"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ
"თვითმფრინავის ამბავი ირაკლის რომც სცოდნოდა, მაინც არ წავიდოდა, ოჯახს არ გაწირავდა"
"შევარდნაძემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ეს შენი ირაკლი რა ჭკვიანი ბიჭიაო. ირაკლი თუ ვინმეს აღიზიანებდა, მხოლოდ დაკომპლექსებულ საზოგადოებას და იმ მოღვაწეებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში მონოპოლია ჰქონდათ აღებული სიდიადეზე."
პოლიტიკაზე ნაკლებს ლაპარაკობს, მიიჩნევს, რომ მის ასაკში ადამიანმა ფილოსოფიაზე უფრო უნდა ილაპარაკოს, ვიდრე პოლიტიკაზე, არც ადამიანების პარტიულობა და ძალაუფლებისთვის ყოველდღიური ბრძოლები აინტერესებს, მისთვის მთავარი იდეოლოგიაა. როგორც თავად ამბობს, ის ზომიერი ლიბერალია და ადამიანებისგანაც თავისუფლების, სხვათა უფლებების პატივისცემის და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის მხარდაჭერას მოითხოვს. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, ასევე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მასწავლებელი გახლდათ. მიიჩნევს, რომ მოსწავლემ მოლოდინი არაერთგზის გაუმართლა, მათ შორის მაშინაც, როცა ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა და მან დამარცხება საჯაროდ აღიარა. ამგვარი რამ რეგიონში პირველად მოხდა. ყველაზე დიდი ტკივილი მეუღლე და შვილია, დიდი იმედი კი - შვილიშვილი...
ჩვენი შესავლის მიხედვით, ალბათ არ უნდა იყოს რთული გამოსაცნობი, რომ "კვირის პალიტრის" რესპონდენტი გელა ჩარკვიანია.
ირაკლი
- ირაკლის თვითმფრინავის გატაცების ამბავი კარგად აქვს აღწერილი წიგნში. გეგა კობახიძე ირაკლისთან კი მეგობრობდა, მაგრამ ასევე მეგობრობდა იმ ჯგუფებთანაც, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ. ამის შესახებ ირაკლის რომც სცოდნოდა, მაინც არ წავიდოდა, ჩვენ არ გაგვწირავდა, მას ოჯახისადმი სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. რომ წასულიყო, მასაც დახვრეტდნენ ალბათ... იმ პერიოდში ისეთი ადამიანიც კი დახვრიტეს, რომელსაც პირდაპირი კავშირი არც ჰქონია ამ საქმესთან. ამ ტრაგედიამ რასაკვირველია ძალიან ცუდად იმოქმედა ირაკლიზე. შემდეგი ტრაგედია იყო ნიჭიერი ახალგაზრდა, ირაკლი კოსტავა, რომლმაც თავი ჩამოიხრჩო... ირაკლის მეგობრებიდან თითქმის არარავინ არის ცოცხალი. როგორც ირაკლი ამბობს: "სათქმელი მოკლედ უნდა თქვა და კარი გაიხურო...
- პოლიტიკოსთა ოჯახისთვის რამდენად მისაღები იყო "მეამბოხე" შვილი?
- ეს მეამბოხეობა ხომ პოლიტიკური არ იყო... მასაც ჩემსავით მხოლოდ იდეოლოგია აინტერესებდა. იდეოლოგიურად ირაკლი ჩემი იყო. ის ლიბერალი გახლდათ და ზუსტად ისეთივე მრწამსის, როგორიც მე, ამიტომ მისი პროტესტი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის წინააღმდეგ იყო მიმართული და პოლიტიკური ხასიათი ნაკებად ჰქონდა. ჩემთვის ამას არავითარი დისკომფორტი არ შეუქმნია. არც შევარდნაძე იყო კონსერვატორი, ჩვენში მასზე ბევრი რამ არ იციან, ის ძალიან ადვილად იღებდა და ახალისებდა კიდეც მთელ იმ ხელოვნებას, რომელიც გასული საუკუნის 70-იანებში შეიქმნა. იქნებოდა ეს რობერტ სტურუას, ოთარ იოსელიანის თუ სხვათა ნამოღვაწარი... მან მისცა გზა ყველას. შევარდნაძემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ეს შენი ირაკლი რა ჭკვიანი ბიჭიაო. ირაკლი თუ ვინმეს აღიზიანებდა, მხოლოდ დაკომპლექსებულ საზოგადოებას და იმ მოღვაწეებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში მონოპოლია ჰქონდათ აღებული სიდიადეზე. ირაკლი ძალიან კარგი მელოდისტი იყო და თავისებურად აგრძელებდა ქართული მელოდიური სიმღერის ტრადიციას. თუმცა, ხშირად წერდა ავანგარდულ მანერაში, ქმნიდა ახლებურ ქართულ როკს და, რა დასამალია, ეპატაჟიც სიამოვნებდა.
