ქართველი მუსლიმები აჭარიდან - "საქართველოსთვის შევაკვდებით ყველას"
"მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია ჩემთვის, რადგან ასე გამზარდეს შინ, სკოლაში. როგორ ფიქრობთ, თურქეთში ან სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში სასწავლებლად წაყვანილ ბავშვებს ასწავლიან, რომ საქართველო უნდა იყოს მათი საფიცარი?"
რატომ აშფოთებთ ქართველ მუსლიმებს უცხოელი რელიგიური ემისრების გააქტიურება
"მუსლიმების 600-კაციან ქორწილში ვიყავი, სადაც პატრიარქის სადღეგრძელო დალიეს, "ჩვენი პატრონიაო"
მიმდინარე საუკუნის დასაწყისიდან აჭარაში, კერძოდ, მაღალმთიან სოფლებში განსაკუთრებით გააქტიურდნენ უცხოელი რელიგიური ემისრები. აქტიურობამ პიკს 2010 წლისთვის მიაღწია, როდესაც აჭარაში მეჩეთების, ჯამეების და მედრესეების რეკორდული რაოდენობა აშენდა.
რა ხდება მედრესეებში?!
ხულოელი ქეთევან ანთიძე ამბობს, რომ ბოლო დროს ახალი ტენდენცია გაჩნდა: "ჩემმა ახლობელმა ხულოს ცენტრში სახლი გაყიდა. ეგონა, რომ მედრესეს მიჰყიდა. გადაფორმების დროს აღმოჩნდა, რომ ახალი მეპატრონე თურქეთის მოქალაქეა. ის კაცი პირადად არ გამოვიდა კონტაქტზე, მედრესეს ამოეფარა. არ უნდა დავეჭვდე, რატომ მოდის, რა ინტერესები აქვს ჩემს მიწაზე, რის თავშესაფრად იქცევა ის სახლი ამ უკუღმართ დროში?
თურქები ძალიან ბევრი ფულით მოდიან. არათუ მუსლიმურ სალოცავებს და სასწავლებლებს აშენებენ, აჭმევენ მშიერ ხალხს. მათი შვილები სასწავლებლად მიჰყავთ, გაჭირვებულ ოჯახსაც მეტი რა უნდა?!.
ხალხი მიტოვებული იყო და არის. სახელმწიფომ განსაკუთრებით უნდა იზრუნოს მთიანი აჭარის მოსახლეობის დანარჩენ საზოგადოებასთან ინტეგრაციაზე. თუ ასე არ მოხდა, ჯერ ხალხს დავკარგავთ და შემდეგ მიწას. არ ვიცი, ჩვენს ბავშვებს თურქეთში რას ასწავლიან, მაგრამ ვიცი, აქ გახსნილ მედრესეებში რა ხდება - ეს ულიცენზიო სასწავლებლები მხოლოდ რელიგიური მიმართულებით მუშაობენ. აქ არ ასწავლიან საქართველოს ისტორიას, სამშობლოს სიყვარულს, იმას, რომ აჭარა უძველესი საქართველოა. ზოგიერთ მედრესეში ყურანიდან ამოგლეჯილად, დამახინჯებული სურებით (თავები ყურანში) სიძულვილსაც კი ასწავლიან. არადა, აჭარელ მუსლიმს უყვარს ყველა ქართველი და საქართველო. ცოტა ხნის წინ მუსლიმების 600-კაციან ქორწილში ვიყავი, სადაც პატრიარქის სადღეგრძელო დალიეს, "ჩვენი პატრონიაო".
"მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია"
ფერიდე შუახნის ქალია. ხულოს რაიონის მცხოვრები. მუსლიმია. მისი მამა-პაპა ამ სჯულს მისდევდა და ქალიც მუჰამედს სცემს თაყვანს, თუმცა, ეს სულ არ უშლის ხელს, ქრისტიანი ქმარი ჰყავდეს და ქრისტიან შვილებს ზრდიდეს. ღმერთი ერთია, ვისაც რა უნდა, ის დაარქვას, მთავარია გწამდეს, რომ მოწყალეა, ამბობს ფერიდე. მას ეშინია ვინაობის დაკონკრეტების. იმიტომ კი არა, რომ მოლა ან ხოჯა შერისხავს, "ჩვენებური ბიჭები ტელევიზიით თავების დაჭრით რომ დაგვემუქრნენ, შევშინდი ჩემი შვილების და ქმრის გამოო."
