"ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არ ვართ?"- ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე...
"დეიწყო ზაფხული და დეიწყო ჩვენი ტანჯვაც. სელაპებივით პირდაფჩენილები სადამდე ვისხდეთ? მძღოლს კონდიციონერის ჩართვა მოვთხოვოთ, თორემ გავიწურე ოფლში," - მოთქვამს ხანში შესული მამაკაცი, რომელიც ათი წუთის წინ ამოვიდა ყვითელ მიკროავტობუსში. მგზავრებმა წაუყრუეს, ზოგმაც ხელი ირონიულად ჩაიქნია. მამაკაცი არ გაჩერდა, თუმცა მის ნათქვამს მძღოლმაც წაუყრუა. სალონში აუტანელი სიცხეა. დავა რით დასრულდა, არ ვიცი, რადგან მომდევნო გაჩერებაზე ჩავედი...
ალბათ, ჯოჯოხეთშიც ისევე ცხელა, როგორც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში. ჩვენს ასეთ ყოფაში ჩამგდებთ იმიერში იქაურ სიცხესთან შეგუება არ გაუჭირდებათ, ჩვენ კი აქ ვეწამებით, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ ჯილდოდ სამოთხეში მოვხვდებით. ხუმრობა იქით იყოს და, გაუსაძლისი ხდება 35 გრადუს სიცხეში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა. ძალს მძღოლია და ძალს - მგზავრები... ჯერ ვითხოვთ, შემდეგ ვყვირით, ვემუქრებით, მაგრამ შენც არ მომიკვდე. შეიძლება ათიდან მხოლოდ ერთმა მძღოლმა ჩართოს კონდიციონერი. ამ დროს ნიკო ლორთქიფანიძის უკვდავი ნაწარმოები "თავსაფრიანი დედაკაცი" მახსენდება: "გადიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს, თავისას კი მიაღწევს" - დაახლოებით ასეა ჩვენი საქმე, მაგრამ უკვე მერამდენე ზაფხული იწურება მიზნის მიღწევის გარეშე. ზაფხულის განმავლობაში მძღოლების 90% კონდიციონერებს ცოცხალი თავით არ რთავს, საწვავს ბევრს წვავსო.
"თვითონ რა ენაღვლება, გაყოფს თავს ფანჯარაში და ნიავი დაუქიქინებს, ჩვენ ვიკითხოთ, სკვინჩებივით გაყურსულები ოფლში რომ ვცურავთ. უპატრონო ქვეყანაში ვართ," - შემომჩივლა მოხუცმა მამაკაცმა და კეფაზე სველი ცხვირსახოცი მოიგდო, - ეს რომ არ მქონდეს, აქამდე კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი"."
ეს პრობლემა ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება. როგორც წესი, სატრანსპორტო კომპანია 10 ივნისიდან მძღოლებს მიკროავტობუსებში კონდიციონერების ჩართვისკენ მოუწოდებს. თუმცა, საქმე მოწოდების იქით აღარ მიდის და წლეულსაც, როგორც წინა წლებში, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ხშირად მძღოლები ორ მიზეზს ასახელებენ: კონდიცირების ტექნიკურ ხარვეზებს ან სატრანსპორტო კომპანიისკენ იშვერენ ხელს, ყოველდღიური გეგმის თანხას თვიდან თვემდე გვიზრდიან, დანახარჯებს ვერ ავუდივართ და კონდიციონერი დამატებითი ხარჯიაო. თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია ხელებს ასავსავებს: ხარვეზები გამოვასწორეთ, სეზონურად ყოველდღიური გადასახადი მძღოლებს შევუმცირეთ და კეთილინებონ, კონდიციონერები ჩართონო. ამ იწილო-ბიწილოში კი ზაფხულიც გადის და დაზარალებული კვლავ მგზავრი რჩება.
