ნიკალას "ნათლული" - რა კავშირია ილიკო სუხიშვილსა და ფიროსმანს შორის
არქივი, 2015 წელი
სუხიშვილების ანსამბლს 70 წელი შეუსრულდა
10 წლის ილიკო ქუჩაში უცნობ მამაკაცს გამოესარჩლა. მამაკაცი ნასვამი იყო და მალაკნების ბაზართან ბარბაცით მიდიოდა. მას დახეული ქურთუკი და ჩექმა ეცვა. უკან ბავშვების გუნდი მისდევდა და მთვრალს აბუჩად იგდებდა. ილიკომ ჯოხი მოიმარჯვა და თანატოლებს შეუტია. შეშინებულმა ბავშვებმა მთვრალს თავი დაანებეს. უცნობმა მშველელი იცნო. იგი მუშტაიდის ბაღში არაერთხელ უნახავს, როცა ბიჭი იმ დროს თბილისში ყველაზე მოდურ ცეკვას "შამილს" ასრულებდა. მამაკაცმა ილიკოს მადლობა გადაუხადა და ჩრდილოკავკასიელთა ლეგენდის - შამილის ნახატის ჩვენება შესთავაზა. ნესტიან ოთახში, სადაც არც საწოლი იდგა და არც - სკამი, უცნობმა ბავშვს ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატი უჩვენა. შემდეგ ცეკვა შეუქო და ურჩია, ამ საქმეს გაჰყოლოდა. დამშვიდობებისას ილიკომ მასპინძელს ვინაობა ჰკითხა. მამაკაცმა უპასუხა, რომ მხატვარი ნიკალა ფიროსმანაშვილი იყო.
ერთხელ ილიკო სუხიშვილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში დაიბარეს - ცეკვის ანსამბლის დაარსების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. სუხიშვილმა იცოდა, რომ კომუნისტები ყოველგვარ ინდივიდუალიზმს ეჭვით უყურებდნენ, ამიტომ ცეკვები ხალხურ შემოქმედებად წარადგინა და დამალა, რომ ილეთების უდიდესი ნაწილი მისივე შექმნილი იყო. კულტურის სფეროს ერთ-ერთი ხელძღვანელის, ვარლამ შადურის, კაბინეტში ილიკომ პიჯაკი და ფეხსაცმელი გაიხადა და პარტიულ ჩინოსნებს წარმოდგენა გაუმართა. თავისივე გახმოვანებით "ყაზბეგური", "მოხევური", "ქართული" და "ბაღდადური"”იცეკვა. მამაკაცის პარტიებთან ერთად ქალის ილეთებსაც ასრულებდა და თან თითოეულ ცეკვას შესაბამის კომენტარს ურთავდა. არტისტიზმითა და საოცარი შესრულებით ისეთი ეფექტი მოახდინა, რომ შადურმა განუცხადა, - ანსამბლი აუცილებლად უნდა შექმნაო. ეს ამბავი ზუსტად 70 წლის წინ, 1945 წლის ზაფხულში მოხდა... სუხიშვილებს მაყურებელი დღემდე აღტაცებაში მოჰყავს.
მილანის ლა-სკალას თეატრში, სადაც სუხიშვილებამდე არც ერთი ერის ფოლკლორულ დასს ფეხი არ დაუდგამს, ქართველი მოცეკვავეების წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ოვაციების თანხლებით, ფარდა 14-ჯერ აიწია და ლეგენდარული ტენორის, ენრიკო კარუზოს "რეკორდს" გადააჭარბა - მისი გამოსვლის შემდეგ ლა-სკალაში ფარდა 11-ჯერ ასწიეს.
სუხიშვილების თაყვანისმცემელთა შორის იყვნენ: ჯონ კენედი, ფიდელ კასტრო, ჯავაჰარლარ ნერუ, ინდირა განდი, პელე, ფრენკ სინატრა, ჟან გაბენი, ბრიჟიტ ბარდო, უოლტ დისნეი, ჩარლი ჩაპლინი... ნიუ-იორკში, ბროდვეიზე, დასის წარმოდგენები წლის საუკეთესო შოუდ ორჯერ აღიარეს. სხვადასხვა წლებში "ნიუ-იორკ თაიმსმა", "ვაშინგტონ პოსტმა", "დეილი ტელეგრაფმა", "ფიგარომ" და სხვა წამყვანმა გაზეთებმა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფოლკლორულ კოლექტივად დაასახელეს...
1917 წელს ნინო რამიშვილი უმცროს დასთან - თამართან ერთად, თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, მარია პერინის საბალეტო სტუდიაში მიიყვანეს. გოგონების ცეკვამ სტუდიის ხელმძღვანელები აღაფრთოვანა, მაგრამ სწავლის გადასახადი დიდი აღმოჩნდა, რამიშვილებს ამდენი ფული არ ჰქონდათ და დედამ გულდაწყვეტილი შვილები შინ წამოიყვანა. მეორე დღეს რამიშვილების ოჯახს თავად მარია პერინი ესტუმრა, იმდენად კარგი გოგოები გყავთ, თანახმა ვარ, უფასოდ იარონო!”ეს ეპიზოდი ფილმ "ვერის უბნის მელოდიებში" აისახა...