ძალიან უჩვეულო ახალშობილი იყო, პარეზი ჰქონდა და სახლში, რომ მოიყვანეს ნანას ვუთხარი რას ჰგავს-მეთქი (იცინის). ერთი ჩვევა ჰქონდა, როცა ვუკრავდი, მოდიოდა და უდიდესი ინტერესით მისმენდა, ასევე ინტერესით მელაპარაკებოდა ლიტერატურაზე, პოეზიაზე, თამაშობდა შემოქმედებით თამაშებს, თვითონ ქმნიდა ლიტერატურულ პარადოქსებსა თუ მეტაფორებს, ძალიან შემოქმედებითი ბავშვი იყო. რასაკვირველია ჰქონდა სხვადასხვანაირი პერიოდები, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა იყო მისი მეამბოხეობა და პროტესტის განცდა უფროსი თაობის მიმართ, თუმცა, მალევე დაუბრუნდა მშობლებს. მოგეხსენებათ, რამდენიმე ცოლი ჰყავდა, შვილი ორი ჰყავს, მაქსიმე მეორე ცოლისგან და ნანა ქეთათოსგან.
"მეფე"
- ირაკლი იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ უპირველეს ყოვლისა პოეტი. თვითონ წერდა ლექსსაც და მუსიკასაც... იყო პროზაიკოსიც. ის ძალიან ფართო სპექტრის ხელოვანი იყო. მისი პოეზია და საინტერესო მეტაფორული აზროვნება სხვებისას არ ჰგავდა, თემატიკაც სხვას ირჩევდა. არ მიჰყვებოდა ტრადიციული ქართული საესტრადო ლირიული სიმღერის ხატოვანებას. ირაკლის სიმღერის შესრულების მანერაც სხვანაირი ჰქონდა, იმას ვერავინ გაიმეორებს, ტრაგიზმი იყო მის ხმაში და მელოდიაში. ალბათ მეგობრების დაკარგვამაც დიდი წვლილი შეიტანა მის შემოქმედებაში.
გენეტიკაც უწყობდა ხელს... ჩვენს ოჯახში ხელოვნება უყვარდათ და ესმოდათ. ირაკლის ბაბუა, კანდიდ ჩარკვიანი არამარტო "ცეკას" პირველი მდივანი, არამედ კარგი მოყვარული პოეტი და დიდად განათლებული ადამიანი იყო. არაჩვეულებრივად იცოდა გერმანული, თარგმნიდა ჰაინეს ლექსებს... კაცმა, რომ თქვას არც მე ვიყავი უნიჭო მუსიკაში და სხვა საკითხებშიც. რაც შეეხება დედის მხარეს, მისი დიდი ბაბუა, მოსე თოიძე იყო ქართული თანამედროვე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დედაენის" ძეგლთან ახლოს, სკვერში, უნდა დაიდგას ირაკლი ჩარკვიანის სამგანზომილებიანი სკულპტურა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა მუშაობა?
- სამწუხაროდ, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ირაკლის ძეგლის შესახებ არ მაქვს. ამ საკითხში ჩემზე მეტადაა გარკვეული ქეთათო. ისე კი, როგორც მამას, ბუნებრივია, ძალიან გამეხარდებოდა თუკი ასეთი ძეგლი იქნებოდა ქალაქში, რომელიც მას ასე უყვარდა. ვფიქრობ, ობიექტურადაც ირაკლი, როგორც ძალიან საინტერესო, ნიჭიერი და ტრაგიკული თაობის გამორჩეული წარმომადგენელი, ამას იმსახურებს. არ ვიცი როდის, მაგრამ ძეგლი ალბათ მაინც დაიდგმება.
ნანა
ნანა გარეგნულად ძალიან ჰგავს ირაკლის, შემოქმედი ბავშვია, ჯერ ლექსისა და სიმღერის დაწერა არ უცდია, მაგრამ ყველაფერი წინ აქვს -11 წლისაა მხოლოდ. მაქსიმეს და ნანას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, ძალიან უყვართ ერთმანეთი.
