"მე და საზოგადოება" - რას წარმოადგენს საგანი, რომლის სკოლებში სწავლებასაც სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან?! - კვირის პალიტრა

"მე და საზოგადოება" - რას წარმოადგენს საგანი, რომლის სკოლებში სწავლებასაც სასულიერო პირები ეწინააღმდეგებიან?!

"მავანთ უნდათ ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს საპატრიარქო საგნის "მე და საზოგადოება" სკოლებში სწავლებას ეწინააღმდეგება"

გუშინ განათლების სამინისტროსთან სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია გამართეს. მომიტინგეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ: სკოლებში ჰელოუინის მოწყობას და ახალი საგნის შემოღებას. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო, მათ პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩვენი საქართველო" შემოღებაზეც.

მოგვიანებით ჰელოუინის საკითხზე განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ სამინისტრო ასეთ თემებში ვერ ჩაერევა, რადგან ის სახელმწიფო დაწესებულებაა და ვერავინ უკარნახებს ადამიანებს იზეიმონ თუ არა ჰელოუინი.

განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, რომელშიც განაცხადეს, რომ გუშინ განათლების სამინისტროსთან გამართული აქციის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ: "ამასთან, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რაც მათ მიერ იქნა დაფიქსირებული", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე საკითხს, კერძოდ, სკოლებში ახალი საგნის სწავლებას, ცოტა ხნის წინ, საპატრიარქოს განათლების ცენტრმა მოითხოვა, რომ "მე და საზოგადოება" საგნის შესახებ ფართო განხილვა დაწყებულიყო, სადაც ჩართულები იქნებოდნენ მშობლები, ფსიქოლოგები, მეცნიერები.

"მავანთ უნდათ ისე წარმოაჩინონ, რომ თითქოს საპატრიარქო საგნის "მე და საზოგადოება" სწავლებას სკოლებში ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა ასე არაა, ეს არის უბრალოდ კეთილი სურვილები და მოსაზრებები, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა და არა ის, რომ საგანი არ ისწავლებოდეს", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.

"მე და საზოგადეობის" საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ აგვისტოში გაავრცელა. ამ უკანასკნელის სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგნის "მე და საზოგადოების" შესახებ მსჯელობა არ დასრულებულა, არ არის დასრულებული სტანდარტზე მუშაობა და არც სახელმძღვანელოებია დაბეჭდილი.

დეკანოზ ბიძინა გუნიას თქმით, საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩართული იყო განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული საგნის "მე და საზოგადოება" განხილვაში. როგორც დეკანოზი ამბობს, ისინი ჩართულები იყვნენ საგნის სტანდარტის განხილვაში და მათი ზოგიერთი რეკომენდაცია სტანდარტში აისახა, თუმცა მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რაც აუცილებლად შესაცვლელია საგნის სტანდარტში.

დეკანოზი ბიძინა გუნია:

"გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ჩვენ ვლაპარაკობთ სტანდარტზე და არა კონკრეტულად საგანზე, მათ შორის კი დიდი განსხვავებაა, რადგან ჯერ მტკიცდება სტანდარტი და ამას მოებმის საგანი. "მე და საზოგადოება" სტანდარტის მიმართ ჩვენი შენიშვნები მდგომარეობს შემდეგში - პირველ რიგში საზოგადოების მხრიდან არ არსებობს სოციალური დაკვეთა სასკოლო პროგრამაში ამ სტანდარტების ამოქმედებისა.

ამას გარდა, პროექტი ბაძავს დასავლეთში არსებულ მოდელებს და არ არის შესაბამისობაში ქართული სახელმწიფოს რეალობასთან. მესამე - ჩვენს პედაგოგიურ კადრებს არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და მოუმზადებლები არიან, და მეოთხე, პროექტის მეთოდოლოგიურ ნაწილში შეტანილი ფსიქოთერაპიის ისეთი მეთოდები, როგორიც არის "ცხელი სკამი", "გონებრივი იერიში", "პრობლემების ხე" და სხვა, ამ ტერმინების ადეკვატური შესაბამისი მეთოდები სასკოლო წიგნში კი არა, სპეციალურ კლინიკებში გამოიყენება, თუ ამ ტერმინებში სხვა რაიმე იგულისხმება, პედაგოგისთვის იქნება გაუგებარი და თვითშემოქმედების ფართო ასპარეზი იხსნება", - ამბობს დეკანოზი ბიძინა გუნია.

მისივე თქმით "მე და საზოგადოება" საგნის სტანდარტს რამდენიმე ხარვეზი აქვს, კერძოდ ერთ-ერთი თემა ოჯახია, რომელიც მისი თქმით, ისეთ კითხვებს შეიცავს, რომლებიც რა ფორმითაც არ უნდა დაისვას, ბავშვთა უფლებების კონვენციის კანონებს არღვევს.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის საათობრივი ბადე ისედაც გადატვირთულია, რის ფონზეც ახალი სტანდარტების დამტკიცებით შემოსული საგნები უფრო მეტად გადატვირთავენ საათობრივ ბადეს. როგორც ის ამბობს, სტანდარტის პროექტში არ არის განმარტებული ისეთი საკვანძო სიტყვები და ტერმინები, როგორიცაა ღირსება, თემი, ოჯახი და მრავალი სხვა.

"ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს, ჩვენ მხოლოდ ჩვენი მოსაზრება დავაფიქსირეთ ახალი სტანდარტების - "მე და საზოგადოება" და "ჩვენი საქართველო" პროექტის შესახებ. რას ნიშნავს პროტესტი? პროტესტსა და მოსაზრებას შორის მემგონი განსხვავება არის ხომ? მიგვაჩნია, რომ ამ საგნის სტანდარტი სერიოზულად გადასახედი და სერიოზულად შესასწორებელია", - ამბობს დეკანოზი ბიძინა გუნია.

რაც შეეხება კონკრეტულად საგანს "მე და საზოგადოება", განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მისი შემოტანა იგეგმება III-IV კლასებში, კვირაში 2 საათიანი დატვირთვით. საგანი მოსწავლეს აცნობს სოციალურ გარემოს სხვადასხვა ყოფითი თემების დამუშავების გზით, მაგალითად როგორებიცაა: ოჯახი, მეგობრები, სკოლა და სხვა. ასევე აქცენტი გაკეთდება ისეთ ცნებებსა და საკითხებზე, როგორებიცაა: საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერება, პასუხისმგებლობა ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, უსაფრთხოების წესების დაცვა (მაგ. თუნდაც ქუჩაში მოძრაობისას), ჯანსაღი ცხოვრების წესი, კონფლიქტების არაძალადობრივი გზით გადაჭრა, განსხვავებულობის მიმღებლობა და შემწყნარებლობა და სხვა.

საგნის სწავლება უნდა წარიმართოს თამაშისა და კეთებით სწავლების რეჟიმში. იმისათვის, რათა საგნობრივი პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები უფრო ადვილი აღსაქმელი გახდეს პედაგოგებისთვის, სახელმძღვანელოს ავტორებისთვის, მშობლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, დოკუმენტში კონკრეტულ თემასთან მიმართებაში ჩამოთვლილია რა შეკითხვების პროვოცირება უნდა მოხდეს სასწავლო პროცესში და რა უმთავრესი ცნებები უნდა დამუშავდეს.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)