რა ჯარიმები დაწესდება "კამიკაძეებისთვის" - კვირის პალიტრა

რა ჯარიმები დაწესდება "კამიკაძეებისთვის"

თბილისში ქვეითად მოსიარულეთა ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს

მძღოლების დიდი უმრავლესობა (76%) კი ქვეითად მოსიარულეს უშუქნიშნო ე.წ. ზებრა-გადასასვლელზე გზას არ უთმობს - ასეთია ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც გასულ კვირას ორგანიზაციამ - "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" - გამოაქვეყნა. სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკის შედეგია ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა.

შს სამინისტრომ საზოგადოებაში ელემენტარული სამოქალაქო უნარ-ჩვევების დასანერგად საგზაო წესების დამრღვევი ქვეითად მოსიარულეთა და ასევე მძღოლებისთვის, რომლებიც ზებრა-გადასასვლელებზე ხალხს გზას არ უთმობენ, ჯარიმების გაზრდა დააანონსა. რატომ არ იცავენ მოქალაქეები საგზაო მოძრაობის ელემენტარულ წესებს და რამდენად ეფექტური იქნება ჯარიმების გაზრდა, ამის დასადგენად თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ - რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც შუქნიშანი არ დგას,

საგზაო მოძრაობას დაახლოებით ერთი საათი ვაკვირდებოდით. ამ ხნის მანძილზე ერთადერთი შემთხვევა დავაფიქსირეთ, როდესაც მძღოლმა გადასასვლელზე მოქალაქეს გზა დაუთმო. სამაგიეროდ, სხვებმა გზა არა მხოლოდ მოძრაობის წესების დარღვევით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი გადაჭრეს. არადა, რამდენიმე მეტრში ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელებია.

გიორგი დალაქიშვილი, მოქალაქე: "ვიცი, რომ მოძრაობის წესებს ვარღვევ, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ხიდი მაღალია და მისით სარგებლობა უამრავ დროს მართმევს, შუქნიშნები ქვეითად მოსიარულეებისთვის დიდი მანძილითაა დაშორებული, მიწისქვეშა გადასასვლელები კი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია? მძღოლებიც ზებრა-გადასასვლელზე გზას არ გვითმობენ. ამიტომ

იძულებული ვარ, მეც გზა პირდაპირ შუა პროსპექტზე გადავჭრა და რომელიმე მძღოლის კეთილ ნებას დაველოდო. ჯერჯერობით, დარღვევისთვის არავის დავუჯარიმებივარ. როგორც ვიცი, მსგავსი დარღვევებისთვის ადრე მხოლოდ 3 ლარით აჯარიმებდნენ, მაგრამ ამან ნაყოფი არ გამოიღო. არც ჯარიმის გაზრდა იქნება პრევენცია. უმჯობესია, ინფრასტრუქტურა მოაწესრიგონ და იმ ადგილებში, სადაც ხალხი გადადის, მეტი შუქნიშანი დაამონტაჟონ. ისიც აუცილებელია, რომ მძღოლებს ზებრა-გადასასვლელებზე მოქალაქეებისთვის გზის დათმობა ასწავლონ".

ნუგზარ ხურცილავა, მძღოლი: "გზებზე ავარიულ სიტუაციებს ხშირად ქვეითად მოსიარულენი ქმნიან. დღესაც გადამიჭრა გზა ერთმა ქალმა და შუა გზაზე გაჩერდა იმ იმედით, რომ გავატარებდი. დამუხრუჭება რომ არ მომესწრო, უბედურება დატრიალდებოდა. კარგი იქნება, თუ მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობა სავალდებულო გახდება, მაგრამ მანამდე გადასასვლელების დასუფთავება უნდა დაიწყონ".

მართლაც, ქალაქში თითქმის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი იმდენად მოუწესრიგებელია, რომ მისით ერთხელ სარგებლობისას მეორედ იმავე "შეცდომის" გამეორების სურვილი აღარ გაგიჩნდებათ - არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები, ჩაბნელებულია და არც უსაფრთხოებაა უზრუნველყოფილი. მერიაში აცხადებენ, რომ ამ პრობლემის გამოსასწორებლად უკვე მუშაობენ და რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი მალე განახლდება.

გახსოვდეთ

ჩვენ შს სამინისტროს იმ სამართლებრივი ნორმების მოწოდება ვთხოვეთ, რომლითაც ქვეითად მოსიარულეთა და მძღოლის ქმედებები განისაზღვრება.

  • თუ ქვეითად მოსიარულე არ დაემორჩილება საგზაო მოძრაობის მარეგულირებელ სიგნალს, უგულებელყოფს საგზაო ნიშნებს ან საგზაო მონიშვნებს, დაჯარიმდება 10 ლარით.
  • საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაყვანის წესების დარღვევა გამოიწვევს გადამყვანის დაჯარიმებას 10 ლარით.
  • ამგვარი სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
  • თუ მოქალაქეს ზებრა-გადასასვლელზე გადასვლისას მძღოლი გზას არ დაუთმობს, ის 20 ლარით დაჯარიმდება.
  • თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს (ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესებს, ან მოტოციკლით, ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მიიღებს მონაწილეობას), რაც შეაფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას შეუქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, დაჯარიმდება 20 ლარით.

რუსუდან შელია