"ვხედავდი, მამაჩემი ძალიან მძიმედ იყო, ექიმი კი მიმტკიცებდა, არაფერი სჭირს, გრიპი აქვს და გაუვლისო"
არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის გამო ლამის სიკვდილის პირამდე მიყვანილი კიდევ ერთი პაციენტი
"მამა ფაქტობრივად, ვერ მცნობდა, ექიმი კი მეუბნებოდა, დამამშვიდებელი მივეცი და ეს ჩვეულებრივი მომენტიაო"
არასწორი მკურნალობის გამო 60 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტის ახლობლები "ჯეოჰოსპიტალს" არასწორი დიაგნოზის დასმაში ადანაშაულებენ. მწვავე ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულ ალეკო კობახიძეს ზესტაფონის საავადმყოფოში გრიპის დიაგნოზი დაუსვეს და ფსიქოტროპული წამლებით უმკურნალეს. დაზარალებულის შვილი "პალიტრანიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მამამისის მკურნალობა არასწორად წარიმართა, რის გამოც ავადმყოფი ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაშია.
გიორგი კობახიძის განცხადებით, ზესტაფონში მამამისს სისხლის საერთო ანალიზი ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაუკეთეს. ალეკო კობახიძე ოჯახმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმოიყვანა, სადაც მედიკოსებმა მწვავე მენინგიტი დაუდგინეს. თბილისელი ექიმების პროგნოზით, დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის გამო, მას გადარჩენის შანსი მხოლოდ 20 % აქვს.
გიორგი კობახიძე, დაზარალებულის შვილი:
"ექიმმა მაკა ფერაძემ მითხრა, მამაშენის მდგომარეობა სავარაუდოდ, დიაბეტით არის გამოწვეულიო. რომ ვეკითხებოდი, სულ სიცხე რატომ აქვს-მეთქი? მპასუხობდა, - გაცივებულიაო. მამა ფაქტობრივად, ვერ მცნობდა, ექიმი კი მეუბნებოდა, დამამშვიდებელი მივეცი და ეს ჩვეულებრივი მომენტიაო. ვთხოვე, ინტენსიურში მაინც გადაიყვანეთ, დაკვირვების ქვეშ იყოს, რომ ყველაფერი გამოვრიცხოთ-მეთქი, მან კი მიპასუხა, - არ ვთვლი საჭიროდო. შემდეგ ვიკამათეთ, ვხედავდი, მამაჩემი ძალიან მძიმედ იყო, ქალბატონი კი მიმტკიცებდა, არაფერი სჭირს, უბრალოდ გრიპი აქვს და გაუვლისო. როგორც კი თბილისიდან სასწრაფო დამხარების ბრიგადა ჩამოვიდა და თბილისდან ჩამოსულმა ექიმმა მამაჩემი ამ მდგომარეობაში ნახა, მაშინვე მითხრა, ან მწვავე ინსულტი აქვს, ან მწვავე მენინგიტიო".
"პალიტრანიუსი" რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ზესტაფონში ალეკო კობახიძის მკურნალ ექიმთან, მაკა ფერაძეასთან დაკავშირებას, თუმცა, ის კომენტარისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
მომხდარზე კომენტარი ზესტაფონის "ჯეოჰოსპიტალის" მთავარმა ექიმმა გიორგი კუხიანიძემ გააკეთა: "საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ, პაციენტს ცერებროვასკულარული დიაგნოზი დავუსვით. თუ დიაგნოზი ეჭვის საფუძველს იძლევა, მზად ვართ, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩატარდეს და მათთან ვითანამშრომლოთ". 60 წლის ალეკო კობახიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს - თავის ტვინის შეშუპება, ბაქტერიული მენინგოენცეფალიტი, სუნთქვის მწევავე უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი.