"მე არ დამიწერია, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა" - დოდონა კიზირიას უცნაური კომენტარი აფხაზეთში დაღუპულ მსახიობზე
"დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა, ვერაფერი ვუპასუხე"
"ლევანი ჩვენი დროის ვარსკვლავი იყო! დიდი მსახიობი იყო და კიდევ უფრო დიდი გახდებოდა, რომ დასცლოდა!"
"საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები - გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე - ლევანიც... ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა ზემო ეშერაში. მგონი, ნაღმი აფეთქდა... ლევანი გულმხურვალე ქართველი იყო, სჯეროდა, რომ სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ ავანტიურას შეეწირა... გიო მგელაძემ იმ წელს დაასრულა ფილმი" "არა, მეგობარო!" ეს ლევანის ბოლო ფილმია...". – ეს არის ამონარიდი აფხაზეთის ომში დაღუპული უნიჭიერესი მსახიობის ლევან აბაშიძის დედის, ქალბატონი მანანა ხიდაშელის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2014 წლის აპრილში გამოქვეყნდა.
(იხილეთ სტატია სრულად)
ეს სტატია პოეტ გაგა ნახუცრიშვილის "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულმა სტატუსმა გაგვახსენა, სადაც ის გამოეხმაურა დოდონა კიზირიას კომენტარს ლევან აბაშიძის თაობაზე. ის აპროტესტებდა ქალბატონი კიზირიას მინიშნებას, რომ ლევან აბაშიძე თითქოს და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და აფხაზეთშიც "საკაიფოდ" წავიდა. "ფრთხილად თქვენ ჯარისკაცის საფლავთან დგახართ" – წერდა ბატონო გაგა, რომელმაც მოგვიანებით "ფეისბუკგვერდი" საერთოდ გააუქმა. ამ საკითხს გამოეხმაურა არაერთი ადამიანი, მათ შორის საგაერო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი და ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელთა აზრითაც, კიზირიას განცხადება ამორალური იყო. მოგვიანებით ჩვენ ქალბატონ სალომეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხდა: "დოდონა კიზირიაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ, რადგან ამ უნამუსო ქალის ხსენებაც არ მინდა..."
ლევან აბაშიძე გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში უკვე ძალიან წარმატებული მსახიობი იყო და იმ დროს, როდესაც მან ომში წასვლა გადაწყვიტა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ის თავისი ეპოქის იმ რომანტიკულ გმირად იქცა, რომელმაც თავისი ხანმოკლე სიცოცხლითაც და გარდაცვალებითაც მნიშვნელოვანი კვალის დატოვება მოასწრო ქვეყნის ცხოვრებაში.
რა იგულისხმა და რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში დაღუპული მსახიობის ამგვარ კონტექსტში მოხსენიება მაშინ, როდესაც ლევანის, ეს ნაბიჯი ნამდვილად გმირობის ტოლფასია, ამის გარკვევა აშშ-ში მოღვაწე პროფესორ დოდონა კიზირიასთან ვცადეთ.
- პირველყოვლისა, მე არ დამიწერია და არც ვიკადრებდი დამეწერა, რომ ლევან აბაშიძე აფხაზეთში "კაიფისთვის" წავიდა. ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ არსებობს. მე გამოვეხმაურე კომენტარს, რომელიც მოთავსებული იყო ლევან აბაშიძის პორტრეტის ქვეშ - "უგენიალურესი მსახიობი" და დავწერე, რომ ასეთი შეფასება ნამდვილად გადამეტებულია.
მესმის, რომ ეს ალბათ ლევან აბაშიძის მეგობრის ემოციური სიტყვებია და ერთგვარი პოეტური გაზვიადება. უბედურებაც იმაშია, რომ ლევანი ვერ მოესწრო გაზრდილიყო პროფესიულად, ეთამაშა სხვადასხვა როლები და ვინ იცის, ეგებ როდისმე მართლაც დაემსახურებინა ამგვარი შეფასება. ამისთვის ყველა მონაცემები ჰქონდა უაღრესად მომხიბვლელი გარეგნობა და საკმარისი ნიჭიც.
მისი აფხაზეთში წასვლა, მჯერა, პატრიოტული გრძნობებით იყო შთაგონებული, მაგრამ ამავე დროს იმითაც, რომ იქ ნარკოტიკების შოვნა ძალიან ადვილი იყო. ამას ბევრი სხვაც აკეთებდა იმ დროს. გეხსომებათ, ჯაბა იოსელიანის "გმირები" ინტერვიუსაც კი იძლეოდნენ ნარკოტიკით გაბრუებულ მდგომარეობაში. ძალიან კარგად მახსოვს რამდენიმე ასეთი კლიპი, რომლებიც საქართველოს ტელეარხებით გადაიცემოდა.
აფხაზეთის ომის დროს ლევანი უკვე სერიოზულად იყო ნარკოტიკებზე დამოკიდებული. ამაზე ვლაპარაკობ დიდი წუხილით და არა გესლით ან ნიშნის მოგებით. 90-იანი წლები ამ მხრივ საშინელი პერიოდი იყო, თითქოს და სრულიად უიმედო და შავბნელი. ალბათ ამიტომაც ბევრი ქართველი ახალგაზრდა გახდა ამ სენის მსხვერპლი ჩვენდა საუბედუროდ. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის უდიდესი დანაკარგია.
ის, რომ ლევანი სერიოზულად განარკომანებული იყო, გულისტკივილით დამიდასტურა ქალმა, რომელიც მას კარგად და ახლოს იცნობდა. აი, ეს იყო სულ. თუ ვინმემ ჩემი სიტყვები ცუდად გაიგო და მათში ლევანის მიმართ აგდებული დამოკიდებულება დაინახა, ეს მათი პრობლემაა.
ნანა შონია, მსახიობი:
- დიდი სისულელეა იმის ლაპარაკი, რომ თითქოს ლევან აბაშიძე ნარკოტიკებზე იყო "შემჯდარი". როგორ შეიძლება ამგვარი კომენტარების კეთება, როცა ასეთი ოქროსავით ბიჭი დაიღუპა. ასეც რომ ყოფილიყო, რა უბედურებაა მაგაზე ლაპარაკი?! ზუსტად იმ პერიოდში მქონდა ლევანთან ურთიერთობა და კატეგორიულად ვუარყოფ, მის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. იშვიათად მიჩნდება ვინმეს მიმართ აგრესია, მაგრამ ახლა ძალიან ავღელდი, ცოტაც და ავტირდები. ლევანი ჩვენი დროის ვარსკვლავი იყო! დიდი მსახიობი იყო და კიდევ უფრო დიდი გახდებოდა, რომ დასცლოდა! ჩვენ ყველამ უნდა დავაფასოთ მისი ნაბიჯი, ის სამშობლოს შეეწირა! ზუსტად ვიცი როგორ ეუბნებოდა დედამისს ჩემი მეგორებიდან ყველა წავიდა ომში და მე აქ როგორ გავჩერდეო?! დედამისმა ვერაფრით დააკავა... ყოვლად დაუშვებელია ლევანზე მსგავსი სისულელების თქმა!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)