30 წლის მარიკას, რომელიც 22 კილოგრამზე ნაკლებს იწონის, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა
"ყველას გთხოვთ, გემუდარებით, იქნებ, შვილის სამკურნალოდ შესაფერისი კლინიკა მაპოვნინონთ. დრო გადის და ყოველი დღე გადამწყვეტია!"
"უკვე 12 წელია, ჩემს შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს... ხან 27 კილო იყო, ხან 23 და ხანაც 22... მარიკას 15 წლის ასაკში გლანდების ოპერაცია გავუკეთეთ და ამან გამოიწვია ყველაფერი: ერთი გლანდი გაძვალებული იყო და ექიმმა ჩამოაგლიჯა, იქ სისხლის კოლტები გაჩნდა და შემდეგ ჩამოფხიკა. ამ დროს სანერწყვე ჯირკვლის ნერვი დაზიანდა... ათი დღე ოპერაციის შემდეგ ისე გავიდა, რომ მარიკას არაფერი გაუსინჯავს, წყალიც კი არ დაულევია. ყელი იმდენად გაურთულდა და გაუღიზიანდა, ვერაფერს ყლაპავდა. ათი დღის შემდეგ პატარა ულუფა კი მიიღო, მაგრამ თვითნებურად უკან წამოუვიდა. ასე დაიწყო და იმ დღიდან, რასაც შეჭამდა სულ პირღებინება ჰქონდა…" - ასე აღწერდა შვილის ავდმყოფობის - ანორექსიის განვითარებასა და ურთულეს მდგომარეობას ამ რამდენიმე თვის წინ მარიკა მეკოკიშვილის დედა (იხილეთ ინტერვიუ), გოგონასი, რომელიც 29 წლის ასაკში 22 კილოგრამს იწონიდა.
მარიკა უკვე 30 წლისაა, როგორც დედა ამბობს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა, მუხედავად იმისა, რომ
პრესაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის მკურნალობას სრულიად დააფინანსებდა ბიზნესმენი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. წესით, მარიკას ჯამრთელობის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესებულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირიქით მოხდა, რის შესახეაც მარიკას დედა, ლალი მეკოკიშვილი გვესაუბრა...
- მარიკამ საგრძნობლად დაიკლო წონაში. მიუხედავად იმისა რომ საშინლად ცხელა, მას სულ სცივა და აკანკალებს. გადაადგილება კიდევ უფრო უჭირს. ძირითადად დაწოლილია, ფეხზე მხოლოდ მაშინ დგება, როცა აღებინებს. ისევ ისე გაძლიერებული, მგლის მადა აქვს, მაგრამ რასაც ჭამს, სულ აღებინებს.
- დაფინანსება ხომ მოიპოვეთ, რატომ არ წაიყვანეთ სამკურნალოდ?
- ძალიან კეთილსინდისიერი, ახალგაზრდა ექიმი გვყავს, რომელიც ცდილობს კლინიკა მოძებნოს, მაგრამ არსებობს ასაკობრივი და ენობრივი ბარიერი. სახეზეა 15 წლის დაავადება და ყველა კლინიკა თავს არიდებს მიიღოს ჩემი შვილი. თვრამეტიდან ოცდასამ წლამდე რომ იყოს, ყველა კლინიკა მიიღებდა, მაგრამ რომ გაიგებენ უკვე ოცდაათი წლისაა, უარს გვეუბნებიან. ახლა მინსკში უნდა წავსულიყავით, მაგრამ აქ ენობრივი ბარიერი აღმოჩნდა პრობლემა. ფსიქოლოგთან პირდაპირი კავშირი უნდა ჰქონდეს, სხვანაირად ვერ ვუმკურნალებთო. აღარ ვიცი რა გამოსავალი ვიპოვოთ. შეიძლება მედიკამენტოზურ მკურნალობაზეც დავთანხმდეთ და ვეძებთ შესაბამისს კლინიკას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მარიკას ექიმს, იგი სრულიად უანგაროდ ეძებს მსოფლიოში ამა თუ იმ კლინიკას, მიწერს, თითქოს რაღაც გამოდის, გაგვეხარდება და სრულიად ამაოდ. ყველაფერი საშინლად გართულებულია. ყველას მივმართავ თხოვნით, იქნებ დაგვეხმარონ და მსოფლიოში ერთი კლინიკა მაინც აღმოჩნდეს ისეთი, სადაც მარიკას სრულყოფილად უმკურნალებენ.
- დღემდე მარიკას ექიმის გარდა არავის უცდია შესაფერისი კლინიკა მოეძებნა?
- კანადიდან დაგვიკავშირდა პარაფსიქოლოგი ირაკლი ლომაია. მან გვითხრა რომ თუ ვანკუვერში ჩავიყვანდით, იქ მარიკას მსგავსი პაციენტებისთვის უმკურნალიათ და აუცილებლად მოარჩენდნენ. გამორიცხულია მარიკას ამხელა გზაზე წაყვანა გავბედო. წონა რომ ასეთი მცირე აქვს, ამიტომ სიმაღლეზე, თვითმფრინავში წნევა სულ მთლად უვარდება. სამჯერ მყავდა დნეპროპეტროვსკში სამკურნალოდ და სრულიად ითიშებოდა თვითმფრინავში. ადრინდელთან შედარებით გადაადგილება ახლა ბევრად უფრო მეტად უჭირს. ხანდახან წამოდგება, სურს თავის ფეხით გავიდეს საპირფარეშოში, მაგრამ თავბრუ ეხვევა და იქცევა. უკვე მეც ძალიან ცუდად ვარ. ასთმა მაქვს, ორივე მუხლი მაწუხებს და მოძრაობა მიჭირს. თანდათან უფრო გამიჭირდება მარიკას მიხედვა, მთელი ოჯახიც ჩემს მხრებზეა...
ყველას გთხოვთ, გემუდარებით, იქნებ, შვილის სამკურნალოდ შესაფერისი კლინიკა მაპოვნინონთ. დრო გადის და ყოველი დღე გადამწყვეტია!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)