"სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი" - "კაზანტიპის" პრეზიდენტი ქართველებზე
ჯემალ ჭკუასელი: "მიჭირს უწმაწური სიტყვების თქმა, მაგრამ ამ ნიკიტა მარშუნოკს დიდი სიამოვნებით ვაგინებდი"
ავთო ვარსიმაშვილი: "ვიღაც არარაობის სიტყვებს დიდ ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ"
საქართველოს უახლოეს ისტორიაში ალბათ, არცერთ ღონისძიებას არ მოჰყოლია იმდენი კამათი, რამდენიც "კაზანტიპს" მოჰყვა. ასე იყო თუ ისე, ფესტივალი ანაკლიაში მაინც ჩატარდა, სტუმრები მივიღეთ და კიდეც გავისტუმრეთ, თუმცა, რესპუბლიკა "კაზანტიპს" მისი ორგანიზატორებისთვის იმდენი მოგება არ მოუტანია, რამდენსაც გეგმავდნენ. ამ დღეებში კი, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა "კაზანტიპის" პრეზიდენტ ნიკიტა მარშუნოკის სიტყვები, რომელიც ქართველებს "საბრალო და ველურ" ხალხს უწოდებს. მარშუნოკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "კაზანტიპის" ძეგლის აღებას უარყოფითად აფასებს და წერს:
"ცოტა ხნის წინ ქართველებმა ანაკლიაში "კაზანტიპის" ძეგლი აიღეს. უცნაურია, რომ მათ კონკრეტულად ეს მონუმენტი აიღეს და არა ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ... სასაცილო, საბრალო და ველური ხალხი". (სტატუსი 5 ივლისს, 23:28 წუთზეა დაწერილი. ხ.ჩ.)
როგორც იტყვიან, ასეთ დროს კომენტარი ზედმეტია, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ამის შესახებ ქართველი ხელოვანების, ცნობილი ადამიანების აზრი გაგვეგო:
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი: - მიჭირს უწმაწური სიტყვების თქმა, მაგრამ ამ ნიკიტა მარშუნოკს დიდი სიამოვნებით ვაგინებდი. ასეთი უზნეო ადამიანების გამო ნერვებიც არ უნდა მოიშალო, მაგრამ გული რომ არ გითმენს? თუმცა, რა უნდა გაგვიკვირდეს? - ჩვენც ხომ გვყავს "პატივცემული" არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გვარწმუნებენ, ქართველები ქაჯები ხართო? რადგან საქართველოში კაცი კაცზე არ ქორწინდება და ქართულ საზოგადოებას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ უნდა, ამიტომაც გვიკიჟინებენ - ველურები ხართო. ვენაცვალე ჩვენს პრემიერს, კი ამბობენ, ჭკუასელი ეთვალთმაქცებაო, მაგრამ რაც კარგია, უნდა ითქვას - მხარი არ დაუჭირა და არ დაკანონდა ჩვენს კონსტიტუციაში ერთსქესიანთა ქორწინება. უმცირესობის ინტერესებს თავგამოდებით იცავენ, მაგრამ, უმრავლესობის ინტერესებს ვინ დაიცავს? ან რატომ გვტენიან ამდენ საზიზღრობას, ყველაფერს, რაც არ მოგვწონს და ჩვენი არ არის? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვენ ტოლერანტები კი არა, ზედმეტად ქედმაღლები ვართ, რადგან მეტისმეტი თავმდაბლობა ზოგჯერ ქედმაღლობის ნიშანიცაა. ოღონდ ქაჯები არ ვეგონოთ და ყველაფერზე წავალთ, ყველაფერს ვიღონებთ. შენს ქვეყანას რაც უხდება, ადამიანმა ის უნდა აკეთოს და არა ის, რაც სხვებს მოსწონთ. პირველ რიგში ის უნდა ვიცოდეთ, ჩვენს ერს რა სჭირდება, რომ არ გადაგვარდეს და არ აღიგავოს პირისაგან მიწისა.
გია ბუღაძე, მხატვარი: - მე მგონია, რომ ასეთი ტიპებისგან არც ქება უნდა გეწყინოს და არც - ძაგება. შეიძლება ის ასე ფიქრობს, შეიძლება მართლა ველურები და სასაცილოები ვგონივართ, მაგრამ ჩვენ ხომ არ აღვიქვამთ თავს სასაცილო და საბრალო ხალხად? მე მგონი - არა. ვფიქრობ, რომ არ ღირს ამ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ. ქართველ ერს ძალიან ბევრი მაგინებელიც ჰყოლია და მაქებარიც, მაგრამ ამით არაფერი დაჰკლებია. უბრალოდ, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარ თავში დარწმუნებულები, რომ არც არავის გინებას ავყვეთ და არც ქების გამო ვიყოთ აღტყინებულ-აღტაცებულები.
ავთო ვარსიმაშვილი, რეჟისორი: - თავიდანვე არ უნდა შემოგვეშვა ეს ხალხი საქართველოში, ახლა არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მათი ლიდერი ასეთ კომენტარებს აკეთებს. შეიძლება საცოდავებიც ვიყოთ და უბედურებიც, მაგრამ სხვისი გასარჩევი არაფერი გვჭირს. თუ რაიმე ნაკლოვანება გვაქვს, ჩვენს სატკივარს თვითონვე მივხედავთ და მოვუვლით. სხვისგან გაკილვა არ გვინდა. ვიღაც არარაობის სიტყვებს დიდ ყურადღებას არ უნდა ვაქცევდეთ.
ნინო თარხან-მოურავი, მსახიობი: - მე ვფიქრობ, რომ ასეთ ადამიანებთან საქმეც არ უნდა დაიჭირო. მათთან თუ საერთოდ არ გაქვს ურთიერთობა, ვერც ცუდად დაგახასიათებენ და ვერც ვერაფერს დაგაბრალებენ, მაგრამ თუ მასთან საქმე დაიჭირე, ესე იგი, რაღაც საფუძველი მიეცი. სიმართლე გითხრათ, მე არ მიდევნებია თვალი "კაზანტიპისთვის", არც მის ორგანიზატორებზე ვიცი ბევრი რამ, მაგრამ მაინც ვფიქრობ: იქნებ არც ვიყავით მზად ამ ხალხის ქვეყანაში შემოსაშვებად და არც უნდა შემოგვეშვა? როდესაც ადამიანი მთელ ერზე ასეთ სიტყვებს ამბობს, ალბათ ჯობია ყურადღებაც არ მიაქციო. გააჩნია, შეურაცხყოფა ვისგან მოდის, ზოგიერთი შეურაცხმყოფელი იგნორირების ღირსია.
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)