"გათენდება თუ არა, მამა და ჩემი პატარა ძმა იმ ტერიტორიაზე მიდიან და ეძებენ სერგის" - სტიქიისას დაკარგული ბიჭის ისტორია
"სერგის ფოტოები გადავარჩიე, ვფიქრობდი, დამებეჭდა,მაგრამ გადავიფიქრე, რომ გამოჩნდეს, ხომ მისაყვედურებს, რატომ გაადიდე ჩემი სურათიო"
მაშველები დღემდე უშედეგოდ ეძებენ ინდირა და ლიზი ზარანდიების თანამგზავრს, 27 წლის სერგი კაპანაძეს.
თამთა ზარანდია, ლიზის ბიძაშვილი: "სერგიმ და ლიზიმ ერთმანეთი 20 მაისს, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. იმ საშინელ დღემდე, წინა კვირასაც, მათთან ვიყავი. დილის 4-5 საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა, გაღიმებული ლიზი ტელეფონის ეკრანს დასჩერებოდა, მივხვდი, სერგის ელაპარაკებოდა. იმ საბედისწერო ღამეს, ინდისა და მის შეყვარებულთან, ირაკლი ჟორჟოლიანთან ერთად ვიყავი, სამეცადინოდ ერთად დავდიოდით. იმ დღეს ინდიმ გადაწყვიტა, სერგი და ირაკლი ერთმანეთისთვის გაეცნო, ლიზი დავიყოლიეთ და ყველანი მარჯანიშვილზე გავედით. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, თავსხმა წვიმა რომ წამოვიდა, სანამ სერგი მოვიდოდა, ჩემმა ქმარმა დამირეკა, მთხოვა, სახლში მივსულიყავი და ისე წამოვედი, სერგის გაცნობა ვერ მოვასწარი".
სერგის დის, მედეა კაპანაძის თქმით, 10 საათი სრულდებოდა, როცა სერგი სიძემ საბურთალოდან მარჯანიშვილზე მანქანით გაიყვანა.
მედეა კაპანაძე: "იმ დღეს 9 საათზე მოვედი სახლში სულ გალუმპული. ჩემი ძმა გამოპრანჭული დამხვდა. ჩემს სიძეს ელოდებოდა, გიორგი გამიყვანს, მეგობრებთან მივდივარო. გასვლისას გვითხრა, გასაღები მაქვს, თუ გვიან მოვედი, ან არ მოვედი, არ შეიმჩნიოთო.
მეორე დილით ეკლესიიდან მოვდიოდი, დილის 10 საათზე მისმა ძმაკაცმა რომ დარეკა, გოგონები არ ჩანან, ვისთანაც ერთად სერგი იყო და სერგი სად არისო... მერე ტელევიზიით გავიგეთ, რაც მოხდა. იმედს არ ვკარგავდით, საავადმყოფოებში დავიწყეთ ძებნა, პოლიციამ გვითხრა, ძებნას 24 საათის მერე გამოვაცხადებთო...
სერგი ჩემი ნახევარძმაა, წლინახევრის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. 4 წლის მერე შეირთო მამამ მეორე ცოლი. ორი და და ორი ძმა ვიყავით. სერგი ქუთაისში, დედის ძმასთან, ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. მამამ იცოდა, რომ სერგის არაფერს აკლებდნენ, აქეთ წამოყვანის უფლებას კი არ აძლევდნენ, ამიტომ ელოდებოდა იმ ასაკს, როცა შვილთან დალაპარაკებას შეძლებდა. ჩვენც ერთი სული გვქონდა, როდის გავიცნობდით. 16 წლის იყო, რომ წამოვიყვანეთ და მას მერე მთაწმინდაზე ბედნიერად ვცხოვრობდით. დედაჩემთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. უსაზღვროდ თბილი და მზრუნველი იყო.
კიდევ იმის მოლოდინში ვარ, რომ დამირეკავს ან გამოჩნდება. არ ვიცი, რა ვქნა, ვერც ვტირი. მაშველებმა გვირაბი გაწმინდეს, დაღუპულები ნახეს, მაგრამ იქ სერგის ვერ მიაგნეს.
ჩემი მშობლები რუსეთში იყვნენ, იქ გაიგეს ეს ამბავი. მამას ვუმალავდით, რადგან გვეგონა, სერგი გამოჩნდებოდა. ინტერნეტით გაიგო და სასწრაფოდ ჩამოვიდა. აეროპორტში ტირილით მოდიოდა, ყველა გზას უთმობდა. ვცდილობთ, გავამხნევოთ, მაგრამ არ გამოგვდის. გათენდება თუ არა, მამა და ჩემი პატარა ძმა ტატო იმ ტერიტორიაზე მიდიან და ეძებენ სერგის. ახლაც იქ არიან. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამდენ ხანს ხმას მოგვაწვდენდა. ფიზიკურადაც ძლიერი იყო, ცურვაც იცოდა, საოცარი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, ვიცი, ვერავის მიატოვებდა საფრთხეში.
სერგიმ ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე ამერიკულ აკადემიაში სწავლობდა. მამას სუპერმარკეტის ბიზნესი ჰქონდა საქართველოში და მასთან მუშაობდა. მერე მამას პრობლემა შეექმნა და სერგიმ თავისი პატარა მაღაზია გახსნა, მეგობრებთან ერთად პეროვსკაიაზე პატარა ბარიც ჰქონდა.
სერგის ფოტოები გადავარჩიე, ვფიქრობდი, დამებეჭდა, მაგრამ გადავიფიქრე, რომ გამოჩნდეს, ხომ მისაყვედურებს, რატომ გაადიდე ჩემი სურათიო. ძალიან უყვარდა სურათების გადაღება. ასე თუ გავიწირებოდით და ცხედარს ვერ ვიპოვიდით, არ მეგონა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ უძლურები ვართ".
თეა ხურცილავა