ირაკლი და გელა
მე და ირაკლის პრინციპად გვქონდა, რომ მის პირად ცხოვრებაში არ ჩავრეულიყავი, რადგან ამას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს. ახლა რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი, სხვა არაფერს... ძალიან ბევრ თემაზე ვლაპარაკაობდით, შეიძლებოდა ცხოვრების წესი უფრო ჯანსაღად აეგო, ისიც და მისი მეგობრებიც სინჯავდნენ ხოლმე ნარკოტიკებს, რაც მან თავის წიგნში გულწრფელად აღწერა. ბუნებრივია ამაზეც ვსაუბრობდით. ყველაზე კარგად მაშინ წერდა, როცა ამ ჩვევისაგან გათავისუფლდა. მაგრამ ის იყო კაცი, რომელიც თავის გზას მიჰყვებოდა…
პოლიტიკური ხედვა
- ყველა მთავრობას აქვს პრიორიტეტები, რომლებსაც წინა პერიოდში დაგროვილი პრობლემები განსაზღვრავს. მიშას პრიორიტეტი იყო ქვეყნის მოდერნიზება, რადგან საქართველოს იმ პერიოდში სწორედ ეს სჭირდებოდა. ამიტომაც საჭირო გახდა ძლიერი საგადამხდელო დისციპლინა და ცენტრალიზებული მართვა. ქვეყნის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, მის ხელში შეიქმნა. ყველა მთავრობას, რომელიც თავისი პრიორიტეტებით მოქმედებს, აქვს ხოლმე გადაცდომები, რომლებიც თანდათან პრობლემებად იქცევიან. ჩნდება ახალი პრიორიტეტები, რადგან თუ გადაცდომაა ცენტრალიზებასა და სიმკაცრეში, მაშინ მნიშვნელოვანი ხდება მეტი თავისუფლება, ნაკლები წნეხა და ა.შ. ჩემთვის მთავარია, რომ ხელისუფლების ცვლა ყოველთვის სამართლიანი არჩევნებით ხდებოდეს. თვითონ პოლიტიკური ბრძოლა და ვინ სად იბრძვის, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ცვლილებები აუცილებელია, გროვდება ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია და ეს მხოლოდ ხელისუფლების კანონიერად შეცვლით შეიძლება გამოსწორდეს. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ საქართველოს ყველა მთავრობამ თავისი წილი საქმე გააკეთა. ვინ მეტი, ვინ ნაკლები, ისტორიამ განსაჯოს.
ახალგაზრდა, რომ ვიყო შევქმნიდი ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, პირველს დავარქმევდი "ორპარტიულ საქართველოს," - უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია, რომ საქართველო იმართებოდეს ორპარტიულად, აუცილებელია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ორი დიდი პარტია - მემარცხენე და მემარჯვენე-ცენტრისტულები. მეორე არასამთავრობო ორგანიზაციას კი შევქმნიდი, სახელწოდებით, "საქართველო რევოლუციების გარეშე", რადგან რევოლუციები აღარ გვჭირდება.
-2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციას ეწინააღმდეგებოდით?
- იმ პერიოდის საქართველო მართლაც იყო იმ მდგომარეობაში, რომ აუცილებელი იყო სერიოზული ცვლილება. იმ რევოლუციას მოდერნიზება უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც. რევოლუციებს მაშინ აქვს აზრი, თუ მათ თან სდევს კულტურული რევოლუცია, ანუ, ადამიანების ცნობიერების ამაღლება. დღეს საქართველოში სამოქალაქო ცნობიერება აშკარად ამაღლებულია - ჩვენში დაივიწყეს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ხალხი ქრთამით აბარებდა, რომ პოლიციელს ქრთამს აძლევდნენ ა.შ.
- რამდენად სწრაფად მიდის საქართველო ევროპისკენ?
- მთავარია, რომ მიდის - ხან უფრო სწრაფად, ხან - უფრო ნელა, ხან - ზიგზაგებით. ზოგჯერ გაიგონებ, რომ ჩვენ ჯერ ევროპულ ოჯახში არ მიგვიღებენ, მაგრამ თვითონ ევროპისკენ სვლის პროცესია უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ გზაზე ნელ-ნელა უკეთესები ვხდებით. ჩვენ ისტორიულად ასეთი რეალური შესაძლებლობა არასდროს გვქონია. რას ნიშნავს იყო ევროპული ქვეყანა? - ამაში უპირველესად იგულისიხმება სახელმწიფოს სიძლიერე, რომელიც მხოლოდ ხალხის ნებით შექმნილ სახელმწიფოს გულისხმმობს. საბჭოთა კავშირი არ იყო ძლიერი სახელმწიფო, რადგან ერთი ჯგუფის ნებით იყო აშენებული და მათივე ნებით იმართებოდა, ამიტომაც დაიშალა ერთი წკიპურტით.
მზეკო ჟვანია (სპეციალურად საიტისთვის)