პანკისიდან სირიაში საპატარძლოების გაგზავნა გრძელდება - დეზინფორმაცია, რომლითაც ახალგაზრდებს სირიაში იტყუებენ - კვირის პალიტრა

პანკისიდან სირიაში საპატარძლოების გაგზავნა გრძელდება - დეზინფორმაცია, რომლითაც ახალგაზრდებს სირიაში იტყუებენ

"პანკისელმა გოგონებმა პირადად მითხრეს, რომ მთთვის სირიაში წასვლა სხვა ქვეყანაში წასვლის ერთადერთი შანსია"

"გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა. პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდებოდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში მითხრა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის".

პანკისში 17 წლის გოგონას სირიაში მებრძოლს საჩუქრად უგზავნიდნენ. ეს ამბავი გოგონას ნათესავებმა გაიგეს, რის შემდეგაც ისინი სირიაში მყოფ 21 წლის ვახა ტოხოსაშვილის ახლობლებს სახლში მიუვარდნენ. გოგონას ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და პანკისში ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა. პანკისელი მამაკაცები კი, მას სირიაში 21 წლის ვახა ტოხოსაშვილს უგზავნიდნენ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთ დაჯგუფებაში იბრძვის. გოგონას ოჯახი და ნათესავები ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. გარდა ამისა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პანკისიდან სირიაში 5 ახალგაზრდა წავიდა, მათ შორის ორი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. იგივე წყარო წერს: "დაზუსტებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდები ივლისსა და აგვისტოში "სამუშაოდ" თურქეთში წავიდნენ, საიდანაც მალევე სირიაში გადავიდნენ და ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა შემადგენლობაში იმყოფებიან".

"კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ცნობილია, რომ გამოცემის ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე პერიოდულად ჩადის პანკისი ხეობაში, რათა ადგილზე საკუთარი კავშირების გამოყენებით, ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და გოგონების სირიაში მებრძოლებისთვის საცოლედ "გაგზავნის" ფაქტები ადრეც მომხდარა.

- ასეთი რამ პანკისის ხეობაში, ახალი არ არის, - მიმდინარე წლის 28 აპრილს ხეობა, სოფელ ჯოყოლოში მცხოვრებმა, მე-11 კლასის მოსწავლე, ასევე 17 წლის გოგონამ, მშობლების თანხმობით დატოვა და სირიაში საქმროსთან გაემგზავრა. მაშინ ამბობდნენ, რომ გოგონა სირიაში მეომარ საქმროს სადედამთილომ ჩაუყვანა (იქაური წესის მიხედვით მოჯაჰედის მონახულება მხოლოდ დედას და მეუღლეს შეუძლიათ). პატარძალს სირიაში ბექა ტოხოსაშვილი ელოდებოდა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძოდა. როგორც თემურ ბათირაშვილმა (ომარ ალ შიშანის მამა) პირად საუბარში მითხრა, ბექა თარხან ბათირაშვილთან არის. მან ასევე გვითხრა, რომ პანკისიდან სირიაში პატარძლების ჩაყვანა პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა ვერ გაუგია, რატომ გზავნიან გოგონებს მშობლები იმ ქვეყანაში, სადაც ომი და სისხლია.

- რას ამბობენ ადგილობრივები, რატომ გზავნიან მშობლებს შვილებს სირიაში?

