"ქვეყნის ყველა ლიდერი მთავაზობდა პოლიტიკაში მოსვლას" (ექსკლუზივი)
"თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ"
"ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი და არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!" - ამბობს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში...
- ახლახან თბილისში საშინელი სტიქია მოხდა. სად იყავით ამ დროს?
- გერმანიაში ვიყავი. შემძრა მომხდარმა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, ქალაქის შუაგულში ასე მოულოდნელად სტიქია თუ დაგვატყდებოდა თავს და ამდენ სიცოცხლეს შეიწირავდა. ყოველთვის მეგონა, რომ ქალაქის მცხოვრებთა სიცოცხლე დაცული იყო. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბუნებასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მე მორწმუნე კაცი ვარ და მწამს, რომ ეს არ არის მხოლოდ წვიმისა და გარემო ფაქტორების ბრალი. მიმაჩნია, რომ ყველანი ვისჯებით, რადგან რაღაცას სწორად არ ვაკეთებთ. ბუნებას და ერთმანეთს მეტად უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ. მეტად კეთილგანწყობილი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ.
- საქართველოში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას...
- ეს საქართველოს არ ეხება. საქართველომდე მოვა თუ არა, ხალხის გადასაწყვეტია და ვერავინ თავზე ვერ მოგვახვევს. მე არ შემიძლია, ამერიკელებს ჭკუა დავარიგო, თუმცა, არა მგონია, მათ უმეტესობას მოსწონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ამერიკაში, რომელთა შორის არიან როგორც განსხვავებული, ისე ჩვეულებრივი ორიენტაციის ადამიანები. ყველას დიდ პატივს ვცემ... საქართველოში ძალიან ძლიერია ოჯახის ინსტიტუტი, ოჯახი კი უნდა იყოს ქალი და მამაკაცი. რაც უნდათ, ის დაარქვან ერთსქესიანთა კავშირს, მაგრამ ოჯახი მას არასოდეს ერქმევა! სადაც ოჯახია, იქ არიან ბავშვები და არ შეიძლება მათ უფლებები წავართვათ - ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰყავდეს დედა და მამა! Oორი მამა რომ ჰყავს, ის ბავშვი დედის სითბოს ვერასდროს იგრძნობს. უპირველესად ბავშვების უფლებებია დასაცავი, ისინი ოჯახში უნდა აღიზარდონ! ეს არის მთავარი, თორემ ჰომოსექსუალების ერთად ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, როგორ უნდათ, ისე იცხოვრონ.
- საქართველოში ყველა მთავრობა ცდილობდა თქვენს პოლიტიკაში მოყვანას. რატომ არ დათანხმდით არც ერთს?
- დიახ, ყოველთვის მთავაზობდნენ, პოლიტიკაში მოვსულიყავი... უარს ვამბობდი, რადგან სხვა მიზნები მქონდა. არც არასდროს მინანია. თუმცა, არ ვამბობ, რომ ეს არასდროს მოხდება! თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს!
- რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტობაც შემოგთავაზეს...
- მაშინაც არ იყო საჭირო და არ დავთანხმდი. თუმცა, ვიცი, ბევრი ადამიანი მოდიოდა ამ თხოვნით.
- კონკრეტულ გვარებს არ დაგვისახელებთ, ვინც პოლიტიკაში მოსვლას გთავაზობდათ?
- კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ... ამას ყველა ლიდერი მთხოვდა, ზვიად გამსახურდიათი დაწყებული... რომ მცოდნოდა, ნამდვილად წავადგებოდი ქვეყანას, აუცილებლად დავთანხმდებოდი. Mმიმაჩნდა, რომ სხვა საქმეებით უფრო გამოვადგებოდი ჩვენს საზოგადოებას.
- უამრავი კარგი საქმე წამოიწყეთ - საქველმოქმედო ფონდი, ტაძრის მშენებლობა... ხომ არ არის დრო, პოლიტიკაში გეცადათ თავი?
- ვნახოთ... ვიმეორებ, თუ საჭირო იქნება, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს...
- პატრიარქს თუ უთხოვია თქვენთვის პოლიტიკაში მოსვლა?
- არასოდეს! პატრიარქი არავის სთხოვს ამას. თუმცა, თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტ. უნდა დავრწმუნდე, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ...
ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო. პატრიარქი ახალაღსაყდრებული იყო, როდესაც აღდგომის ღამეს ეკლესიაში მივედი. ჩემს მეგობართან, ნუკრი ნაჭყებიასთან ერთად გახლდით. უწმინდესმა რომ გაიგო, ეკლესიაში ვიყავი, თავისთან მიხმო. ვიჯექი მასთან ერთად საკურთხეველში, შემდეგ მიმიწვია ტრაპეზზე. მახსოვს, წითელი კვერცხი მომაწოდა, მეორე კი თვითონ ისე დაიჭირა, რომ მისი გატეხილიყო. ესიამოვნა, კვერცხი რომ გავტეხე, მითხრა, შენ ძლიერი ბიჭი ხარო. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. იმის შემდეგ როცა ჩამოვდივარ, პატრიარქთან ყოველთვის მივდივარ.
- მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაზე რას გვეტყვით?
- ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარს აშენებს მთელი საქართველო. დიდი ხნის წინ უწმინდესმა დამიბარა და მითხრა, ტაძარია ასაშენებელი, რადგან საქართველო ელოდება ამ ხატის ჩამობრძანებასო. გადავწყვიტე, დამეძახა რამდენიმე მეგობრისთვის, ვისაც თანხა ჰქონდა. ათი მეგობრიდან თითოეული ათ-ათ ბიზნესმენს მოიყვანს-მეთქი, ვფიქრობდი... თანხა შეგროვდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ არაფერი გამოდიოდა... დამიბარა უწმინდესმა და სწორედ მაშინ გაჩნდა მოსაზრება, საქართველოს ყველა მოქალაქეს თითო ლარი დაედო და ტაძარი აშენებულიყო. ასე გაერთიანდა მთელი ერი... ასეთი სისწრაფით ტაძარი ჯერ არსად აშენებულა. გვინდა, მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე დავამთავროთ - ამ დღეს აღსაყდრების 40 წელი უსრულდება უწმინდესს. ეს მხოლოდ ტაძარი არ იქნება, იქნება მუზეუმიც და აქვე გაიხსნება ახალი პანთეონიც.
- "იავნანა" რა ღონისძიების გამართვას აპირებს?
- 25 სექტემბერს სტრასბურგში გვექნება დიდი გალა-კონცერტი. მონაწილეობენ ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. Mმეც მივიღებ მონაწილეობას. გვსურს, მოვიწვიოთ ევროპის დიპლომატიური კორპუსი და ვაჩვენოთ მათ ძალიან ამაყი საქართველო! ზუსტად რომ კარგი დრო და ადგილია ამისთვის!
მანანა გაბრიჭიძე