"ჩემი მიზანი გემის კაპიტნობაა" (ექსკლუზივი)
"მიხარია, რომ ოცნებასთან მიახლოება შევძელი"
"თუ მეზღვაურების ცოლები ჩემზე ეჭვიანობენ, გამოდის, სულ ტყუილად... ყველას ვურჩევ, ამგვარი ფიქრით ნერვები არ გაიფუჭოს"
საზოგადოებამ, ალბათ, არ იცის, რომ საქართველოში კაპიტნობაზე მეოცნებე გოგონა გვყავს, პირველი მეზღვაური ქალი, რომელიც გერმანული კომპანიის კუთვნილ კონტეინერმზიდზე მესამე თანაშემწედ მუშაობს. 23 წლის ნათია ლაბაძე უკვე შორეულ ნაოსნობაშია. როგორ მოირგო ქალმა ასეთი რთული პროფესია, რაც მამაკაცებისთვისაც კი არ არის იოლი? ნათიას მექსიკაში დავუკავშირდით.
ნათია ლაბაძე: - ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა მეზღვაურობასა და მოგზაურობაზე ვოცნებობდი.
ერთ დღესაც გამოვაცხადე, მეზღვაურობა მინდა-მეთქი. დედას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, სხვებმა კი დამცინეს.
ოჯახში ყველა მამაკაცი მეზღვაურია, ძმაც, მამაც, ბიძაც და ბებიის ძმებიც მეზღვაურები იყვნენ, მაგრამ ქალი მეზღვაური?! რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მამამ მხარი დამიჭირა, სხვები კი ფიქრობდნენ, გაიზრდება და ეს აკვიატებული იდეაც დაავიწყდებაო. ასე არ მოხდა. ეროვნული გამოცდების ჩაბარების დროს უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალში საზღვაო აკადემიაც შემოვხაზე და გამიმართლა, რომ ამ აკადემიის სტუდენტი გავხდი. ვცდილობდი მამაკაცებს არაფრით ჩამოვრჩენოდი.
- სპეციალობით გემთწამყვანი ხარ...
- დიახ, თუმცა ასეთი დიპლომით უცბად კაპიტნობას ვერ შეძლებ. ამას გამოცდილება და ეტაპობრივი წინსვლა სჭირდება. ბევრს გაუკვირდა, როცა შორეულ ნაოსნობაში წავედი. მიხარია, რომ ოცნებასთან მიახლოება შევძელი.
მე ვიქნები პირველი კაპიტანი ქალი, რომელიც საქართველოს საზღვაო ისტორიაში ჩაიწერება.
შორეულ ნაოსნობაში ყოფნისას თავი გამოვიჩინე და დამაწინაურეს. ახლა გემზე მთავარი მენეჯმენტის წევრი, კაპიტნის მესამე თანაშემწე ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი კაპიტნობაა.
ჩვენს გემზე ქართველი მხოლოდ მე ვარ. კონტეინერმზიდია და სხვადასხვა პორტში 7 000 კონტეინერი გადააქვს. ეს გემი გერმანული კომპანიისაა და პანამის დროშით დაცურავს. ყველა მეხმარება, მასწავლის, გამოცდილებას მიზიარებს. ეს პროფესია კაცისთვისაც რთულია, მაგრამ თუ ზღვა გიყვარს და შენი სამსახური სიამოვნებას განიჭებს, ყველაფერი იოლდება.
- და მაინც, 5 თვე ზღვასა და ოკეანეში ყოფნა ძნელი არ არის?
- აქ ისეთი სილამაზეა... დელფინი, ვეშაპი, კუ, მფრინავი თევზი, ზღვის ლომი. ერთხელ, ღამით, გემის ირგვლივ ზღვა ისეთი განათებული იყო, იმდენი პლანქტონი დაცურავდა, მეგონა, ვარსკვლავები ოკეანეში ჩაცვივდნენ-მეთქი. ეს ულამაზესი სანახაობა იყო... უკვე არაერთი ქვეყანა მოვიარე: მექსიკა, ჩილე, პერუ, ჩინეთი, იაპონია, ტაივანი, სამხრეთ კორეაშიც კი ვიყავი. კეელუნგი ძალიან საინტერესო ქალაქია. მექსიკაში შემთხვევით კარნავალზეც კი მოვხვდი და ძალიან ვისიამოვნე. მოკლედ, საქმესთან ერთად ყველაფერს ვასწრებ.
- ბევრს ჰგონია, რომ მეზღვაურები მიწას თვეობით ვერ ხედავენ...
- არ არის ასე, პორტებში გემი ზოგჯერ რამდენიმე კვირაც ჩერდება...
- ალბათ, მეზღვაურების ცოლები შენზე ეჭვიანობენ...
- სულ ტყუილად... ყველას ვურჩევ, ამგვარი ფიქრით ნერვები არ გაიფუჭოს.
- კიდევ რამდენი ხნით აპირებ შორეულ ნაოსნობაში ყოფნას?
- უკვე 5 თვე გავიდა, წამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ რადგან დაწინაურება შემომთავაზეს, დავრჩი. ალბათ, 2 თვეში ჩამოვალ, შემდეგ ისევ წავალ...
სხვათა შორის, ჰოროსკოპით ღრიანკალი ვარ, რაც წყლის ნიშანია. ალბათ, ამიტომაც არ მიჭირს ზღვაში ყოფნა. ამასთან, მაიმუნის წელში ვარ დაბადებული და ახლა ჩემი წელი მოდის. ვიმედოვნებ, ის ჩემთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
- დაბადების დღეს გემზე შეხვდი?
- 23 წლის იუბილე აქ გადამიხადეს, სახელდახელოდ გამომცხვარი ტორტი მომართვეს, სანთლები ჩავაქრე. მათ ეს დღე სიმღერებით გამილამაზეს.
- ახალ წელს სად ან როგორ შეხვდებით?
- გენიოსები ამბობენ, რომ შემთხვევითობა ყველაზე გენიალური რამ არის. არც კი ვიცით, ახალ წელს სად ვიქნებით, რომელი ქვეყნისკენ ავიღებთ გეზს, ჯერ დაგეგმილი არა გვაქვს. მგონი, ეს უფრო საინტერესოა. აუცილებლად გვექნება ნაძვის ხე, რომელსაც მოვრთავთ და გავალამაზებთ, ასევე, გემრიელი ნუგბარი და საუკეთესო განწყობა.
- საქართველო არ მოგენატრა?
- როგორ არა! განსაკუთრებით ბათუმის ქუჩები და წვიმიანი ამინდი.
თქვენი გაზეთის მეშვეობით ჩემს მშობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს მოკითხვას შემოვუთვლი, გავამხნევებ და ვეტყვი, რომ კარგად ვარ და მალე დავბრუნდები!
ყველაზე პოპულარული მეზღვაური ქალი
მსოფლიოში რამდენიმე მეზღვაურ ქალს შორის ყველაზე ცნობილია ქეით მაქიუა - კალიფორნიის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული. კაპიტან მაქიუს აქვს 15-წლიანი გამოცდილება საზღვაო სფეროში, ძირითადად, გემის ლოჯისტიკის მიმართულებით. უმოგზაურია მთელ ევროპაში, აზიაში, ავსტრალიაში, პანამის არხსა თუ ალასკაზე. ქეითი ხშირად მონაწილეობს ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში და პოპულარობითაც სარგებლობს.