"სანამ ეს მოხდებოდა, 1 კვირის განმავლობაში ღმუოდნენ ზოოპარკში ლომები... სხვანაირად ღმუოდნენ"
ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "ჩემი სახლი, ფაქტობრივად, ზოოპარკის ტერიტორიაზე დგას. იმ საღამოს ახლობელი მყავდა სტუმრად. ვაჟა-ფშაველაზე ცხოვრობს, წვიმა რომ დაიწყო, უნდა წავიდეო, თქვა. მე წაგიყვან-მეთქი... ვაჟაზე რომ მივიყვანე, იქ ისეთ პანიკაში იყო უკვე ეს ბიჭი, მთხოვა, დარჩი ჩემთანო. მიჰქონდა იქაურობა ყველაფერს. გადავწყვიტე, ახალი გზით არ წამოვსულიყავი, გრძელი გზით წამოვედი, ნელ-ნელა. როგორ მოვედი შინ, არ ვიცი. რომ ამოვედი და აივანზე გავედი, 5 წუთში დაიწყო ის საშინელება. ისეთი ხმა იყო, ვიფიქრე, მთები მოგორავენ-მეთქი. ჩვენი აივანი პირდაპირ დაჰყურებდა ამ მოვლენას. სანამ ეს მოხდებოდა, 1 კვირის განმავლობაში ღმუოდნენ ზოოპარკში ლომები. 40 წელია ამ სახლში ვცხოვრობ და ლომების ღმუილი არ მიკვირს, მაგრამ სხვანაირად ღმუოდნენ.
სასწაული იყო, მსგავსი რამ მხოლოდ ფილმებში მინახავს. სულ მეგონა, ამას მიწისძვრა მოჰყვებოდა. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ძალიან ცუდად ვარ, მარტო იმიტომ კი არა, რომ ეს ტრაგედია მოხდა, არამედ ვგრძნობ, რომ ამით არ დამთავრებულა. სულ უბედურების მოლოდინში ვარ. არ ვიცი, იქნებ ფანტაზიები მაწუხებს..."
"ცრემლი, სისხლი, წარსული, აწმყო, მომავალი - ყველაფერი ერთად გამოიხატა"
რეზო ესაძე, კინორეჟისორი: "საშინელება მოხდა. უამრავი მსხვერპლია და ამდენივე - გულისტკივილი. მე, ავადმყოფი კაცი, მზად ვიყავი, წავსულიყავი და მემუშავა, მაგრამ რომ შევხედე ახალგაზრდებს, პირჯვარი გადავიწერე და ღმერთს მადლობა ვუთხარი. ცრემლი, სისხლი, წარსული, აწმყო, მომავალი - ყველაფერი ერთად გამოიხატა ამ უბედურებაში. ეს ტრაგედია იმაზე მიგვანიშნებს, რომ რაღაცები სასწრაფოდ გადასახედია. სანამ გააკეთებდე, მანამ უნდა გაიაზრო ყველაფერი. საჭიროა სინთეზური აზროვნება, უამრავი დეტალის გათვლა, გათვალისწინება, გარკვევა წინდაწინ და არა - მერე თავში ხელების ცემა".
"საქართველოში უკვე გაჩნდა ახალი, ევროპული თაობა"
დათო ტურაშვილი, მწერალი: "უპირველესად, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ტრაგედიის აცილება შესაძლებელი იყო, მაგრამ სტიქიურ უბედურებას რომ უფრო მომზადებული უნდა ხვდებოდეს სახელმწიფო, ეს ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ მაშველებმა ბევრგან ვერ მიაღწიეს დროულად არა გულგრილობის გამო, არამედ არასწორი მენეჯმენტისა და ორგანიზებულობის გამო, რაც ჩვენი საერთო-ეროვნული პრობლემაა და თანაც მრავალსაუკუნოვანი. ხელისუფლებას კი მეტი ლოჯისტიკის უნარი უნდა გამოემჟღავნებინა და სახურავებზე დარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ვერტმფრენები უნდა გამოეყენებინა და არა მხოლოდ მაშველებისა და მოხალისეების ენერგია და თავდადება. რაც შეეხება ტრაგედიის მეორე დღიდან დაბადებულ მოხალისეთა ახალ თაობას, ეს ნამდვილად სასიხარულო აღმოჩენა იყო უფროსი თაობის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებდა ახალგაზრდობას და ჩემთვის კი ისედაც ცნობილი იყო, რომ შესანიშნავი ახალგაზრდები გვყავს. მეტიც, ამ პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში უკვე გაჩნდა ახალი, ისეთი ევროპული თაობა, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა სწორედ ადამიანია".
"ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არსებობს"
დავით მაღრაძე, მწერალი: "ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის არსებობს. ე.წ. ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ ის რეალურად არ არსებობს. როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება და იქ შენთვის გამოსარჩენ რაღაცებს დაეძებ, უკვე არ არსებობ".
ეკა სალაღაია