- საქმე ის არის, რომ ეს ადგილობრივთა ერთ ნაწილსაც ძალიან უკვირს, თუმცა, ამბობენ, რომ ამის თავი და თავი სოციალური პრობლემებია. 'ვერ დავიჯერებ, რომ მშობელს შვილი, მით უმეტეს, გოგონა, ომისთვის ემეტებოდეს, მაგრამ გაჭირვებას რა ვუთხარიო", - ჩემთვის პანკისელებს არაერთხელ უთქვამთ... იქ ხალხი სიღატაკის პირასაა (არის შემთხვევები, როცა ვაჟის ოჯახი საპატარძლოსთვის გარკვეულ თანხას იხდის). ისე კი, შესაძლოა, გოგოს ოჯახიც ვაჰაბიზმის მიმდევარი იყოს და შვილის მოჯაჰედისთვის მითხოვებაში ცუდს ვერაფერს ხედავდეს". კითხვაზე, თუ რატომ თანხმდებიან გოგონები სირიაში წასვლაზე, პანკისელი ახალგაზრდების პასუხი ასეთია: - ხეობა ჩაკეტილია, აქ არაფერი ხდება, ახალგაზრდებს შეზღუდული აქვთ ურთიერთობები. მუდმივად იზოლირებული ყოფნა იმდენად აუტანელია, ოღონდ კაცმა ხეობიდან გააღწიოს და თანახმაა, თუნდაც სირიაში წავიდეს... ისე კი ყოფილა შემთხვევაში, რომ გოგოსა და ბიჭს ერთმანეთი უყვარდათ, ბიჭმა სირიაში წასვლა რომ გადაწყვიტა, გოგონაც თან წაიყვანა... ასე რომ, ერთია საჯაროდ რას აცხადებენ, მაგრამ სხვა საკითხია რა ხდება სინამდვილეში. საერთოდ, კი, როგორც თავად ამბობენ და რასაც თავად ვხედავ, პანკისში იმდეჯად მძიმე სოციალური ფონია, რომ ოღონდ ხეობიდან გააღწიონ და რამე სიახლე იყოს მათ ცხოვრებაში და მზად არიან თუნდაც სირიაში წავიდნენ, რადგან ბევრი მათგანი ახმეტის იქით არც არის ნამყოფი.

- გავრცელებული ინფორმაციით, ეს გოგონა, სირიაში წასვლაზე თანახმა იყო...

- დიახ, არც მიკვირს, - პანკისელმა გოგონებმა პირადად მითხრეს, რომ მთთვის სირიაში წასვლა სხვა ქვეყანაში წასვლის ერთადერთი შანსია. ისედაც, გოგოს თანხმობის გარეშე ასეთი რამეები არ ხდება... ასე რომ, ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონას სირიაში თავი ან საქმროს ოჯახის წევრები და ნათესავები აცილებენ.

- ალბათ სირიაში არსებულ საფრთხეებზე ნაკლებად ფიქრობენ...

- საქმე ის არის, რომ ადგილობრივთა ერთი ნაწილი ტელევიზორს არც უყურებენ, კონკრეტულად ვაჰაბიტები მაინცდამაინც არ სწყალობენ საინფორმაციო საშუალებებს და სირიაში მიმდინარე ამბებზე ინფორმაციას სირიაში მყოფი ახალგაზრდებისგან იღებენ. კონკრეტულად ეს არის ვიდეორგოლოები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ზოგადად, სოციალურ ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელსაც ერთმანეთს უგზავნიან. რამდენად სწორი ინფორმაცია აქვთ, სხვა საკითხია, რადგან იქ მყოფები ობიექტურ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ ავრცელებენ. ძირთიადად ასეთი შინაარსის მესიჯები ვრცელდება - ჩამოდით სირიაში, აქ კარგია; აქ გავიგეთ, თუ რა არის თავისუფლება; მეტიც, - ჩამოდით, ჩვენ აქ გვაქვს, დივანი და სავარძლებიც კი... ანუ პანკისში სოციალური პრობლემები ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან წახვიდე იმ ქვეყანაში, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი გელოდება, მაგრამ ისინი მაინც მიდიან...

არ ვიცი, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთი იქ მყოფისგან გავრცელდა, რომ სირიაში მყოფ 70-მდე ახალგაზრდას, არა მხოლოდ პანკისელ ქისტებს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, იქიდან წამოსვლა უნდოდათ, მაგრამ ამის გამო ისინი სასტიკად დასაჯეს, - ყველა მათგანს თავი მოაჭრეს... ვერ გეტყვით, რა გახდა მიზეზი, რომ მათ იქიდან წამოსვლა გადაწყვიტეს, შესაძლოა, ისეთი რამეები ხდება, რომ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც იქ პირველად აიღეს ხელში იარაღი, იქ გაძლება ძნელი იყოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

წაიკითხეთ ასევე:

ISIS -ის პანკისელი სარდლის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება (ექსკლუზივი)

პანკისელი გოგონები მოჯაჰედებისთვის - როგორ გზავნიან პატარძლებს საქართველოდან სირიაში

TOP.GE