვის, არამედ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ყველაზე მთავარია, რომ მოვიდეს თაობა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება იყოს, ვთქვათ, განთქმული შეფ-მზარეული და არა ქუჩაში მდგარი უსაქმური. ახლა მთავრობა შენობას რომ გამომიყოფდეს, დავაარსებდი სკოლას, სადაც იქნებოდა სასკოლო პროგრამაც, დამატებით კი ბავშვებს მზარეულობას, ივენთ-მენეჯერობას, ოფიციანტობას და ა.შ. ვასწავლიდით. კიდევ ერთი, მთავრობას არ აქვს საბანკეტო დარბაზები და მილიონობით თანხას ხრაჯავენ უცხოური დელეგაციების სტუმრობისას თუ ქვეყნის შიგნით დაგეგმილი ღონისძიებებისას... დაარსონ ასეთი დაწესებულება, ყავდეთ 5-6 კარგი შეფმზარეული, ამდენი ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ...
ჭამა-სმის ქვეყანაში ყველაზე მეტად ეს სფეროა განუვითარებელი, არაჯანსაღად კვების პრობლემა ცალკე თემაა, არ შეიძლება სუფრაზე უამრავი რამ ეყაროს და არავინ ფიქრობდეს რასთან რა იჭმევა და ისმევა... არ არსებობს მიმტანის სერვისი, საქართველოში ვერ ვნახე ისეთი მიმტანი, რომელიც დარბაზის ლიდერი იქნებოდა. თვითონ არ იცის რა გამოაქვს სუფრაზე და სხვას რას ურჩევს?! არ იფიქროთ, რომ რევოლუციონერი ვარ და ქართული სუფრას და სამზარეულოს ვლანძღავ, პირიქით, ეს ჩემი სამშობლოა და ვღელავ.
- ვიცი, რომ თქვენს პორტუგალიურ ზღვისპირა რესტორანს არაერთი ცნობილი ადამიანი აკითხავს...
- პროტუგალიაში, მე სადაც ვმუშაობ, ხშირად სადილობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ცნობილი ფეხბურთელები, ისინი შეფ-მზარეულის ოსტატობას დიდ ყურადღებას აქცევენ, ძალიან ბევრი მოდის მადლობის სათქმელად, მეც მიყარს მომხმარებლთან საუბარი და მათი აზრის გაგება. ზიდანი, რონალდო, რონალდინიო, ფიგუ და სხვა ბევრი ცნობილი პერსონა მოსულა ჩემთან და გემრიელი კერძისთვის მადლობა გადაუხდია...
- როგორც გავიგე, კარგ ვოკლაურ კარიერას გიწინაწარმეტყველებდნენ...
- მოსკოვში ცხოვრებისას, მოსკოვის სახელმწიფო ესტრადის ჯაზის კონსერვატორიაში ჩავაბარე. როცა მოსკოვიდან საქართველოში დავბრუნდი ბატონ ნოდარ ანდღულაძესთან ვსწავლობდი. მან მოსკოვში მომისმინა და იქ მითხრა, აუცილებლად ჩემი მოსწავლე უნდა გახდეო. დაბალი ბარიტონი მაქვს და საკმაოდ კარგად ვმღეროდი საოპერო რეპერტუარსაც და ქალაქურ სიმღერებსაც. შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოდან მომიწია წასვლა, უცხოეთში კი, გარკვეული პრობლემების გამო, ჩემს ვოკალურ კარიერაზე უარის თქმა მომიხდა... ისე, სიმღერის ნიჭი ჩემ საქმეშიც მეხმარება, როცა ვამზადებ, სულ ვღიღინებ, ხან - ხმამაღლა, ხანაც – გულში...
ქინძის კრემ-სუპის რეცეპტი ცნობილი შეფ-მზარეულისგან
ავიღებთ 250 გრ კარტოფილს, 100 გრ გოგრას, 1 ც ხახვი, და მარილიან წყალში დავიწყებთ მათ მოდუღებას. წყალი რომ მოიკლებს 1/4 - ს, დავამატებთ ზეითუნის ზეთს, 1 კბილ ნიორს, ჩავყრით წვრილად დაჭრილ 200 გრ ქინძს, ვადუღებთ 10 წუთი და შემდეგ დავაბლენდერებთ. გავაკეთებთ ორცხობილას ნებისმიერი პურით და ამ ორცხობილასთან ერთად მივირთმევთ ქინძის სუპს. ქინძი შეგიძლია შეცვალოთ სხვა პროდუქტებითაც... კარგია სუპი საღამოს რომ მივირთვათ და მსუბუქად დავიძინოთ.
ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)