"დღეს ორი სახელით ვცხოვრობ" - აგნესა "უძინართა მზიდან"
არქივი, 2015-06-29
"დათო ძალიან კეთილი და სუფთა ადამიანია. არ არის ისეთი, როგორი იმიჯიც შეუქმნეს - თითქოს ციხეში იჯდა, ზოგი იმასაც ამბობდა, გარდაიცვალაო"
ექიმი გელა ბენდელიანი კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლებს შეალევს. საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს...
მაყურებლის საყვარელი ფილმი - "უძინართა მზე" 1992 წელს გამოვიდა ეკრანებზე.
ფილმში გელა ბენდელიანს გუჯა ბურდული განასახიერებს, მის მეუღლეს - ფილმის რეჟისორის, თემურ ბაბლუანის მეუღლე ლია ბაბლუანი, შვილს - დათოს, დათო კაზიშვილი, ნაბოლარა გოგონას, აგნესას კი, ეკა საათაშვილი, დღევანდელი ჩვენი რესპონდენტი:
- ბავშვობაში "მართვესთან" არსებულ გოგონათა ანსამბლში ვმღეროდი. 12 წლის ვიყავი, არტოს ბაღში გვქონდა კონცერტი. მახსოვს, კაცი მომიახლოვდა, თურმე რეჟისორის ასისტენტი ყოფილა, და მითხრა, აუცილებლად მოდი კინოსტუდიაში სინჯებზეო. მართლაც მივედი. ეპიზოდურ, მოხეტიალე მუსიკოსი გოგონას როლისთვის შემარჩიეს, მაგრამ თემურ ბაბლუანმა რომ მნახა, გადაწყვიტა, აგნესას როლზე ავეყვანე, საოცრად ჰგავს დედის როლის შემსრულებელ ლია ბაბლუანსო. ასე გავხდი აგნესა.
ძილისგუდა ვიყავი და გადაღებაზე მისვლა მიჭირდა. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ბოლო სცენა, სადაც ვამბობ, ვირთხები მე გავუშვი-მეთქი. ფილმში არ ჩანს, მაგრამ ამ ერთი ფრაზის წარმოსათქმელად გამაღვიძეს და გაბრაზებული ვიყავი.
ფილმში ასეთი სცენაა: ჩემი ძმა, დათო, შინ ბრუნდება. მე გახარებული გავრბივარ მისკენ და უცებ წავიქცევი. რეპეტიციები მქონდა, თუ როგორ უნდა წავქცეულიყავი. ამისთვის საგანგებოდ ლეიბიც გამიფინეს. გადაღება რომ დაიწყო, გამოვექანე მთელი სისწრაფით და ისე გადავეშვი, თითქოს აუზში ვხტებოდი. მითხრეს, ისე უნდა წაიქცე, რომ კადრშიც ჩანდეს შენი დაცემაო. ამიტომ, სანამ სასურველ პოზაში დავეცემოდი, ბევრი დუბლის გადაღება დაგვჭირდა.
ყველა ძალიან თბილად მექცეოდა. ცდილობდნენ, გაუსაძლისი არ გამხდარიყო ჩემი ასაკისთვის დამღლელი რეჟიმი. ჩემს ეკრანულ მშობლებთან, ქალბატონ ლიასა და ბატონ გუჯასთან ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ოჯახის წევრებთან. მართლაც პატარა ოჯახივით ვიყავით.
დათო ჩემზე უფროსი იყო, ისიც ჩემსავით გამოუცდელი, მაგრამ დაძმობა კარგად გამოგვივიდა. ფილმის ბოლო კადრი რომ გადავიღეთ, უკვე 16 წლის ვიყავი.
და აი, გამოვიდა ფილმი და ძალიან პოპულარული გავხდი. თავიდან ეს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ქუჩაში "აგნესას" რომ დამიძახებდნენ, ვიბნეოდი, მერე მივეჩვიე ორი სახელით ცხოვრებას. დღეს აგნესაზეც ვრეაგირებ და ეკაზეც - ორი სახელით ვცხოვრობ.
ნაცნობი თუ უცნობი მაშინ ხშირად მეკითხებოდა: "რატომ გაუშვი ვირთხები?" მე ხუმრობით ვპასუხობდი, რეჟისორული ჩანაფიქრის თანახმად, ეს ამბავი მე დამბრალდა-მეთქი. ასეთი გამოსავალი გამოვნახე.
- ფილმის პერსონაჟებიდან რომელიმესთან თუ გააგრძელეთ ურთიერთობა.
- ყველაზე კარგი ურთიერთობა დათო კაზიშვილთან მაქვს. ახლა იგი მონასტერშია. თუმცა, მაინც მგონია, რომ საერო ცხოვრებას დაუბრუნდება. ახლა ისეთი პერიოდი აქვს, რომ თავს იქ უფრო კარგად გრძნობს. დათო ძალიან კეთილი და სუფთა ადამიანია. არ არის ისეთი, როგორი იმიჯიც შეუქმნეს ფილმის შემდეგ, თითქოს ციხეში იჯდა, ზოგი იმასაც ამბობდა, გარდაიცვალაო. ბევრი ჭორი ტრიალებდა. სინამდვილეში არასდროს მჯდარა ციხეში და ცუდიც არაფერი ჩაუდენია.
- შემდგომშიც თუ შემოგთავაზეს რომელიმე ფილმში გადაღება?
- გიორგი ოვაშვილმა სადიპლომო ფილმში გადაღება შემომთავაზა. თუმცა, უარი ვუთხარი. მას შემდეგ არავის შემოუთავაზებია... მსახიობობა არასდროს მნდომებია, თუმცა თეატრალურ უნივერსიტეტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დღეს ჟურნალისტი ვარ, რადიო "ფორტუნაში" პოლიტიკის თემაზე მაქვს საავტორო გადაცემები.
"უძინართა მზე"
ფილმ "უძინართა მზეს" - რამდენიმე წლის მანძილზე - 1985-1992 წლებში იღებდნენ. ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდა სცენების შეცვლა და დამატებითი კადრების გადაღება. ნამუშევარი რამდენიმე ენაზე ითარგმნა. ფრაზები ფილმიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ისევე როგორც მელოდია (რიმდარირო), რომელსაც გუჯა ბურდულის გმირი ღიღინებს. ფილმში ხშირად ჟღერს უცენზურო ლექსიკა. ნამუშევარი რეჟისორმა საკუთარი მამის, ასევე ექიმის, ხსოვნას მიუძღვნა.
ფილმს მიღებული აქვს კინოტავრის მთავარი ჯილდო. 1993 წელს გადაეცა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი. სან-რაფაელში 1994 წელს გამართულ კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. მამაკაცის საუკეთესო როლისთვის (გუჯა ბურდული), საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისთვის (თეიმურაზ ბაბლუანი) რუსეთის კინოაკადემიის პრიზი "ნიკა" გადაეცა.
ეკა სალაღაია