"ჩემმა ცხვირმა გაიმარჯვა" - ბოლოკა "ღიმილის ბიჭებიდან"
"თეატრალურ ინსტიტუტში რომ არ ჩავაბარე, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა"
"ღიმილის ბიჭები" ეკრანებზე 1969 წელს გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, "ღიმილის ბიჭების" თაყვანისმცემლებს ყველა თაობაში ნახავთ. ფილმში ბოლოკას გოჩა ლომია ასახიერებს. დღეს იგი სენაკში ცხოვრობს და "ღიმილის ბიჭების" ისტორიებს სევდანარევი ღიმილით იხსენებს.
გოჩა ლომია: - რეზო ჩხეიძე მთელ საქართველოში ეძებდა ღიმილის ბიჭებს. მოხვდა სენაკშიც. უკითხავს, ასეთი და ასეთი ბიჭი თუ გყავთო? კი, ოღონდ ახლა კალათბურთს თამაშობს "გარადოკშიო", უპასუხიათ. რუსებს სამხედრო ბაზა ჰქონდათ და იმ დასახლებას "გარადოკს" ვეძახდით.
მიდის გაქანებული შერკინება. არ მახსოვს, რატომ, მაგრამ თამაშიდან გამაგდეს. ავტეხე ჭყიპინი. ჩემს ჭყიპინზე მამაკაცს, რომელიც რეჟისორის ასისტენტი აღმოჩნდა, სიცილი აუტყდა. ეს რომ შევამჩნიე, მასაც ერთი-ორი "ტკბილი" სიტყვა ვუთხარი. მომკიდეს ხელი და წამიყვანეს სკოლაში. შემიყვანეს ოთახში, სადაც ბატონი რეზო (მაშინ არ ვიცნობდი), მისი კოლეგები, სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილის გამგე სხედან. აბა, ლექსს თუ იტყვიო. ლექსს არა, თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი. კარგიო. მეც დავიწყე და აღარ გავჩერდი. მე აქეთ ვყვები, იქით ისინი იხოცებიან სიცილით. შემდეგ მკითხეს, შეგიძლია ვინმეს გასცინოო? როგორ არა, თუ სკოლიდან არ გამაგდებს-მეთქი, სასწავლო ნაწილზე მივანიშნე. არაფერი მაქვს საწინააღმდეგოო, თვითონ მიპასუხა. მოკლედ, გავცინე და ამის შემდეგ 15 დღეში თბილისში სასინჯ გადაღებებზე მიმიწვიეს... მეშვიდე ცაზე ვიყავი სიხარულით. დედაჩემმა არ დაიჯერა, ვის რად უნდიხარ, ლექსი შენ არ იცი, სიმღერა და ცეკვაო. მე, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე, ნუგზარ ბაგრატიონი და თემურ ბაბლუანი თავიდანვე მთავარ შემადგენლობაში მოვიაზრებოდით, დანარჩენებს ისევ ეძებდნენ.
- როგორც ვიცი, თავიდან ბოლოკას შემსრულებლად თაზო თოლორაია მოიაზრებოდა.
- ასეც იყო, მაგრამ საბოლოოდ ჩემმა ცხვირმა ითამაშა გადამწყვეტი როლი.
ცხონებული თაზოს ცხვირსა და ჩემს ცხვირს შორის ის განსხვავება იყო, რომ ჩემი ცხვირი აშკარად მოგაგონებდათ ბოლოკს, თაზოსი - არა. ასე გავხდი ბოლოკა.