"ფორდის" მარკის ყვითელი "სამარშრუტო ტაქსების გამოჩენას იმთავითვე ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, მგზავრობის საფასურის გაზრდის სუნი ასდისო. ასეც მოხდა, ძალიან მალე მგზავრობა 50-დან 80 თეთრამდე გაძვირდა. გასაგებია, კომფორტი იაფი არ არის. თუმცა, ჭუჭყიან სავარძლებში ჯდომა (თუ გაგიმართლათ და, ფეხზე დგომამ არ მოგიწიათ) და გადატვირთული ტრანსპორტით, ლამის ცალ ფეხზე მგზავრობა, ამას დამატებული ზაფხულში კონდიცირების პრობლემა, რამდენად აკმაყოფილებს კომფორტის ელემენტარულ კრიტერიუმებს, სხვა საკითხია. თავის დროზე, მგზავრობის საფასურის გაზრდის მიზეზად სწორედ კომფორტული მგზავრობა დასახელდა: ზამთარში - თბილი, ხოლო ზაფხულში გრილი ტრანსპორტი ვის არ უნდა. თუმცა ზაფხულში გაგრილების დაპირება რომ დაპირებად დარჩა, ცხადია. 35 გრადუს სიცხეში გადაჭედილი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ნამდვილი სასჯელია. ლამის ერთმანეთზე ჩახუტებული მგზავრები მძღოლის ლანძღვის თანხლებით მგზავრობენ. ასე მგონია, მძღოლების ლანძღვა-გინება ხალხს უკვე იავნანასავით ჩაესმის და რეაქცია არა აქვს, რა აზრი აქვს - კონდიციონერებს მაინც არ ჩართავენ.
ალბათ, ერთ მშვენიერ დღესაც მძღოლი ყვითელი სამარშრუტო ტაქსიდან მეც ისევე ჩამომაბრძანებს, როგორც ჩემი მეგობარი ჩამოაგდეს. გასულ კვირას სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული შინ ბრუნდებოდა. საღამოს მიკროავტობუსები გადატვირთულია და დაჯდომას ვინ ჩივის, მდგომარე მგზავრობაც სანატრელია. ჰოდა, ცალკე მუშაობით და ცალკე სიცხით შეწუხებულმა ჩემმა მეგობარმა მძღოლს კონდიციონერის ჩართვა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. როცა გააპროტესტა, მძღოლმა მანქანა გააჩერა და ჩაბრძანდიო, უბრძანა. ასე აღმოჩნდა ქუჩაში და შინ სხვა ტრანსპორტით დაბრუნდა. იმის შიშით, კვლავ ქუჩაში არ აღმოჩენილიყო, მომდევნო მძღოლისთვის კონდიციონერის ჩართვა არ მოუთხოვია. მართალია, ჩემს შემთხვევაში საქმე აქამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთ დღესაც შეიძლება ასე მოხდეს. ყოველ დილას ჩემი მგზავრობა კონდიციონერის ჩართვის მოთხოვნით იწყება და საღამოც ამავე მოთხოვნით მთავრდება.
ისე, ამ ყველაფერს ადამიანმა ხანდახან იუმორის თვალით თუ არ შეხედა, სიცხესთან ერთად ნევროზი გარანტირებული აქვს. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ყოველდღიურად მიწევს და უკვე ვფიქრობ, უბის წიგნაკი ხომ არ შევიძინო, რადგან მგზავრობისას ზოგჯერ ისეთ "მარგალიტებს""ვისმენ, სიცილით ვკვდები.
"ხუთიანზე აწყობილი" სატრანსპორტო სისტემის "წყალობით" ბოლო წლებში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ტრაგიკომიკურ სიტუაციაში გვიწევს:""ჩართეთ კონდიციონერი, საუნაში ხომ არა ვართ", "ოფლში ვცურავ", "შე დალოცვილო, კარტოფილი ხომ არ მიგაქვს, ნელა ატარე, ამ სიცხეში ხომ გვახრჩობ და კიდევ ერთმანეთს გვახუტებ, ნამუსი აღარ შეგრჩა?", "სანამ თევზივით პირს არ დავაფჩენ, კონდიციონერს არ ჩართავთ?", "თქვენ არ გეღირსოთ სიგრილე, სულ ასეთ ხვატში გევლოთ" - ზოგი ამგვარად "ლოცავს" მძღოლს და მჟავე სახით ჩადის ტაქსიდან, თან დააყოლებს, ფულის მოცემის ღირსიც არა ხართო. ასეთ "სიამტკბილობაში" ზაფხულიც გადის...
ერთი რამ გამომრჩა: ჩემი დაკვირვებებით დავასკვენი, რომ კონდიცირების პრობლემა უფრო მოკლე სვლაგეზების ტაქსებშია მოგვარებული. თუმცა აქაც დილემაა: სანამ კონდიციონერი სრული დატვირთვით ამუშავდება, მანამდე ტაქსი ბოლო გაჩერებამდე მიდის და მძღოლი გამორთავს. როცა გასვლის დრო მოაწევს, კვლავ ჩართავს და ასე გრძელდება დღის ბოლომდე.
სალომე გოგოხია(სპეციალურად საიტისთვის)