რამ განარისხა ბრეჟნევი და როგორ გაარღვია "ორერამ" რკინის ფარდა
კომუნისტური რეჟიმი უცხოენოვან, განსაკუთრებით ინგლისურ სიმღერებს ანტისაბჭოთა პროპაგანდად მიიჩნევდა, ამიტომ მუსიკოსები ხშირად ხმარობდნენ ფანდებს. ინგლისური სიმღერის წინ აცხადებდნენ - "ზანგური ხალხური სიმღერა"!
კანადურმა პრესამ "ორერა", "ბითლზისა" და "როლინგ სთოუნზის" შემდეგ, მესამე საუკეთესო ჯგუფად დაასახელა
ზუსტად 60 წლის წინ, 1955 წლის ზაფხულში, თბილისში, ლადო ასათიანის, ყოფილი ენგელსის ქუჩის 6 ნომერში, სადაც რობერტ ბარძიმაშვილი ცხოვრობდა, რამდენიმე ყმაწვილი იმხანად მოდური ჯაზური კომპოზიციების შესწავლაში ატარებდა დღეებს. უცხოური მუსიკით გატაცების გამო რობერტს მასწავლებლები და დედა საყვედურობდნენ - სჯობს სერიოზულ საქმეს მოჰკიდო ხელი, მუსიკით ვერაფერს მიაღწევო...
უფროსების რჩევა ნაწილობრივ გაითვალისწინა. დედას შეჰპირდა, - უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარებ, მაგრამ არც მუსიკას მივატოვებო. მართლაც, მეორე წელიწადს ფრანგული ენის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გიტარას აღარავინ უკრძალავდა, ამ საქმეში უკვე პროფესიონალი მუსიკოსი და უფროსი მეგობარი ინოლა გურგულია ეხმარებოდა.
1958 წელს რეჟისორები - გენო წულაია და ნელი ნენოვა გაგრაში კინოკომედიას "წარსული ზაფხული"- იღებდნენ. მომღერალი ეპიზოდურ გადაღებებზე მიიწვიეს. სწორედ იქ შეხვდა ძველ მეგობარს, ზურაბ იაშვილს, გოგონებს გიტარაზე დაკვრით რომ ართობდა. სახელდახელო კონცერტი რომ დასრულდა, ზურაბთან მივიდა და ვოკალურ ჯგუფში გაერთიანება შესთავაზა. ახალი კვარტეტისთვის ბარძიმაშვილს კიდევ ორი კაცი სჭირდებოდა. რობერტმა არჩევანი თამაზ ფანჩვიძეზე შეაჩერა, მეოთხე წევრად კი მაშინ პერსპექტიული ფეხბურთელი თეიმურაზ დავითაია მიიწვია.
1968 წლის ზაფხულში "ორერას" შესახებ ფილმის შექმნის იდეა გაჩნდა... გადაღებები თბომავალ "შოთა რუსთაველზე" უნდა გამართულიყო... საქმე მოგვარდა - ჯგუფის წევრები გემზე მეზღვაურებად და მზარეულებად გააფორმეს... 1958 წელს ასე დაიბადა "ორერა". რობერტს იდეა გაუჩნდა - ემღერათ და დაეკრათ კიდეც. ამასთან, თითოეული სიმღერა შოუს ნომერი უნდა ყოფილიყო. ეს მაშინ ნოვაცია გახლდათ. კვარტეტის შოუპროგრამები არა მხოლოდ მუსიკით, არამედ დახვეწილი, მოდური სტილით, უცხოენოვანი რეპერტუარით, სცენაზე ლაღი ქცევითა და იმპროვიზაციით იყო გამორჩეული.
1963 წლიდან ბარძიმაშვილმა ანსამბლის შემადგენლობის გაზრდა გადაწყვიტა და ბაქოდან ცნობილი პიანისტი ვაგიფ მუსტაფა-ზადე მიიწვია. აზერბაიჯანელი "ორერაში" თითქმის 2 წელი უკრავდა. შემდეგ ის ლენინგრადელმა ქართველმა - თეიმურაზ მეღვინეთუხუცეს-კუხოლევმა ჩაანაცვლა. "ორერას"”სხვა პროფესიონალებიც დაემატნენ: ნანი ბრეგვაძე და ვახტანგ კიკაბიძე. 1966 წელს ანსამბლი თამაზ ფანჩვიძემ დატოვა. რობერტმა მის ნაცვლად გამოცდილი მესაყვირე და კონტრაბასისტი გენო ნადირაშვილი მიიწვია და ჩამოყალიბდა 7-კაციანი ანსამბლი -“ოქროს გუნდი.
"ორერას" 2-მანეთიან ბილეთებს გადამყიდველები 30-40 მანეთად ყიდდნენ, ხშირად კი ბილეთებს აღმასკომები და პარტორგანიზაციები ანაწილებდნენ. ქართველი მუსიკოსების კონცერტებზე არა მხოლოდ საკონცერტო დარბაზები, სტადიონებიც ივსებოდა, წესრიგს კი ცხენოსანი მილიციის გაძლიერებული რაზმები იცავდნენ.
"ორერა" ბევრ უცხოურ სიმღერას მღეროდა. მის ანგარიშზე 22 ენაზე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებია. საბჭოთა კავშირში მსგავსი მრავალფეროვანი რეპერტუარი სხვას არავის ჰქონდა. კომუნისტური რეჟიმი უცხოენოვან, განსაკუთრებით ინგლისურ სიმღერებს ანტისაბჭოთა პროპაგანდად მიიჩნევდა და ებრძოდა, ამიტომ მუსიკოსები ხშირად ხმარობდნენ ფანდებს. მაგალითად, ინგლისური სიმღერის წინ აცხადებდნენ - "ზანგური ხალხური სიმღერა"!”