ბიჭებს შორის მე ყველაზე უმცროსი ვიყავი, მე-9 კლასში ვსწავლობდი, დანარჩენები სტუდენტები იყვნენ. ბევრი რამ ვისწავლე მათგან. მაინც პროვინციიდან ვიყავი, ისინი კი ძირძველი თბილისელები იყვნენ... არასრულწლოვანი ვიყავი, არადა, გადაღებები ხან კიევში მიმდინარეობდა, ხან კრასნოდარში და ხანაც სად, ამიტომ ბებო გამომაყოლეს. ცხონებული ბებიაჩემი პედაგოგი გახლდათ. წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა, ჩვენ რომ გადაღებების მერე ვიწყებდით სასტუმროში ბორიალს. როგორც კრუხი დასდევს ხოლმე წიწილებს, ისე დაგვდევდა. რა ვქნათ, რა ვუყოთ?! ბოლოს მოვიფიქრეთ... ბებო ცოცხალი თავით ლიფტში არ ჯდებოდა. შვეიცარს მივეცით 3 მანეთი და ვუთხარით: ამ ქალს თუ დაინახავ, კიბეზე ფეხით ჩამოდის, მკაცრად მიუთითეთ, რომ კიბეზე ჩამოსვლა აკრძალულია, ლიფტით უნდა იმოძრაოთო! ამის შემდეგ თავისუფლად დავდიოდით...
ერთ დღესაც ბებომ გამოგვიცხადა, გადაღებებზე უნდა წამოვიდეო. წავიყვანეთ. ამ დროს მიმდინარეობს კრასნოდართან ახლოს ბრძოლის სცენების გადაღება, ისმის ბათქაბუთქი და ტანკები დარბიან წინ და უკან. მე და თაზო იმ დღეს კადრში არ ვიყავით და ამიტომ გადასაღები მოედნიდან მოშორებით ცარიელი ტანკით დავიწყეთ მოძრაობა. სროლის ხმა რომ გაიგონა ბებომ, - სადაა ჩემი შვილიშვილი, სასწრაფოდ მომიყვანეთო. გვეძებენ, მაგრამ მაინცდამაინც იმ ტანკში არ აღმოჩნდა რაცია, სადაც ჩვენ ვისხედით და ვერ გამოვიდნენ კავშირზე. ბევრი ძებნის შემდეგ ბებოს გული წაუვიდა. იქ ამბავი ატყდა... ამის შემდეგ დაურეკა მამაჩემს, სად გამოუშვი ბავშვი, აქ სულ ისვრიან, ტანკები დარბიან, ახლავე ჩამოდი და წაგვიყვანეო!..
ამის შემდეგ თეატრალურში რომ არ ჩავაბარე, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. იურიდიული დავამთავრე. გადავყევი დეტექტივების კითხვას, მეგონა, ცხოვრებაშიც ასე იქნებოდა ყველაფერი, როგორც წიგნში, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იურისპრუდენცია ჩემი საქმე არ იყო.
- დღეს რას საქმიანობთ?
- 3 შვილი მყავს. უკვე 62 წლის ვარ. ჯანმრთელობამ მიღალატა და აღარ ვმუშაობ. მანამდე ადვოკატად ვმუშაობდი - არ გამოვიდა ჩემგან გამომძიებელი და პროკურორი. ისეთი ბედნიერი ვარ, ცოტა ხნის წინ გავუშვი ჩემი პატარა შვილიშვილი საბავშვო ბაღში, მეორეს 2 კვირაში ველოდებით და ორმაგი ბაბუა ვიქნები.
"ეს სცენა განსაკუთრებით მიყვარს"
"თმის გადახოტვრის სცენა განსაკუთრებით მიყვარს. მეორედ ვეღარ გადაიღებ, ამიტომ ორი კამერით გვიღებდნენ. გადახოტვრის შემდეგ რაიხსტაგზე ფინალური სცენის გადაღება მოინდომეს. ეს ფილმის ბოლო კადრია. ჯერ გერმანიაში უნდოდათ ნამდვილი რაიხსტაგის გადაღება, მაგრამ ვინ გაგვიშვა?! ამის შემდეგ პენოპლასტისგან გააკეთეს რაიხსტაგის კედელი. ვიზუალურად არა უშავდა, მაგრამ ცარცით სახელების დაწერა რომ მოვინდომე, - ცარცს დავაწვები, კედელი დადის წინ და უკან, არ დავაწვები და არც ნაწერი ემჩნევა! პენოპლასტის კედელი დაშალეს და კაპიტალური ააშენეს, როგორც იქნა, მეც მივაწერე ღიმილის ბიჭების სახელები. რაც შეეხება ჩემს გადახოტრილ თავს, ამ კადრისთვის თმა ხომ არ ამომივიდოდა, ამიტომ პარიკი მომარგეს და ისე გადამიღეს".
ეკა სალაღაია