"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის
1962 წელს ლატვიის დედაქალაქში სამხედრო მფრინავებს კოსმოსში გასაშვებად ამზადებდნენ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ორი ქართველი სამხედრო მფრინავი: ლერი სურმავა და ავთო გოგუაძეც იყვნენ. სამედიცინო შემოწმებისა და ორწლიანი მომზადების შემდეგ, როდესაც ჯერი კოსმოსში გაფრენაზე მიდგა, ხრუშჩოვმა კანდიდატთა სია მოითხოვა და ახსნა-განმარტების გარეშე ორივე ქართველი სიიდან ამოიღო, მიზეზად კი კოსმოსში გაფრენის მსურველთა დიდი რაოდენობა დასახელდა. კულუარებში ამბობდნენ, რომ ორი "ზედმეტი" კოსმონავტი სწორედ ქართველობის გამო დაიწუნეს. უკვე 5 წელია პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი, ლერი სურმავა მშრალ ხიდზე ძველმანებით ვაჭრობს.
"გაგარინი მკაცრი კაცი იყო"
გალში ვცხოვრობდით, როცა 1941 წელს ომი დაიწყო... მშობლებს ერთი კლასის განათლებაც არ ჰქონდათ, მაგრამ დედას ყოველთვის უნდოდა, მეც და ჩემს დასაც გვესწავლა. სკოლა რომ დავამთავრე, სწავლის გასაგრძელებლად რიგაში წავედი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ ტულის ოლქში გამგზავნეს. მაშინ 25 წლის ვიყავი და ოჯახიც ახალი შექმნილი მქონდა. ჩემი მეუღლე ტაშკენტში გავიცანი. ორი შვილი გვეყოლა. ახლა უკვე შვილთაშვილები მყავს. ჩემი გოგო უკრაინაშია გათხოვილი. ბიჭს ცოლი არ ჰყავს და მხოლოდ ეს მაქვს სადარდებელი. 1962 წელს შემომთავაზეს, ვისაც კოსმოსში გაფრენის სურვილი გაქვთ, კომისია გაიარეთო. იური გაგარინი კოსმოსში უკვე ნამყოფი იყო. მე, ავთო გოგუაძე და ვიაჩესლავ ზუდოვი წავედით. მოსკოვში გავიარეთ კომისია და ჩავირიცხეთ. გაგარინი მკაცრი კაცი იყო. ერთად ვჭამდით და ვსვამდით, თუმცა მასთან ურთიერთობა მხოლოდ საქმეზე საუბრით შემოიფარგლებოდა. მომავალი კოსმონავტების ჯგუფი 160 კაცისგან შედგებოდა. 1962 წლის მიწურულს სასწავლო ბაზას ხრუშჩოვი ესტუმრა და მე და გოგუაძე ახსნა-განმარტების გარეშე ჯგუფიდან გაგვრიცხეს. მას შემდეგ ზუდოვი სამჯერ გაფრინდა კოსმოსში.
- მიზეზი რა იყო?
- არ უყვარდა ხრუშჩოვს ქართველები. გოგუაძე ქუთაისში წავიდა, მე ტულაში დავბრუნდი... სამხედრო მფრინავად დავიწყე მუშაობა ვინიცაში, პარალელურად მომავალ პილოტებს ვამზადებდი. რა შეგრძნებაა, როცა პირველი ქართველი კოსმონავტი ხარ? მართალია, არშემდგარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად სიამაყის შეგრძნებაც გაქვს და იმედგაცრუებისაც.
სასწაულებრივად გადარჩენილი
ლერი სურმავა მონაწილეობდა ვიეტნამის, ავღანეთის ომებში; ჩეხეთის ამბოხების ჩახშობის სამხედრო კამპანიაში.
