"ჩვენი დაჩაგვრის მოსურნეები უნდა დავაჩოქოთ!"- დიდი რეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა
"აი, ასე მივდივართ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ ცხოვრება კეთილის და ბოროტის ბრძოლაა. ამას ვერ აიცილებ, მაგრამ შენ ისე უნდა იცხოვრო, რომ ამ ბრძოლაში გაამარჯვებინო სიკეთეს და სინანულს, რადგანაც ხშირად ცდები... ასე მოდის სიკეთის კეთების მადლი - თუ მადლს შვრები, რა ძალის ბოროტებაც უნდა დაგეტაკოს, მისხალი სიკეთით მოერევი."
"როცა სანაპიროზე ელგუჯა ამაშუკელის "ვეფხისა და მოყმის" ქანდაკებას ჩავუვლი, როგორც ეკლესიასთან, ისე ვიწერ პირჯვარს"
დიდი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ბოლო პერიოდში რეზო ჩხეიძე მძიმედ იყო ავად. რეზო ჩხეიძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის ოჯახში. უნიჭიერესმა რეჟისორმა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოახერხა წარმატების მიღწევა. არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ფილმის ავტორი და თანაავტორია.
"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი რეჟისორის გარდაცვალების გამო, ვუსმაძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. აქვე გთვაზობთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ მის უკანასკნელ ინტერვიუს.
ერთი კეთილი სიტყვის მადლი მთებს დაგაძვრევინებს
რეზო ჩხეიძესთან ფრიდონთან ერთად მივედი, - ის ჩვენი გაზეთის ფოტოგრაფია და "ეკლებზე იჯდა" - გადაღებაზე მაგვიანდებაო! მასპინძელმა კი ბოდიში შემოგვითვალა, - რამდენიმე წუთი შემაგვიანდებაო - ტელეინტერვიუს იწერდნენ თურმე. რამდენიმე წუთი თითქმის ერთ საათად იქცა. ოპერატორებმა, - რა გვექნა, როცა ბატონი რეზო ლაპარაკობს, დროს ვეღარ გრძნობო! მე და ფრიდონსაც ასე დაგვემართა - როგორ შეიძლებოდა, არ მოგვესმინა - გვესაუბრებოდა ცხოვრებაზე, უფრო მეტად კი სიკეთესა და სიყვარულზე... საუბარი კინოთი დავიწყეთ.
- თქვენ გინახავთ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ან გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული"? - ეს გენიალური ფილმია! ცრემლს ვერ ვიკავებდი, როცა ორივე ფილმს ვუყურებდი! დაიხსომეთ, ის აუცილებლად ათქმევინებს მსოფლიოს, რომ ქართული კინოფენომენი დაბრუნდა (ამ სიტყვებიდან 3 დღეში ორივე ფილმი "ოსკარზე" წარადგინეს. - ე.ე.). სიტყვა "ფენომენი" განსაკუთრებულს ნიშნავს; ჩვენ, ვისაც არც ისე ბევრი გვიცნობდა, მსოფლიოს სწორედ ამ განსაკუთრებულის შექმნის ნიჭით ვაოცებდით. მახსოვს, სადაც ჩვენს ფილმებს უჩვენებდნენ, ქუჩაში ხალხი ტაშს გვიკრავდა - "ბრავო, ჯეორჯიას!" ძახილით. ვერ ვიკავებ ცრემლს, როცა მეკითხებიან, - ბატონო რეზო, ქართულ კინოს რა მოუვიდაო? ეს მოსკოვშიც მკითხეს. ამ ხნის კაცი დავიბენი, სიტყვა ვეღარ მოვატრიალე და მოვბოდე, - ახალგაზრდა რეჟისორები ახალი იდეებით მოვიდნენ, თავის სტილს ეძებენ, მოძებნიან და კინო იქნება-მეთქი! მაგრამ ასე რომ არ არის... სახელმწიფო კინემატოგრაფს ვერაფერს აძლევს. არადა, ფილმებს დიდი ფულის შემოტანა შეუძლია. გასაგებია, რომ კინო ის ხელოვნება არ არის, სადაც ფულს ერთ ფილმში დახარჯავ და მერე უნდა დაელოდო, როდის მოგაგებინებს მილიონებს, ბევრი სურათი უნდა გადაიღო და რომელიმე უსათუოდ შემოიტანს მილიონებს. როცა კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ვხელმძღვანელობდი, ახალგაზრდა რეჟისორებს წელიწადში 20-25 ფილმს მაინც ვაძლევდი გადასაღებად და არც ერთს იმედი არ გაუცრუებია. ამასთანავე კინო მხოლოდ რეჟისორი და ფული არ არის - ფილმის გადაღებისას ვითარდება მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა, ხელოვნების ყველა დარგი... ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება, ხელოვნებით უნდა ვაჯობოთ ყველას, ჩვენი სული და ძლიერება ხელოვნებაშია, თუკი ამ სულს ჩავახშობთ, აღარაფერი გეშველება... და თუ ოდესმე გამოვფხიზლდით და მისი გაცოცხლება მოვინდომეთ, ამას წლები, ცრემლი და სისხლი დასჭირდება.