"ჩემი უფროსი ბიჭის მეგობარი, ხელმოკლე ოჯახის შვილი, რამდენიმე წლის წინ თურქებმა სხვა ბავშვებთან ერთად წაიყვანეს სტამბოლში. იქ სწავლობდა რამდენიმე წელი. შეიცვალა - ჩაიკეტა, გაცივდა. დაბრუნდა და თითქოს ადგილს ვერ პოულობდა, ძველ მეგობრებთან ვერ ურთიერთობდა. მუსლიმებს ეჩხუბებოდა ხშირად. ისევ ჩემმა შვილმა იმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბიჭი ქრისტიანია, ეტყობა, ბავშვობის სიყვარულმა თავისი ქნა. ჩვილი რომ იყო, დედა ავად ჰყავდა და მე ვაწოვებდი ძუძუს. ეტყობა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახდენდა გავლენას მასზე და გული გაუხსნა ჩემს ვაჟს. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ თურქეთში სწავლისას ინტერნეტით გააბეს მასთან ურთიერთობა ექსტრემისტული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ისინი უმღვრევდნენ ტვინს, ეუბნებოდნენ, რომ ქართველი მუსლიმები დამახინჯებულად ადიდებენ ალაჰს. ბევრი ფულის სანაცვლოდ სადღაც წასვლას და საბრძოლო რაზმში ჩაწერას სთავაზობდნენ. დიდი ძალისხმევა დასჭირდა სამეგობროს ამ ბიჭის გადასარჩენად. სხვებიც გადაარჩინეს, მაგრამ ასეთი ენთუზიასტების იმედზე არ უნდა იყოს სახელმწიფო. თურქეთში მიჰყავდათ და მიჰყავთ ისინი, ვინც ღარიბი ოჯახიდან არის და სწავლის ფულის გადახდა არ შეუძლია. რა მოხდება, საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა ითავონ მათი პატრონობა. ასე ხომ სახელმწიფო უამრავ საფრთხეს აირიდებს და ბავშვებსაც გადაარჩენს.
მე მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველი, ალაჰის მწამს, მაგრამ საქართველოს მიწა შეუფასებელია ჩემთვის, რადგან ასე გამზარდეს შინ, სკოლაში. როგორ ფიქრობთ, თურქეთში ან სხვა მუსლიმანურ ქვეყნებში სასწავლებლად წაყვანილ ბავშვებს ასწავლიან, რომ საქართველო უნდა იყოს მათი საფიცარი?"
"ასეთი ადამიანები საფრთხეს გვიქმნიან პირველ რიგში მუსლიმებს"
თამაზ მიქელაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც თურქეთში მიიღო განათლება. მიიჩნევს, რომ თურქეთში ვაჰაბიზმის გავლენა არ იგრძნობა, რადგან ყველა ექსტრემისტული რელიგიური მიმართულება იკრძალება:
"იქ უფრო მოწესრიგებულია ტრადიციული ისლამი, ამიტომაც მგონია, რომ ექსტრემისტებმა ჩვენთან ჩრდილოეთიდან მოიკიდეს ფეხი. ის, რაც ვიდეომუქარის სახით ვნახე, სარფიდან შემოსულ პრობლემას არ ჰგავს. ასეთი ადამიანები საფრთხეს გვიქმნიან პირველ რიგში მუსლიმებს. მათ ბევრი მუსლიმი დახოცეს, ამასთან სახელს უტეხენ ჩვენს სჯულს. მათი საშუალებით აშკარად ვიღაც ცდილობს, ისლამის მიმართ ფობია გააჩინოს. ჩემს სჯულს თუ ვინმე შეურაცხყოფს, მე დაცვას შევეცდები, ამ მცდელობისას კონფლიქტია მოსალოდნელი, ასეთი კონფლიქტი შესაძლოა იყოს ბევრი და ძალიან ცუდ რამედ იქცეს. ვიღაც შეგნებულად ცდილობს ამას.
ვაჰაბიტი არ ეძებს ქრისტიანს, რომ გაამუსლიმანოს. მათი სამიზნეები არიან ის მუსლიმები, ვინც დაუცველად გრძნობენ თავს, ადგილი ვერ იპოვეს და სურთ საძმოს შეაფარონ თავი. მას თავს აფარებენ ძირითადად ჩამოუყალიბებელი, შეუმდგარი ადამიანები. შემდეგ კი მათ უსასტიკეს არსებად აქცევენ. საბედნიეროდ, ჩვენთან ჯერ ასეთები მრავლად არ არიან, მაგრამ ჭირი იოლად მრავლდება. აჭარას მართლაც შემოეჩვივნენ უცხოელი ემისრები. აჭარას პატრონი სჭირდება.