- ჰაერში ყველა მფრინავს ჰქონია სახიფათო მომენტები. ერთ დღეს მითხრეს, ტაშკენტიდან ახალი თვითმფრინავი უნდა წამოიყვანოო. ეკიპაჟთან ერთად გავემგზავრე. დაგვახვედრეს ახალი თვითმფრინავი და ტვირთი გამოგვატანეს. ახალ თვითმფრინავს რომ უფრო დიდხანს ეფრინა, ნულოვანი ჯგუფის საწვავის სატუმბები დაუყენეს. დაბალი მოქმედების მოტორი რომ ჰქონდა, სატუმბმა მოტორს საწვავი ვერ მიაწოდა და ეს გახდა ოთხივე ძრავის გათიშვის მიზეზი. ამ დროს ტამბოვის ტყის თავზე, 7 200 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით. მაშინვე სადისპეტჩერო სამსახურს დავუკავშირდი, რა ვქნა-მეთქი? ჰაერში ხომ არ დავტოვებდი თვითმფრინავს. ყველაფერი ვცადე, ვერ შევძელი ძრავის ამუშავება. პასუხი იგვიანებდა, ჩვენ კი ნელ-ნელა მიწისკენ ვეშვებოდით. 5 800 მეტრ სიმაღლეზე ვიყავით, როცა პასუხი მივიღეთ. გვიბრძანეს, თვითმფრინავი დაგვეტოვებინა. პარაშუტებით რიგრიგობით გადმოვხტით... როცა ერთმანეთი მოვძებნეთ, შტურმანს ვერ ვპოულობდით, თურმე ხეზე ჩამოკიდებულა. ძლივს მივაგენით. შორიდან აფეთქების ხმა გავიგონეთ... ტაშკენტში შეცდომა დაუშვეს, თვითმფრინავი გამოფრენამდე ძირფესვიანად არ შეამოწმეს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საავიაციო ქარხანაში დავიწყე მუშაობა ჯერ მუშად, შემდეგ ინჟინრად, ბოლოს ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი გავხდი. 2010 წლამდე ვიმუშავე, სამი წლის ხელფასი არ მქონდა აღებული. 2012 წლის 4 ოქტომბერს ჩემი ხელფასი, 10.050 ლარი, სრულად ჩამერიცხა ანგარიშზე..."
მშრალი ხიდი
ბევრი ძველებური ხატი მქონდა, ნავთლუღის ბაზარში დამქონდა გასაყიდად. ერთხელ მეგობარმა მითხრა, მშრალ ხიდზე გაყიდეო. მას შემდეგ აქ ვდგავარ. 5 წელია ორდენებს, მედლებს, კუპიურებს და ხურდა ფულს ვყიდი. დღეს ორი კილოგრამი ხურდა მომიტანეს, 10 ლარისაა. დავახარისხებ, გავწმენდ და 12-13 ლარად გავყიდი. გაჭირდა ცხოვრება, მაგრამ მე არ ვუჩივი. ხშირად მეკითხებიან, რამეს ნანობო? არა!.. ცხოვრება ისე გავატარე, როგორც საჭიროდ მიმაჩნდა. ქარხანაში კომკავშირის მდივანი ვიყავი, პარტიის წევრიც გახლდით, ის ბილეთი ახლაც მაქვს, არ გადამიგდია. 1-ელ ნოემბერს 79 წლის გავხდები და ვფიქრობ, ეს გზა სწორად გავიარე.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - "რეფლექტორი" შეიქმნა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში აკადემიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილის ხელმძღვანელობით (ქართველი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი). რეფლექტორი დამზადდა "თბილავიამშენში". კოსმოსში ორბიტულ სადგურ "მირზე" სარაკეტო კორპორაცია "ენერგიამ" გაიტანა. 1999 წლის 23-28 ივლისს ორბიტაზე ობიექტის გამოცდა სრული წარმატებით დამთავრდა, რის შემდეგაც რეფლექტორი ჩამოსცილდა სადგურ "მირს" და გადავიდა დამოუკიდებელ ორბიტაზე.
თორნიკე ყაჯრიშვილი