The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"
ანასტასია გონჩაროვა: "ადამიანებს, რომლებიც მამაჩემს იცნობდნენ, ჩემს დანახვაზე ცრემლები მოსდით, რადგან ჩვენ ძალიან ვგავართ. ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო სასამართლოს გზის გავლა, მაგრამ მამაჩემი მებრძოლი იყო და მე უნდა მივყოლოდი მის მემკვიდრეობას და დამემტკიცებინა, რომ მისი შვილი ვარ. ახლა რუსეთში უნდა წავიდე დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად. ძალიან ბედნიერი ვარ რომ სამართლიანობა აღდგა."
მილიარდერი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" მისივე ქვრივთან უმაღლეს სასამართლოში დავა მოიგო. გამოტანილი ვერდიქტის თაობაზე ბიზნესმენის სხეულის ქსოვილის ნიმუშებზე დაყრდნობით ჩატარდება დნმ-ის ტესტი, რომელსაც ანასტასია გონჩაროვა ითხოვდა ბენდუქიძის ქონებაზე უფლების მოსაპოვებლად.
კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში, ციურიხში გადატანილი გულის ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე, ლონდონში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" გარდაიცვალა.
ნატალია ზოლოტოვა მას შემდეგ მისი ქვრივი ნატალია ზოლოტოვა და ანასტასია გონჩაროვა (რომელიც ირწმუნება, რომ გარდაცვლილის ქალიშვილი და მემკვიდრეა) 1 მილიარდად შეფასებული მემკვიდრეობისთვის იბრძვიან.
დავის მთავარი საკითხი ოლიგარქის სხეულიდან აღებული ნიმუშები გახდა, რომლებიც ბრიტანელი გამომძიებლის ბრძანებით დალუქული ინახება ლონდონში.
ანასტასია გონჩაროვა იმედდაკარგული იყო, რადგან არ მიუწვდებოდა ხელი ნიმუშებზე დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად, რომელიც, მისი თქმით, დაამტკიცებს, რომ ბენდუქიძე მისი ნამდვილი მამა იყო.
თუმცა, ნატალია ზოლოტოვა, როგორც ბიზნესმენის მეუღლე, ასევე დაჟინებით მოითხოვდა ნიმუშების მხოლოდ მისთვის გადაცემას.
ოთხშაბათს ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ოლიგარქის სხეულიდან აღებულ ნიმუშებზე კონტროლის უფლება გონჩაროვას გადასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიმუშები უსაფრთხოდ უნდა გაიგზავნოს მოსკოვში ტესტის ჩასატარებლად. როგორც გონჩაროვა აცხადებს, ეს საბოლოოდ დაადასტურებს მის წარმოშობასა და ბენდუქიძის ქონებისადმი მისი მოთხოვნების სამართლიანობას.
კახა ბენდუქიძე, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მოგვიანებით ძალიან პოპულარული პოლიტიკური მოღვაწე და ფილანთროპი მის მშობლიურ საქართველოში გახდა.
"ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე"
ცოცხალი ნარჩენების ნიმუშები მისი სხეულიდან გაკვეთის პროცესში აიღეს ვესტმინსტერის გამომძიებლის, ფიონა ვილკოქსის დაჟინებული მოთხოვნით. ამჟამად ის დალუქულია და ინახება ლონდონში, Imperial Collegeის ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში.
ნატალია ზოლოტოვა, ხელოვნების ექსპერტი და მწერალი, რომელიც ბენდუქიძეზე 1999 წელს დაქორწინდა, 24 წლის ანასტასია გონჩაროვას გამოჩენამდე ბიზნესმენის მემკვიდრედ ითვლებოდა. ქვრივი აცხადებს, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა მისი ქმრის ქალიშვილის არსებობის შესახებ ვიდრე ის მოულოდნელად არ გამოჩნდა დაკრძალვაზე.
ნატალია ზოლოტოვასა და ანასტასია გონჩაროვას შორის დავა ბენდუქიძის ქონებაზე უკვე მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოში, სანამ ის ლონდონში გადაინაცვლებდა.