1924 წლის 26 აპრილს ილიკო სუხიშვილი თავისმა კლასელმა სერგო ზაქარიაძემ ოპერაში დაპატიჟა. იქ მარია პერინის სტუდიის გოგონები ცეკვავდნენ. იმ საღამოს ილიკო მასზე 3 წლით უმცროსმა, 14 წლის მოცეკვავე გოგომ მოხიბლა, რომელიც“ყვითელი მარგალიტის როლს ასრულებდა. წარმოდგენის პროგრამაში ყვითელი მარგალიტის გასწვრივ რამიშვილის გვარი ეწერა. ილიკომ ეს გვარი ფრჩხილის გასმით მონიშნა... ამაყი ნინო დაკემსილსამოსიან თაყვანისმცემელს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ბიჭი ჯიუტი იყო, ფეხდაფეხ დაჰყვებოდა, მალე კი ბედნიერი შემთხვევაც მოხდა. ილიკო პერინის საბალეტო სტუდიაში მიიღეს და ცეკვისთვის მეწყვილე გამოუძებნეს - ნინო რამიშვილი. მას შემდეგ ერთმანეთს არ დასცილებიან, თუმცა ქორწილი არ ჰქონიათ და ცხოვრების ბოლომდე ოფიციალური რეგისტრაციაც კი არ გაუვლიათ.
ნინოსა და ილიკოს მიერ დაარსებულმა ანსამბლმა ხუთივე კონტინენტის 88 ქვეყანაში იმოგზაურა. დასის კონცერტებს 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. თითოეული წარმოდგენა დღემდე სრული ანშლაგით მიმდინარეობს გალაკტიონი თითქმის ყველა კონცერტს ესწრებოდა. შემდეგ კი სცენაზე ადიოდა და ახალგაზრდა მოცეკვავეებს გულში იკრავდა. ამის შემდეგ ილიკოს კოტე მარჯანიშვილი ელოდა. ისინი, როგორც წესი, რესტორან "ორიენტში" მიდიოდნენ, სადაც დიდი რეჟისორი სუხიშვილს ფრანგული კონიაკით უმასპინძლდებოდა.
1935 წელს ინგლისში ხალხური ცეკვის მსოფლიო ფესტივალი გაიმართა. ილიკომ იქ სოლო ნომერი შეასრულა და გრან-პრი მოიპოვა.
ინგლისის მეფე ჯორჯმა და დედოფალმა მერიმ სუხიშვილი ოქროს მედლით დააჯილდოეს. ილიკო დედოფალს ხელზე ემთხვია. ამ ამბავმა კრემლამდე მიაღწია. ინგლისიდან დაბრუნებული დელეგაცია სტალინმა მიიღო და ამბორის შესახებ სუხიშვილს ორაზროვანი კითხვა დაუსვა. ილიკო შეშინდა, თუმცა ბელადმა მოულოდნელად გაუღიმა და საქციელიც შეუქო.
სტალინი სუხიშვილისადმი ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი იყო. ეს ფაქტი ბევრს, მათ შორის ნინოსაც აოცებდა. რამიშვილის აზრით, ბელადი არა მხოლოდ ილიკოს ცეკვით იყო მოხიბლული, ორივე გორის რაიონიდან იყო, ორივე სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა და დიქტატორის ასეთ დამოკიდებულებას, შესაძლოა, ეს გარემოებებიც განაპირობებდა.
ერთხელ, როცა კრემლში მორიგი წვეულება გაიმართა, ბელადმა სუხიშვილთან საუბარი გააბა. ილიკო სტალინს ძია სოსოთი მიმართავდა და თავშესაქცევ ამბებს უყვებოდა. მოულოდნელად, იქვე მყოფმა მოსკოვის დიდი თეატრის ხელმძღვანელმა სტალინს უთხრა, - მართალია, კარგად ცეკვავს, მაგრამ კომკავშირში ცუდად მუშაობსო.“კომკავშირში სხვამ იმუშაოს, ამან კი იცეკვოს! - ბრძანა სტალინმა.
იმავე წვეულებაზე ბელადმა ფირსაკრავი ჩართო და დარბაზში ქართული საცეკვაო მელოდია აჟღერდა. ილიკომ ცეკვა წამოიწყო. ქვეყნის მეთაურის ბრძანებით, მას კლიმენტი ვოროშილოვი, სერგო ორჯონიკიძე და ლავრენტი ბერია აჰყვნენ. პოლიტბიუროს წევრების მოუხეშავ მოძრაობებს სტალინი ირონიით შესცქეროდა. შემდეგ ხელით ანიშნა, შეჩერდითო, ილიკოს მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა და ჰკითხა, - მითხარი, რა გინდა და შეგისრულებო. თქვენი სურათი მაჩუქეთ, ძია სოსო!”- უმალ მიუგო ილიკომ. სტალინმა საკუთარ ფოტოს სამახსოვრო ტექსტი დააწერა და გადასცა.
როცა ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ჩეკისტები სუხიშვილების ბინაშიც მივიდნენ. შინ მხოლოდ ნინო იყო. ბინის ჩხრეკისას კედელზე სტალინის ფოტო შენიშნეს. სურათი ჩამოხსნეს, წარწერა წაიკითხეს, დიასახლისს ბოდიში მოუხადეს და ბინა სასწრაფოდ დატოვეს.
ნინოს და ილიკოს განსხვავებული ხასიათები ჰქონდათ. ილიკო რბილი, ხალისიანი და დიპლომატიური იყო, რამიშვილი კი - დინჯი, მკაცრი და შეუვალი, თუმცა დასის წევრებს ისიც უსაზღვროდ უყვარდათ და მოცეკვავეებზე ზრუნვის გამო მეტსახელად "მამიდაც" კი შეარქვეს.
ნინოსა და ილიკოს მიერ დაარსებულმა ანსამბლმა ხუთივე კონტინენტის 88 ქვეყანაში იმოგზაურა. დასის კონცერტებს 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო. თითოეული წარმოდგენა დღემდე სრული ანშლაგით მიმდინარეობს.
მიხეილ ჩერქეზია