"დანაშაულია ამ ასაკში გოგოს გათხოვება" - რას ამბობენ ისინი, ვინც ნაადრევად დაქორწინდნენ?
"ნაადრევი ქორწინება კანონით არ უნდა აკრძალულიყო. სიყვარულს ვერანაირი კანონი ვერ შეაჩერებს"
საქართველოში ნაადრევი ქორწინებების რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა... ცოტა ხნის წინ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინებაზე თანხმობის უფლება აღარ ექნებათ მშობლებს და საკითხი მხოლოდ სასამართლოს კომპეტენცია გახდება.
ეს საკითხი მეტად აქტუალური გახდა საზოგადოებაში. ჩვენ იმ ცნობილ ქალბატონებს დავუკავშირდეთ, რომლებიც ნაადრევად დაქორწინდნენ.
ნინა წკრიალაშვილი: - 17 წლის გავთხოვდი. ერთადერთი დადებითი მხარე, რაც ნაადრევ ქორწინებას ახლავს არის ის, რომ 18 წლის შვილი მყავს... სხვა მხრივ, ამას კარგი არაფერი მოაქვს. მეტიც, ვფიქრობ, დანაშაულია ამ ასაკში გოგოს გათხოვება.
- წყვილს თუ ერთმანეთი ძალიან უყვარს...
- წყვილს თუ ერთმანეთი უყვარს, მშობლებმა არ უნდა შეუშალონ ხელი ქორწინებამდე ურთიერთობაში. როდესაც მოზარდს რაღაცას უკრძალავ, უკურეაქციას იწვევს...
- ანუ ახალი კანონი მოგწონთ?
- ძალიან მომწონს და სულაც არ ვფიქრობ, რომ სხვა რომელიმე კანონზე ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს იქნება კანონი, რომელიც დაიცავს მოზარდებს სტრესისგან, გამოწვეულს ნაადრევი ქორწინებით. დაეხმარება მათ ისწავლონ, იმუშაონ, დასახონ მომავლის მიზნები. ეს კანონი დაეხმარება ახალ თაობას სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები. მოაზროვნე თაობა კი ქმნის იმ ქვეყანას, რომელიც პირადად მე მომეწონებოდა.
ლალი მოროშკინა: - ძალიან ადრეულ ასაკში დავქორწინდი. მე 15 წლის ვიყავი, მეუღლე 17-ის. ამას თავის დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს... 7 წელი ერთად ვიყავით, ძალიან ბედნიერი ოჯახი გვქონდა, შემდეგ დავიშალეთ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... არ მგონია, რომ მხოლოდ ასაკის ბრალი იყოს ოჯახის დანგრევა. ნაადრევი ქორწინება კანონით არ უნდა აკრძალულიყო. სიყვარულს ვერანაირი კანონი ვერ შეაჩერებს. თუ 17 წლის ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვართ, ამაში პათოლოგიას და გადახრას ვერ ვხედავ. მით უმეტეს, რომ ჩვენთან ძალიან ადრე მწიფდებიან ახალგაზრდები. სიყვარული ბუნებრივი პროცესია და არ არის საჭირო კანონებით ჩარევა! ვფიქრობ, ახალი კანონი საქართველოს იმ რაიონებისთვის არის შემოღებული, სადაც გოგონებს 13 წლის ასაკში იძულებით ათხოვებენ. ეს უფრო მუსულმანურ ნაწილში ხდება. იქ აკვანში დანიშვნაც ხდება, შემდეგ იზრდებიან, ერთმანეთი აღარ უნდათ და დიდ პრობლემებს აწყდებიან... ძალადობა სულ სხვა რამეა, სისხლის სამართლის დანაშაულია და მოძალადე უნდა ისჯებოდეს!
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)