თუ გონჩაროვა დაამტკიცებს, რომ ნამდვილად მისი ქალიშვილია, ის გახდება მემკვიდრე და ქონების მფლობელი.
ადვოკატმა განაცხადა, რომ ქვრივს განზრახული ჰქონდა ნიმუშები ვაჭრობის საგნად გამოეყენებინა გონჩაროვასთან დავაში "უკეთესი გარიგების" მისაღწევად. თუმცა, გონჩაროვასთვის შესაძლოა გადამწყვეტი გამარჯვების ტოლფასი იყოს მოსამართლის გადაწყვეტილება, ქვრივის გვერდის ავლით, ჩატარდეს დნმ-ის ტესტი.
კახა ბენდუქიძემ წარმატებული პოლიტიური კარიერის დაწყებამდე საკუთარი ქონება რუსეთში, მძიმე მრეწველობაში ჩადო. ის ძალიან გავლენიანი ეკონომიკის მინისტრი იყო ქართულ პოლიტიკაში, სწორედ მან წამოიწყო ლიბერტარიანული რეფორმები, რომლებმაც სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოიტანა. მისი პოლიტიკის შედეგად საქართველოში შეიქმნა მანამდე არარსებული საშუალო კლასი. მას გარდაცვალების მომენტში გააჩნდა 1 მილიარდის ქონება, მათ შორის ბიზნესის წილები, ფული და უძრავი ქონება რუსეთსა და საქართველოში.
გონჩაროვა აცხადებს, რომ მისი სასამართლო დავა ზოლოტოვასთან "არ არის ფულის შესახებ". მისი თქმით, მამამისის ქონებაზე კონტროლის მთავარი მოტივი იმ ორ უნივერსიტეტის ხელშეწყობაა, რომლებიც ბენდუქიძემ საქართველოში დააფუძნა.
სასამართლო დადგენილებაში ნათქვამია: "პრინციპული კითხვა და დავის საკითხი მხარეებს შორის მდგომრეობს იმაში, არის თუ არა ქალბატონი გონჩაროვა ბატონი ბენდუქიძის ქალიშვილი. თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ამის დადგენა ძალიან სწრაფად მოხერხდება დნმ-ის ტესტით. მიუხედავად ნიმუშების არსებობისა და ქალბატონი გონჩაროვას სურვილისა, ბატონი ბენდუქიძის სიკვდილიდან 11 თვის განმავლობაში ეს არ მომხდარა. ქალბატონმა ზოლოტოვას ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, იმისთვის რომ პროცესისთვის ხელი შეეშალა. ჩემი ბრძანებით ნიმუშები უნდა იქნას გადაგზავნილი რუსეთში ტესტის ჩასატარებლად ყველა წესის დაცვით."
ანასტასია გონჩაროვამ სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ კმაყოფილება გამოხატა. "ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გასაოცრად ვგრძნობ თავს, რადგან ბედნიერი ვარ, მამაჩემის სიკვდილიდან 11 თვის შემდეგ, უკვე ახლოს ვარ იმის დამტკიცებასთან, რომ ის მამაჩემი იყო. ის ჩემი ოჯახის მეგობარი იყო და 10 წლის ასაკიდან ვიცნობდი, შემდეგ 18 წლის ასაკში მან მითხრა რომ მამაჩემი იყო და ჩემს ცხოვრებაში უახლოეს ადამიანად იქცა.
უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მის სიკვდილამდე ძალიან ახლოს ვიყავი მასთან. მასთან ერთად ვმუშაობდი, დასვენების დღეებს მასთან ვატარებდი. ადამიანებს, რომლებიც მამაჩემს იცნობდნენ, ჩემს დანახვაზე ცრემლები მოსდით, რადგან ჩვენ ძალიან ვგავართ. ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო სასამართლოს გზის გავლა, მაგრამ მამაჩემი მებრძოლი იყო და მე უნდა მივყოლოდი მის მემკვიდრეობას და დამემტკიცებინა, რომ მისი შვილი ვარ. ახლა რუსეთში უნდა წავიდე დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად. ძალიან ბედნიერი ვარ რომ სამართლიანობა აღდგა."
თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა