"დღეს რა საშინელებაც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?!" - კვირის პალიტრა

"დღეს რა საშინელებაც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?!"

მას შემდეგ, რაც რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ეგვიპტეში ჩამოვარდნას ტერორისტულია აქტის კვალიფიკაცია მიეცა და ტერორისტებმა საფრანგეთში ტერაქტების მთელი სერია მოაწყვეს, ჩვენში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1983 წლის ნოემბერი, როდესაც 7 ქართველმა ახალგზარდამ, საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით, თვითმფრინავის გატაცება სცადა.

გმირები თუ ტერორისტები? -  ასე საკითხი ჩვენში  აქამდეც არაერთხელ დაისვა, ამჯერად ეს საკითხი კიდევ ერთხელ იქცა სოციალურ ქსელში განხილვის თემად. ჟურნალისტმა და იუმორისტმა ბაკურ სვანიძემ "ფეისბუკის" გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის ფრაგმენტსაც გთავაზობთ: "სამარცხვინოა, როდესაც საზოგადოება გაცხარებული კამათობს თემაზე - სამოქალაქო მგზავრებით სავსე თვითმფრინავის გატაცება არის თუ არა ტერორისტული აქტი! არადა, ამ ტერაქტს საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე "რომანტიკად" ასაღებს! ნაძირლობაა, როდესაც ტერორისტებს უწოდებენ "გმირებს"! ხაზს ვუსვამ - არ ვმსჯელობ თემებზე: მღვდელი იყო თუ არა დამნაშავე, უნდა მიესაჯათ თუ არა დახვრეტა, მოკლეს თუ არა სტიუარდესა... დამამცირებლად ექცეოდნენ თუ არა მგზავრებს და ა.შ... მე ვამბობ მხოლოდ იმ აქსიომას, რომ სამოქალაქო თვითმფრინავის გატაცება, აუცილებლად არის ტერორისტული აქტი! მიუხედავად იმისა, რას აპროტესტებ - საბჭოთა რეჟიმს თუ მეფის რუსეთს!.." (იხილეთ)

ბასა ფოცხიშვილი, რეჟისორი:

- ეს ტერორისტული აქტი არ ყოფილა, ეს მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო! მე, დღესაც ქედს ვიხრი თვითმფრინავზე შტურმისას დაღუპული გოგოს წინაშე, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ბიჭები ვინმეს ცუდად მოექცნენ... როგორც ვიცი, საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით გარედან დაცხილეს თვითმფრინავი და ადამიანები სწორედ ამ დროს დაიღუპნენ. დღემდე არავის უთქვამს, რომ ბიჭებმა ვინმე მოკლეს. ეს იყო ამბოხი იმ საშინელი სისტემის მიმართ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ძალიან კარგად ვიცნობდი მათ და თითოეული უკიდეგანოდ განათლებული, ჰუმანური და გამორჩეულად კულტურული ადამიანი იყო. დღეს რა საშინელი ტერორისტული აქტებიც ხდება, როგორ შეიძლება ამასთან თვითმფრინავის ბიჭების დაკავშირება?! ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი უზნეობაა ვფიქრობ, რომ საქმეში ნაკლებად ჩახედული ადამიანები ფიქრობენ ასე!

მიშა კობახიძე, თითმფრინავის ბიჭებიდან ერთ - ერთის, უნიჭიერესი მსახიობის გეგა კობახიძის მამა:

- ეს იყო გაქცევა იმ საშინელი რეალობიდან, რასაც საბჭოთა კავშირი ერქვა. არანაირი ტერორი ეგ არ იყო, მაგრამ დღევანდელ მძიმე სიტუაციაში ვიღაც ალბათ სხვანაირადაც ფიქრობს...

აქვე გთავაზობთ ტერორიზმის განმარტებას:

ტერორიზმი - ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა, შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.

(იხილეთ ასევე:  "შევარდნაძის დავალება იყო, დაჭრილი "თვითმფრინავის ბიჭები" აუცილებლად გადამერჩინა")

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)