"ორერა" იმხანად ერთადერთი იყო, რომელიც კაპიტალისტურ ქვეყნებში მოგზაურობდა. ამით, უპირველესად, საბჭოეთის ბიუჯეტი სარგებლობდა - იმპერიის ხაზინას მილიონები ემატებოდა, მუსიკოსებს კი სიმბოლური ჰონორარი...
1967 წელს კანადაში მსოფლიო გამოფენა "ექსპო-67"-ს მილიონობით ადამიანი ეწვია. საბჭოთა კავშირმა გამოფენაზე წარადგინა ყველაფერი ის, რითაც ამაყობდა. ამიტომ საბჭოთა პავილიონი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ყველაზე დიდი მოწონება "ორერამ"”დაიმსახურა. ქართველები პროგრამას ფრანგული სიმღერით ხსნიდნენ.
უცხოელი მაყურებელი საათობით იდგა რიგში... ყველა სიმღერა "ბისზე" სრულდებოდა. კონცერტების შემდეგ კი უცხოელ იმპრესარიოებს ქართველების საგრიმიოროზე იერიში მიჰქონდათ. კანადურმა პრესამ "ორერა", "ბითლზისა" და "როლინგ სთოუნზის" შემდეგ, მესამე საუკეთესო ჯგუფად დაასახელა. მსოფლიოს უძლიერეს დრამერთა სამეულში შეიყვანეს ვახტანგ კიკაბიძეც.
კანადიდან რობერტმა რამდენიმე გრამფირფიტა ჩამოიტანა. ერთ-ერთზე ფრანგული სიმღერა იყო, რომელსაც "მეფუნთუშე გოგონა" ერქვა. მან ამ სიმღერის ეკრანიზება გადაწყვიტა. გადაღებები თბილისის ცენტრში, კაფეში მიმდინარეობდა. დასკვნით ნაწილზე კი ნანი ბრეგვაძის ბინაში მუშაობდნენ. "მეფუნთუშე გოგონას" გადაღებას 3 დღე მოანდომეს.
ეს იყო საბჭოთა კავშირში გადაღებული პირველი კლიპი.
1968 წლის ზაფხულში "ორერას" შესახებ ფილმის შექმნის იდეა გაჩნდა. ახალგაზრდა რეჟისორს, ზაალ კაკაბაძეს, სცენარი გააცნეს, მან კი გადააკეთა და გემის სცენები დაამატა, ტელევიზიის თანამშრომელი თენგიზ შველიძე სასწრაფოდ გაემგზავრა ოდესაში, საიდანაც თბომავალი "შოთა რუსთაველი" მალე დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ უნდა გასულიყო. შველიძემ საქმე მოაგვარა და ჯგუფი მეზღვაურებად და მზარეულებად გააფორმეს.
თბომავლის ქართველ კაპიტანს "ორერა" თვალში არ მოსდიოდა და გემბანზე სიარულს უზღუდავდა. იყო სხვა ხელის შემშლელი ფაქტორიც - უცხოეთის ქალაქებში გადაადგილება და გადაღებები თანხებთან იყო დაკავშირებული. "ორერას"”წევრები იძულებული იყვნენ, საკუთარი ხელფასი დაეხარჯათ... ფილმის პრემიერა საკავშირო ტელევიზიით ერთი წლის შემდეგ შედგა. მომდევნო დღეებში საბჭოთა კავშირის მთავარმა ტელეარხმა ნახევარ მილიონამდე წერილი მიიღო. მაყურებელი ფილმის გამეორებას ითხოვდა.
საკავშირო ტელევიზიამ "ორერა" სრული სვლით", მეორედ 1970 წელს უჩვენა. იმ საღამოს ტელევიზორს იმპერიის პირველი პირი ლეონიდ ბრეჟნევიც უყურებდა. აშკარად არასაბჭოთა სტილის ფილმმა გენერალური მდივანი აღაშფოთა. "ჩტო ზა ბარდაგ!" - განრისხებულა ბრეჟნევი და საკავშირო ტელერადიოს შეფი მესიაცევი იმავე დღეს მოხსნა.
1975 წელს "ორერა" მისმა დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, რობერტ ბარძიმაშვილმა დატოვა. მიზეზად შემოქმედებითი უთანხმოება დასახელდა, თუმცა ანსამბლის წევრები მეგობრებად დარჩნენ და მომავალშიც ბევრჯერ იმღერეს ერთად.
"ორერა", რომელმაც 6 თაობა გამოიცვალა, დღემდე არსებობს. მსოფლიოში მათი 300 მილიონი ფირფიტაა გამოშვებული. ანსამბლმა პლანეტის ხუთივე კონტინენტი მოიარა და ქართული სიმღერა 82 ქვეყანაში ააჟღერა. მრავალმა მილიონმა ადამიანმა საქართველო სწორედ "ორერას" წყალობით გაიცნო.
გზის გამკვალავნი...
მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ჟურნალი "ბილბორდი" 2000 წელს წერდა: "მდიდარი ქართული მრავალხმიანობის ტრადიციებისა და თანამედროვე მუსიკალური ენის გემოვნებიანმა შერწყმამ ანსამბლის სტილი და ხელწერა უნიკალურად აქცია. საბჭოთა კავშირში "ორერამდე" არავის უმუშავია ფოლკლორისა და პოპმუსიკის სინთეზზე, ისინი გზის გამკვალავნი იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ნიჭიერი და ლამაზი მრავალხმიანობა, როგორიც "ორერამ" შექმნა, დღემდე ვერავინ გაიმეორა"...
მიხეილ ჩერქეზია