ახლა ბევრი დაბნეულია და თავს იკავებენ თურქეთში ბავშვების გაშვებაზე. ეშინიათ, რომ იქიდან ტერორისტები დაუბრუნდებათ, ან საერთოდ არ დაბრუნდებიან. სამწუხაროდ, აჭარლების მიმართ არსებობს დამოკიდებულება, რომელიც ძალიან ჰგავს იმ მშობლის ამბავს, შვილს რომ დაკარგავს, დიდი ხნის შემდეგ იპოვის ტალახში და ეჩხუბება, რას ჰგავხარო. გაწმინდე, შე დალოცვილო... არავის ჰქონდეს იმის იმედი ან შიში, რომ დღეს ვინმემ საქართველოს დასაპყრობად გადმოდგას ერთი ნაბიჯი და ჩვენ, მუსლიმმა ქართველებმა, უკან დავიხიოთ. საქართველოსთვის შევაკვდებით ყველას, ვინც უნდა იყოს, მაგრამ საქართველოსაც უნდა ახსოვდეს, რომ აჭარელს მხოლოდ ქართველის ნათქვამი - თათარო - კლავს და არა თათრის ნასროლი ტყვია".
გაუცხოების პრობლემა
ვლადიმერ ნარსია, თეოლოგი:
- გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში ნაციონალიზმი და რელიგიური ნარატივი ერთმანეთთან გაიგივდა, ანუ ქართველი და მართლმადიდებელი გახდა ერთი და იგივე. თითქოს სხვას ქართველობის უფლება არ ჰქონდა. ასეთი მიდგომა არსებობს დღემდე და შექმნა გაუცხოების პრობლემა. ხელი შეეშალა განსხვავებული რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების ერთიან ნაციონალურ სხეულში უმრავლესობასთან ინტეგრაციის პროცესს. ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია სწორი, კარგი რელიგიური განათლებით. უნდა დაწყებულიყო დისკუსიები ამ თემებზე, რათა ადამიანებს მისცემოდათ საშუალება, თანაბრად გასცნობოდნენ სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს და მოეძებნათ საერთო მათ შორის, რაც იძლევა კულტურის ენაზე ცივილიზაციებს შორის დიალოგის საშუალებას.
ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო აჭარაში. მთის სოფლების ხალხი სწორედ გაუცხოების გამო გარიყულად გრძნობდნენ თავს და როგორც კი ყურისძირში მდებარე თურქეთთან კონტაქტის საშუალება მიეცათ, ამ მიმართულებით წავიდნენ. შესაბამისად გაჩნდა მათი თურქ საზოგადოებასთან ინტეგრირების საფრთხე.
ეს არ არის ამ ხალხის შეცდომა და მით უფრო დანაშაული. ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფოს პრობლემა. ბავშვები სასწავლო პროგრამებს სკოლებში უნდა გადიოდნენ და მხოლოდ მედრესეებში მიღებული რელიგიური ცოდნის ამარა არ უნდა რჩებოდნენ. მათ უნდა ვასწავლოთ იმ ქვეყნის ისტორია, კულტურა, ლიტერატურა, რომლის მოქალაქეებიც არიან. ისინი უნდა მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში. სხვანაირად მათ დავკარგავთ, რადგან ვინც მხოლოდ ისლამს სწავლობს, იცის მხოლოდ ისლამის ენა და რთულია ჩვენს საერთო ენაზე ეკონტაქტო. ბავშვმა, თუ არ იცის, რომ ჩვენი ყველა წინაპარი ერთად ქმნიდა ქართულ კულტურას, რომ ჩვენ ყველა ერთ, ქართულ ენაზე ვმეტყველებთ, ის ვერ იგრძნობს თავს ამ ქვეყნის შვილად. სულიერი ლიდერების დისკუსიები უნდა გაიმართოს. პირველ რიგში ისინი უნდა შეეცადონ დაახლოებას და საერთო ენის გამონახვას. ისინი სამაგალითო არიან მრევლისთვის, ქარიზმატული ძალა აქვთ. ამიტომაც ამ ტიპის დიალოგები ძალიან კარგისკენ წააქეზებს ჩვენს საზოგადოებას და სწორ გზაზე დაგვაყენებს.