"როგორ შეიძლება სერიოზულად აღვიქვამდეთ საქართველოს თავად-აზნაურთა მეჯლისებს და რაინდის წოდებებს..."
"რაც შეეხება მეჯლისის ცინიკურ შეფასებებს, ჩემი აზრით, ეს არის ნეობოლშევიზმის გამოხატულება. თავად-აზნაურობა მარტო მამულები და გვარები კი არ იყო, ეს ხალხი სამშობლოს ეწირებოდა..."
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საქართველოს თავად-აზნაურთა ახალგაზრდული მეჯლისის ვიდეო და ფოტომასალას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ირკვევა, მეჯლისი მეფისნაცვლის სასახლის (ანუ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) სარკეებიან დარბაზში ჩატარდა და მას ქართველი თავად-აზნაურობა დაესწრო. ახალგაზრდა თავად-აზნაურთა ვიდეომ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და განხილვის საგნად იქცა, მრავლად იყო ცინიკური კომენტარებიც.
ია ბაგრატიონ-მუხრანელი:
- ეს მეჯლისი ჩვენ მიერ იყო ორგანიზებული. რაც შეეხება მეჯლისის ცინიკურ შეფასებებს, ჩემი აზრით, ეს არის ნეობოლშევიზმის გამოხატულება. თავად-აზნაურობა მარტო მამულები და გვარები კი არ იყო, ეს ხალხი სამშობლოს ეწირებოდა... ამიტომ არც ვპასუხობ იმ ნაწილს, რომლებსაც ასეთი მნიშვნელოვანი თემის დაცინვის სურვილი უჩნდებათ. ეგ არის მიზანმიმართული ბრძოლა ქართველობის წინააღმდეგ... ახალგაზრდული მეჯლისი უკვე მეორედ ჩავატარეთ და მუდამ ჩავატარებთ, ვიდრე საქართველო იარსებებს. ახალგაზრდები შეირჩა ჩვენი გვარების, ჩვენი წევრების შვილებიდან და შვილიშვილებიდან... ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს იმდენად სერიოზული თემაა ტელეფონით არ უნდა მესაუბრებოდეთ, ამიტომ უნდა დაგემშვიდობოთ...
დავით ანდრიაძე, ფილოსოფოსი, არტკრიტიკოსი:
- მთავარია თვითონ როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს, თორემ ხალხს ზუსტი რეაქცია ჰქონდა. თვითონ უნდა უყურებდნენ სერიოზულად, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში. როგორ შეიძლება ჩვენც სერიოზულად აღვიქვამდეთ ამ მეჯლისს, რაინდის წოდებებს და ასე შემდეგ?! ეგ ხალხი მხოლოდ ჩარჩენილი კი არ არის, არამედ, არ აქვთ კულტურული იდენტობის განცდა და რაღაცას მიედ-მოედებიან. ჩვენ რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ეს, მაინც კულტურის ინდუსტრიაში ვცხოვრობთ და ეგ არის ჩვენი უბედურება და სასჯელი. ჩვენ ამ სასჯელს ვიხდით, ისინი ცდილობენ გაექცნენ და სადღაც სიმულაციაში ამოყონ თავი. თან პიონერთა სასახლის სარკეებიან დარბაზში მოაწყვეს, მეორე თემაა ის, რომ ეს ყველაფერი სოციალური და კულტურული უგემოვნობის ნიმუშია. საზღვარგარეთ სამეფო ოჯახებისგან დაჯილდოვებაა თუ სხვა რამ, სასაცილოდ არ აღიქმება, რადგან იქ მონარქიის არსებობაში წყვეტა არ ყოფილა, ჩვენთან კი დიდი წყვეტა იყო, ამიტომ მგავსი რამეები ძალიან დიდ ხანს ასე სასაცილო იქნება... არავითარი ბოლშევიკური გამოვლინება არ არის ეს რეაქცია ხალხისგან, პირიქით – ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღეზე მეტყველებს. ეს ნიშნვს რომ ჩვენში არის გადარჩენილი სოციალური და კულტურული გემოვნება.
- რა ადგილი უნდა ეჭიროს დღეს ამ ხალხს საზოგადოებაში?
- თეატრი რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება უკან აჩრდილებივით იყვნენ. ისინი არ უნდა აცხადებდნენ პრეტენზიას, რომ არიან კულტურული და სოციალური პროტაგონისტები და მგონი, არც აცხადებენ. უბედურება ის არის, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ხასიათი აქვს. ყველანი ჩათრეულები ვართ და ეგენიც ნებსით თუ უნებლიედ. შეუძლებელია ჩვეულებრივ, დამოუკიდებელ და ნორმალურ ადამიანს ასეთი მეჯლისების გამართვა მოუვიდეს თავში აზრად. ეს რომ იყოს პერფორმანსი დიდი სიამოვნებით მიიღებდა ყველა, მაგრამ სრული სერიოზულობით, მართავენ რაღაც უბადრუკობას.
მანანა გაბრიჭიძე (სპეცილაურად საიტისთვის)