რახან სულზე ვლაპარაკობ და ამასაც ვიტყვი: ადრე წესად იყო, ფილმის, გადაღებული მასალის სანახავად ჭკვიან ხალხს ვიწვევდით.
თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხის" გასასინჯად მოვიწვიეთ პატრიარქი (მას ყოველთვის ვიწვევდით) - მაშინ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ჩვენებისას მის გვერდით ვიჯექი და როცა სცენა მივიდა იმ მომენტამდე, სადაც მღვდელი მეზობელ ქალს უბეში ხელს უფათურებს, წამიხ
და საქციელი, გავშეშდი. არ ვიცი, როგორ შემატყო, გადმოიხარა და ჩუმად მითხრა: - ნუ ღელავთ, ბატონო რეზო, ასეთები დღესაც არიანო. და ამით ყველაფერი თქვა...
აი, ასე მივდივართ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ ცხოვრება კეთილის და ბოროტის ბრძოლაა. ამას ვერ აიცილებ, მაგრამ შენ ისე უნდა იცხოვრო, რომ ამ ბრძოლაში გაამარჯვებინო სიკეთეს და სინანულს, რადგანაც ხშირად ცდები... ასე მოდის სიკეთის კეთების მადლი - თუ მადლს შვრები, რა ძალის ბოროტებაც უნდა დაგეტაკოს, მისხალი სიკეთით მოერევი. რასაც ვამბობ, ცხოვრებით გამომიცდია და გზად შემხვედრია:
მახსოვს, როგორ მიიღო სამხატვრო საბჭომ "ნატვრის ხე". ეს საბჭო თავის აზრს გამოთქვამდა ფილმის ეკრანზე გამოსვლამდე.
დასრულდა ჩვენება, შუქი აინთო და ყველა მუნჯივით ზის. თენგიზ აბულაძემ ამას ვეღარ გაუძლო - უნდა გავიდეო. რომ დაბრუნდა, მის დანახვაზე საოცრება დატრიალდა... ყველა ფეხზე ადგა და ტაშს უკრავდა. ნოდარ დუმბაძის ცრემლები მახსოვს, მუშტით იწმენდდა...
თუკი რაიმე კარგი გავაკეთე ცხოვრებაში, ძირითადად იმ სამი ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც სიკეთის ფარანი ამინთო. პირველი ქუთაისში ჩემი სკოლის დირექტორი თამარ დახუნდარიძეა. როცა "ხალხის მტრის შვილი" გავხდი, მან თავის კაბინეტში შემიყვანა, გულში ჩამიკრა და მითხრა, არ ინერვიულო, მამაშენი პატიოსანი კაცია, ძველებურად განაგრძე სწავლა და შენ გვერდით ვიდგებიო. იმხანად ეს სასწორზე სიცოცხლის დადებას ნიშნავდა. მამას დახვრეტის შემდეგ სახლიდან რომ გამოგვასახლეს და არ ვიცოდით, სად წავსულიყავით, ქუჩაში ჩამოვლილმა უცხო კაცმა, ლადო მაჭავარიანმა წაგვიყვანა თავის სახლში 6 თვით. მესამე უცნობი ჩეკისტია, რომელმაც გამოსახლებისას ნუსხაში არ შეიტანა ჩვენი როიალი, რომელიც გავყიდეთ და რამდენიმე თვე თავი ამ ფულით გავიტანეთ... ზოგჯერ ერთი კეთილი სიტყვის მადლიც მთებს დაგაძვრევინებს. როცა "დონ კიხოტის" გადაღება დავაპირე, იმ დროს ესპანეთში ჩემს მეგობარს ანტონიო ალვარესს პატარა კერძო სტუდია ჰქონდა. 1939-ში სტალინმა რომ ესპანელი ბავშვები ჩამოიყვანა, ანტონიო ერთი მათგანი იყო. ჩვენ მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ვსწავლობდით ერთად. "დონ კიხოტის" გადაღებაზე კი სახელმწიფო მოლაპარაკება მიდიოდა, - ხელშეკრულებისთვის ესპანეთის მინისტრს უნდა მოეწერა ხელი. საშინლად ვღელავდი და აი, ასე გულგახეთქილი შევდივარ სამინისტროში, ჩერდება მანქანა და გადმოდის ანტონიო - რეზო, ნუ ღელავ, თუ ხელშეკრულება არ დაგიმტკიცეს, ფილმის გადასაღებ ფულს მე გიშოვიო! ვიგრძენი, როგორ გამაძლიერა ამ სიტყვებმა, - ნერვიულობა გაქრა და ისეთი შინაგანი ძალა მომეცა, მივხვდი, ეს საქმე აუცილებლად გამოვიდოდა.
- დღევანდელ ხელისუფლებაზე რას იტყვით?
გაგრძლება იხილეთ